სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია საკონსტიტუციო სასამართლოში ბაჩანა შენგელიას ინტერესებს დაიცავს

2020-07-06 10:56
Featured image

საია-მ ბაჩანა შენგელიას სახელით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, 24 ივნისს, ნოტარიუს ბაჩანა შენგელიას მიმართ საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ დისციპლინური წარმოება დაიწყო. დისციპლინურ წარმოებას საფუძველად დაედო ბაჩანა შენგელიას მიერ პირად facebook-ზე გამოხატული მოსაზრებები, რაც გენერალური ინსპექციის შეფასებით, წარმოადგენდა „მიკერძოებული პოლიტიკის საჯაროდ გამომჟღავნებას“ და ,,პოლიტიკურ შეფასებებს.“  

ნოტარიუსის მიერ პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დაცვას საქართველოს იუსტიციის მინისტრის #69 ბრძანება ადგენს. მასში 2020 წლის 22 მაისს განხორციელებული ცვლილებების თანახმად, ამ პრინციპის დარღვევა წარმოადგენს მძიმე დისციპლინურ გადაცდომას და ითვალისწინებს უფლებამოსილების შეჩერებას ერთი თვიდან 2 წლამდე ვადით. 

საია-ს შეფასებით, იუსტიციის მინისტრის აღნიშნული ბრძანება ახდენს გამოხატვის თავისუფლების შინაარსობრივ რეგულირებას. ბრძანების თანახმად, ნოტარიუსს ევალება პოლიტიკოსებთან და პოლიტიკურ საკითხებთან მიმართებაში მხოლოდ ნეიტრალური შინაარსის განცხადებების კეთება, ხოლო პოლიტიკური განცხადებების კეთება, მათ შორის პირად facebook გვერდზე აკრძალულია. აღნიშნული ნოტარიუსის გამოხატვის თავისუფლებაზე შინაარსობრივი შეზღუდვის დაწესებას წარმოადგენს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას. 

საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა დასაშვებია „მხოლოდ კანონის შესაბამისად.“ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით, მათ შორის, იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, დაუშვებელია გამოხატვის თავისუფლებაზე შინაარსობრივი შეზღუდვის დაწესება. მსგავსი შეზღუდვების დაწესების უფლებამოსილება მხოლოდ პარლამენტს გააჩნია[1]. საქართველოს იუსტიციის მინისტრის #69-ე ბრძანება შინაარსობრივი შეზღუდვების დაწესებით არღვევს არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნებს, არამედ საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილებასაც. ამის გამო საია ითხოვს განმწესრიგებელ სხდომაზე არსებითი განხილვის გარეშე გასაჩივრებული ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას.

გარდა ამისა, საიას სარჩელით წარდგენილი აქვს არგუმენტები, რომლითაც ამტკიცებს, რომ ნოტარიუსის ფეისბუქის პირად გვერდზე პოლიტიკური სიმპათიის ან ანტიპათიის გამოხატვის გამო ნოტარიუსის დასჯა არის არაპროპორციული ღონისძიება  და წარმოადგენს ნოტარიუსის, როგორც საქართველოს მოქალაქის პოლიტიკური გამოხატვის თავისუფლებაში მძიმე ფორმით ჩარევას. ასეთი ღონისძიება ვერ იქნება გამართლებული ვერცერთი ლეგიტიმური მიზნით. ამასთან სანქცია, რაც პოლიტიკური განცხადების გაკეთების შემთხვევაში ნოტარიუსს ეკისრება, არის არაადეკვატურად მკაცრი. პოლიტიკური განცხადების გაკეთება მიჩნეულია მძიმე ტიპის გადაცდომად და პირველივე შემთხვევაშიც კი ითვალისწინებს ნოტარიუსის უფლებამოსილების შეჩერებას. ამ მკაცრი ღონისძიების გამოყენებას წინ არ უძღვის გაფრთხილება ან საყვედური, რაც გათვალისწინებულია მსუბუქი და საშუალო დისციპლინური გადაცდომისათვის. 

 


[1] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2019 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილებით, (https://constcourt.ge/ka/judicial-acts?legal=1931) არაკონსტიტუციურად სცნო კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მიღებული დადგენილება, რომელიც გამოხატვის თავისუფლებაზე აწესებდა შინაარსობრივ შეზღუდვებს.