ამა წლის 4 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო
დადგენილება „სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნის შესახებ".რომელიც მიზნად ისახავს დღეს მოქმედი კონსტიტუციის გადასინჯვას (ძალაშია 9 ოქტომბრიდან). კომისიის თავმჯდომარედ დაინიშნა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი. დადგენილების მიხედვით, კომისიის შემადგენლობაში პოლიტიკოსებთან ერთად შევლენ საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების თავმჯდომარეები, ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეები, სახალხო დამცველი, იუსტიციის მინისტრი, პრეზიდენტისა და მთავრობის საპარლამენტო მდივნები, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, ასევე „სამართლის, საჯარო პოლიტიკისა და სახელმწიფო მართვის არაუმეტეს 20 ექსპერტ-სპეციალისტი, მათ შორის, ამავე სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი.“ კომისიამ კონსტიტუციური კანონის პროექტი საქართველოს პარლამენტს უნდა წარუდგინოს 2014 წლის 1 სექტემბრამდე. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიესალმება აღნიშნულ ინიციატივას. მოქმედ კონსტიტუციაში არაერთი ხარვეზია, რაც პირველ რიგში ხელისუფლების დანაწილების არსებულ მოდელს უკავშირდება. აღნიშნული ხარვეზების გამოსწორება უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, რომლის შედეგებიც თითოეული მოქალაქის ცხოვრებაზე და ქვეყნის მომავალზე აისახება.
კონსტიტუცია ისტორიული მნიშვნელობის გრძელვადიანი მიზნების მქონე დოკუმენტია, რომელშიც საზოგადოებები, მათ მიერ არჩეული წარმომადგენლების მეშვეობით, ფუნდამენტური მნიშვნელობის ფასეულობებს ასახავენ, და მათი დაცვის ვალდებულებას აკისრებენ როგორც მოქმედ ხელისუფლებებს, ასევე საკუთარ თავს და მომავალ თაობებსაც.
საქართველოს კონსტიტუციაში კი, მიღების დღიდან, 30-ჯერ შევიდა ცვლილება. სამწუხაროდ, ეს ცვლილებები უპირატესად ცალკეული პოლიტიკური ჯგუფების ვიწრო ინტერესებს უფრო პასუხობდა, ვიდრე ქვეყნის რეალურსაჭიროებებს. კონსტიტუციის მიმართ სახელმწიფო ინსტიტუტების ასეთმა დამოკიდებულებამ წლების მანძილზე საზოგადოებაში გარკვეული ნიჰილიზმი გააჩინა და კონსტიტუციის - როგორც ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტის მისია ეჭვის ქვეშ დააყენა.
გამოვთქვამთ იმედს, რომ კონსტიტუციის გადასინჯვის ახალ პროცესს მოქმედი ხელისუფლება და მასში მონაწილე სხვა სუბიექტები მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდებიან, გადაწყვეტილების მიღებისას კი მხოლოდ ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ინტერესებით იხელმძღვანელებენ.
ასევე გვსურს ხაზი გავუსვათ იმ გარემოებას, რომ დემოკრატიულ პოლიტიკურ სისტემაში კონსტიტუცია, მისი უმნიშვნელოვანესი როლის გათვალისწინებით, საზოგადოების მაქსიმალური კონსესუსის შედეგი უნდა იყოს. მხოლოდ ასე იქნება შესაძლებელი სტაბილური და მყარი, გრძელვადიანი მიზნების მქონე დოკუმენტის შექმნა. ამიტომაც მნიშვნელოვანია როგორი იქნება როგორც კონსტიტუციის გადასინჯვის პროცესის შედეგი, ასევე თავად პროცესი.
მისასალმებელია, რომ პარლამენტის დადგენილებით კომისია საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების წარმომადგენლებით იქნება დაკომპლექტებული, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებითაც.
ასევე მნიშვნელოვანი იქნება, რომ კონსტიტუციის გადასინჯვის პროცესში კომისიის წევრებთან ერთად შეძლებისდაგვარად უზრუნველყოფილ იქნასმოსახლეობის ფართო ფენების ჩართვა მათი ინფორმირების, საჯარო დისკუსიების გამართვისა თუ სხვა გზებით. ამავდროულად, გამჭვირვალე უნდა იყოს პროცესის ყველა ეტაპი, სახელწიფო საკონსტიტუციო კომისიის დებულების მიღების ჩათვლით.
აღნიშნული დებულების პროექტი, კომისიის შემადგენლობასთან ერთად, უახლოეს პერიოდში, კერძოდ, ერთი თვის ვადაში, კომისიის თავმჯდომარემ პარლამენტს დასამტკიცებლად უნდა წარუდგინოს. ეს დოკუმენტი მაღალი მნიშვნელობის მატარებელია, რამეთუ განსაზღვრავს კომისიის სტრუქტურას, საქმიანობის წესს, საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცედურებს, კომისიის მუშაობაში საზოგადოების ჩართულობის მექანიზმებსა და სხვა ორგანიზაციულ საკითხებს.
მიგვაჩნია, რომ აღნიშნული დოკუმენტის პარლამენტის მიერ დამტკიცებამდე სათანადო დისკუსიები უნდა გაიმართოს და დაინტერესებულ მხარეებს მოსაზრებების გამოთქმისა და გავლენის მოხდენის შესაძლებლობა უნდა მიეცეთ.
საია, ითვალისწინებს რა თავის მრავალწლიან გამოცდილებას კონსტიტუციურ სამართალშემოქმედებაში მონაწილეობის მიღების მიმართულებით, გამოთქვამს მზადყოფნას, მონაწილეობა მიიღოს როგორც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის დებულების შემუშავებაში ასევე კომისიის შემდგომმუშაობაში, ხელი შეუწყოს პროცესის გამჭვირვალობასა და საზოგადოებრივ კონსენსუსზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებას.