საია-ს თბილისის ოფისი იცავდა ,,აუდიტორია 115“-ის წევრის ინტერესებს, რომელიც 2016 წლის 16 აპრილს, ქ. თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ფეხით მოსიარულეთა გზაზე სტენსილის გაკეთების საფუძვლით დააკავეს. მოგვიანებით იგი გაათავისუფლეს და მის მიმართ შეადგინეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის მე-21 მუხლის საფუძველზე. რომლითაც იკრძალება სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებური შესრულება ადმინისტრაციული ორგანოების შენობათა ფასადებზე, აგრეთვე მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის ფეხით მოსიარულეთა და სატრანსპორტო საშუალებების სავალ ნაწილზე.
საქმე თბილისის საქალაქო სასამართლომ 2016 წლის 07 ივლისს განიხილა. სასამართლომ არ გაიზიარა პოლიციის წარმომადგენლის პოზიცია სამართალდარღვევის ჩადენასთან დაკავშირებით და განმარტა, რომ ,,საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობაში გამოკვლევის შედეგად აღნიშნული უტყუარად არ დადასტურდა. კერძოდ, სასამართლოში საქმის განხილვის დროს ვერ იქნა მითითებული, თუ რომელ ადმინისტრაციულ ორგანოსთან ახლოს მდებარეობს ჭავჭავაძის გამზ. #28“. ასევე, უტყუარად არ დადასტურდა, რომ ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირი თვითმმართველი ერთეულის იერსახეს ამახინჯებდა.
შესაბამისად, სასამართლომ შეწყვიტა საქმის წარმოება სამართალდარღვევის შემთხვევის არარსებობის გამო. სასამართლოს დადგენილება არ გასაჩივრებულა და შევიდა კანონიერ ძალაში.