72 წლის წინ, 1948 წლის 10 დეკემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია მიიღო. დეკლარაცია არის გარდამტეხი დოკუმენტი, რომელიც ეფუძნება საერთო ღირებულებას, რომ ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორი თავისი ღირსებითა და უფლებებით. სწორედ ამ დოკუმენტის მიღების თარიღი აღინიშნება ყოველწლიურად, როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე.
2020 წელი ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით განსხვავებული და გამოწვევებით სავსე იყო. ამ წლის უმთავრეს თემას Covid-19-ის პანდემია წარმოადგენდა. ვირუსის გავრცელებით გამოწვეულმა კრიზისმა მსოფლიოს მასშტაბით ხელი შეუწყო სიღარიბის გაზრდას, უთანასწორობისა და ადამიანის უფლებათა სხვა პრობლემური საკითხების გაღრმავებას.
მიუხედავად ეპიდემიოლოგიური სიტუაციის შედეგად წარმოშობილი ბარიერებისა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მთელი წლის განმავლობაში აქტიურად აგრძელებდა მუშაობას ადამიანის უფლებათა დასაცავად, როგორც სამართალწარმოების, ასევე მონიტორინგის, ადვოკატირებისა და საკანონმდებლო პროცესში ჩართულობის გზით.
საია-ს შეფასებით, წლის განმავლობაში პრობლემურ თემებს შორის იყო საქართველოს პარლამენტის მიერ საკარანტინო ღონისძიებების განსაზღვრის უფლებამოსილების საქართველოს მთავრობაზე დელეგირება, მთელი რიგი მოწყვლადი ჯგუფების მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მიღმა დატოვება, გარემოსდაცვით გადაწყვეტილებებში ადამიანის უფლებების გაუთვალისწინებლობა, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების მიერ თანამდებობის გაუმჭვირვალე და დაუბალანსებელი პროცედურებით დაკავება, სისხლის სამართლის პროცესების საჯაროობის კუთხით არსებული პრობლემები, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დარღვევებით ჩატარება და სხვა საკითხები.
დადებითად უნდა შეფასდეს საქართველოს შრომის კოდექსში შესული ცვლილებები, რომლითაც გარკვეულწილად გაუმჯობესდა დასაქმებულთა შრომითი უფლებები. განსაკუთრებით მისასალმებელია შრომის ინსპექციის ინსტიტუციური გაძლიერება და მისი უფლებამოსილებების გაზრდა. თუმცა, სამწუხაროდ ცვლილებებმა მხოლოდ ფრაგმენტულად უპასუხა ქვეყანაში არსებულ მძიმე შრომით პირობებს. COVID-19-ის პანდემიის პირობებში, დასაქმებული პირების უსაფრთხოების და შრომითი უფლებების საკითხი კიდევ უფრო მწვავედ დადგა. აღნიშნული განსაკუთრებით შეეხო სამედიცინო სექტორში დასაქმებულ პირებს (ექიმები/ექთნები/სანიტრები), მაღაროებსა და შახტებში დასაქმებული პირების ისედაც მძიმე შრომითი პირობები პანდემიის შედეგად კიდევ უფრო მეტად დამძიმდა, პრობლემურია მეტროს თანამშრომლების სამუშაო პირობები და სხვ.
ქვემოთ წარმოდგენილია განცხადების სრული ვერსია, სადაც დეტალურად არის აღწერილი ადამიანის უფლებათა სფეროში არსებული ის ძირითადი გამოწვევები, რომელიც საია-მ 2020 წლის განმავლობაში გამოავლინა.