10 დეკემბერს აღინიშნება ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე. ეს თარიღი უკავშირდება 73 წლის წინანდელ ფაქტს, როდესაც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია მიიღო. საია ტრადიციულად წარმოადგენს მიმდინარე წლის განმავლობაში ადამიანის უფლებათა სფეროში იდენტიფიცირებულ ძირითად გამოწვევებს.
2021 წელი განსაკუთრებით მძიმე წელი იყო არაერთი მიმართულებით. პანდემიიდან გამომდინარე კიდევ უფრო დამძიმდა ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სხვადასხვა მოწყვლად ჯგუფებზე. სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ნაბიჯები კი წინა წლის მსგავსად არ აღმოჩნდა საკმარისი.
პანდემიის პერიოდში განსაკუთრებული სირთულეების წინაშე არიან სამედიცინო სექტორში, მომსახურების სფეროსა და მძიმე ინდუსტრიაში დასაქმებული პირები, როგორც მძიმე შრომითი პირობების, ასევე დაბალი შრომითი ანაზღაურების გათვალისწინებით. 2021 წელს დაფიქსირდა არაერთი გაფიცვა თუ სოციალური საპროტესტო აქცია, სადაც დასაქმებულები ითხოვდნენ ღირსეულ ანაზღაურებასა და საბაზისო შრომით უფლებებს.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, როგორც 2020, ასევე 2021 წლებში ქვეყანაში შეზღუდული იყო არაერთი ეკონომიკური საქმიანობა, რის გამოც საკმაოდ ბევრმა ადამიანმა შემოსავალი დაკარგა. ამან საფრთხის ქვეშ დააყენა მათ მიერ სასესხო და საკრედიტო ვალდებულებების ჯეროვნად შესრულების საკითხი. საბანკო დაწესებულებებმა ფიზიკურ პირებს საბანკო სესხებზე 3-თვიანი საშეღავათო პერიოდით სარგებლობის გამო სესხის ვადა გაუხანგრძლივეს, რამაც დარიცხული პროცენტის ზრდა გამოიწვია. შედეგად, მათ ყოველთვიურად იმაზე მეტი თანხის გადახდა უწევთ, ვიდრე შეზღუდვების ამოქმედებამდე.
პანდემიისას განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს ბავშვებისათვის სრულფასოვანი განათლების უფლების რეალიზების საკითხი. დისტანციურად წარმართული საგანმანათლებლო პროცესი სრულყოფილად ვერ ცვლის საკლასო ოთახში ჩატარებულ გაკვეთილებს, მითუფრო მაშინ, როდესაც ქვეყნის მოსახლეობის ნაწილი სოციალურად დაუცველია და არ აქვს წვდომა ინტერნეტზე ან შესაბამის ელექტრონულ მოწყობილობებზე.
2021 წელს დაფიქსირდა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის მძიმე შემთხვევები.ლგბტქი თემის წევრებისთვის კვლავ განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს გამოხატვის და შეკრების უფლებების პრაქტიკაში თავისუფლად რეალიზება. აგრეთვე, გაიზარდა მედიის წარმომადგენელთა პროფესიულ საქმიანობაში ჩარევისა და მათ მიმართ ძალადობის შემთხვევები. გარდა ამისა, ბოლო წლებში განხორციელებული თავდასხმები ძირითადად გამოუძიებელია. ამ გამოწვევათა კულმინაციის ნათელი მაგალითია თბილისში 2021 წლის 5 ივლისს მომხდარი მოვლენები. 5 ივლისს „ღირსების მარშის“ დაწყებამდე, დილიდან დაიგეგმა კონტრაქცია, სადაც ძალადობრივი ჯგუფის წევრები ათობით მედიის წარმომადგენელს დაესხნენ თავს. მიუხედავად ამისა, სახელმწიფომ არ უზრუნველყო ძალადობის შემთხვევებზე ეფექტიანი რეაგირება და მათი აღკვეთა. შედეგად, „თბილისი პრაიდი“ იძულებული გახდა, ღონისძიება გაეუქმებინა და ლგბტქი პირებს ფაქტობრივად წაერთვათ შეკრების თავისუფლებით სარგებლობის შესაძლებლობა,
მიმდინარე წელს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შევიდა ცვლილებები, რომლითაც გამკაცრდა სანქციები პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობაზე, ამასთან შემცირდა მოსამართლის როლი განსაზღვროს სანქციის ზომა ან გამოიყენოს სიტყვიერი შენიშვნა. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონმდებლობით დადგენილი საქმის განხილვის პროცედურული ნაწილი შესაბამისობაში არ არის მოყვანილი საქართველოს კონსტიტუციასა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებთან. ამგვარი ცვლილებები არის გაუმართლებელი და ზრდის ადამიანის უფლებებში არამართლზომიერი ჩარევის შესაძლებლობებს, რისი მაგალითებიც წლის განმავლობაში ვიხილეთ.
