სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია ქვეყანაში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს

2009-04-28 20:00
Featured image


საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმაურება დედაქალაქში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს და მიიჩნევს, რომ შექმნილი სიტუაცია ხშირად სცდება კანონით დადგენილ ჩარჩოებს. ამაზე მიუთითებს მოქალაქეებისა და ჟურნალისტების მიმართ გახშირებული ძალადობის ფაქტები, დაუდგენელი პირების მიერ დემონსტრანტებთან სასტიკი ანგარიშსწორების შემთხვევები, პოლიციის მიერ აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებული უმოქმედობა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის  პირების მხრიდან მშვიდობიან დემონსტრაციებში მონაწილე პირთა ფიზიკური თუ მორალური შეურაცხყოფა.

შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია: 

მოუწოდებს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გამოიძიოს მშვიდობიან მოქალაქეებზე გახშირებული სასტიკი ანგარიშსწორების თითოეული შემთხვევა. წინააღმდეგ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ არსებული მდგომარეობით, საქართველოს ხელისუფლებას არ გაუტარებია არავითარი ქმედითი ღონისძიება დამნაშავე პირთა დასადგენად, საიას უჩნდება ობიექტური ეჭვი - აღნიშნული პირები მოქმედებენ ხელისუფლების წარმომადგენელთა წაქეზებით, მხარდაჭერით ან თანხმობით.

მოუწოდებს ოპოზიციას, უზრუნველყოს მისი ცალკეული მხარდამჭერების კანონიერ ჩარჩოებში  მოქმედება. ამავე დროს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია შეახსენებს ოპოზიციას, რომ დაუშვებელია ჟურნალისტის საქმიანობისთვის ხელის შეშლა და ყოველგვარი ძალადობა მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ, რაოდენ მიუღებელიც არ უნდა იყოს ოპოზიციისა და მომიტინგეთათვის ამა თუ იმ მედია საშუალებით გავრცელებული ინფორმაცია თუ ფაქტების ინტერპრეტაცია.

მოუწოდებს მედიას, ზუსტად, ობიექტურად და დროულად გააშუქონ მიმდინარე მოვლენები. ამასთანავე, მომეტებული ყურადღება გამოიჩინონ კონკრეტული ფაქტების გაშუქების თუ ინტერპრეტაციის დროს. მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტს არ შეიძლება დაეკისროს მტკიცების ტვირთი შეფასებითი მსჯელობების სისწორესთან დაკავშირებით, ფაქტებისა და მოვლენების ობიექტური გაშუქება, ისევე როგორც კონკრეტული ინდივიდების უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვა წარმოადგენს ჟურნალისტის უმთავრეს ვალდებულებას.