გარემოსდაცვითი კუთხით ქვეყანა კვლავ დგას მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე.განსაკუთრებით ყურადსაღებია მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების, მათ შორის, მსხვილი ენერგეტიკული პროექტების განხორცილების დროს ადამიანის უფლებათა გაუთვალისწინებლობა და მათი დარღვევის ფაქტები. ქვეყანას ამ ეტაპამდე არ გააჩნია ენერგეტიკის განვითარების გეგმა, რომლის მიხედვითაც უნდა ხდებოდეს მსგავსი პროექტების დაგეგმვა და განხორციელება. ამასთან, კვლავ პრობლემაა წიაღის მომპოვებელი კომპანიების საქმიანობის შედეგად ადგილობრივი მოსახლეობისათვის მიყენებული ზიანის სამართლიანი ანაზღაურების საკითხი, სახელმწიფოს მხრიდან ამ კომპანიების საქმიანობაზე არასათანადო ზედამხედველობა და ლიცენზიის პირობებთან მათი საქმიანობის შესაბამისობის შესწავლა.
სასამართლოს მიმართ არსებული დაბალი ნდობა, შერჩევითი და პოლიტიზირებული მართლმსაჯულების ნიშნები ხელს უწყობს პოლიტიკური კრიზისის გამწვავებას და ვითარების ესკალაციას. სასამართლოს სისტემაში კლანური მმართველობა კვლავ მთავარ პრობლემად რჩება. კლანის ძალაუფლების ძირითად ბერკეტს იუსტიციის საბჭო და სასამართლოს თავმჯდომარეები წარმოადგენენ. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესზე დაკვირვებამ კიდევ ერთხელ გამოაჩინა, რომ გავლენიანი ჯგუფი სტრატეგიულ, მნიშვნელოვან თანამდებობებზე მისთვის მისაღებ, ლოიალურად განწყობილი მოსამართლეებს ნიშნავს, რაც ხელს უწყობს სასამართლო სისტემაში ისედაც ფესვგადგმული არაფორმალური იერარქიის კიდევ უფრო განმტკიცებას.
2021 წლის არჩევნების კამპანიის პერიოდი ძალადობის, პოლიტიკურად მოტივირებული სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებების ფონზე წარიმართა. ეს ინციდენტები ქმნიდა ნეგატიურ ფონს და კიდევ უფრო აღრმავებდა არსებულ პოლიტიკურ პოლარიზაციას. საიასთვის ცნობილი გახდა ოპოზიციის მიმართ ზეწოლისა და მუქარის სავარაუდო შემთხვევებიც. მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. საანგარიშო პერიოდში დაფიქსირდა ამომრჩევლის მოსყიდვის რამდენიმე შემთხვევა როგორც „ქართული ოცნების“, ასევე ოპოზიციური პარტიების მხრიდან. ხოლო, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს შექმნილმა დაძაბულმა გარემომ გავლენა მოახდინა ამომრჩევლის ქცევაზე და რიგ შემთხვევებში, ხელი შეუშალა საარჩევნო უფლების თავისუფალ რეალიზებას.