სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია პროკურატურას მოუწოდებს უზრუნველყოს პოლიციელთა მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტების დროული და ეფექტური გამოძიება

2015-03-12 12:00
Featured image

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას მომართა ოცამდე პირმა, რომლებიც  პოლიციელთა მხრიდან მათ მიმართ განხორციელებულ უკანონო და ძალადობრივ ქმედებებზე საუბრობენ. კერძოდ, ისინი აცხადებენ, რომ პოლიციის თანამშრომლებმა დაკავებისას და შემდგომ პერიოდში მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხოლო ზოგიერთი მათგანი ასევე საუბრობს პოლიციის მხრიდან ნარკოტიკული ნივთიერებების და იარაღის ჩადების ფაქტზე.  

ყველა ამ ფაქტთან დაკავშირებით სხვადასხვა დროს ინფორმაცია მიეწოდათ გენერალური ინსპექციას და/ან პროკურატურას, საქმეთა უმეტეს ნაწილზე მიმდინარეობს გამოძიება, თუმცა აღნიშნულ პირთა უმრავლესობას დღემდე არ აქვს საქმეში დაზარალებულის სტატუსი და არ მიეწოდება ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ; ამ პირთა ნაწილი სხვადასხვა ბრალდებით პატიმრობაში იმყოფება. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტებზე პოლიციელთა მიმართ მხოლოდ ერთ შემთხვევაში იქნა გამოყენებული დისციპლინური პასუხისგმგებლობის ზომა, სხვა შემთხვევებში მათი დისციპლინური თუ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი ამ დროისათვის არ დამდგარა.
 
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ შესაძლო დამნაშავე პირების დაკავებისას პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენება შეიძლება გამართლებული იყოს მხოლოდ იმ ვითარებაში, როდესაც ეს მკაცრად აუცილებელია აღნიშნული პირების ქმედების გამო. ასეთ შემთხევაშიც პოლიციას უფლება აქვს გამოიყენოს მხოლოდ არსებული საფრთხის/წინააღმდეგობის პროპორციული ფიზიკური ძალა. ყველა სხვა შემთხვევაში ძალის გამოყენება წარმოადგენს კანონის დარღვევას, ასევე კანონის დარღვევას წარმოადგენს იარაღისა თუ ნარკოტიკის ჩადების ფაქტები, რაზეც მოქალაქეები საუბრობენ. აღნიშნულ ფაქტებზე სახელმწიფოს შესაბამისი უწყებები ვალდებული არიან მოახდინონ სწრაფი და ადეკვატური რეაგირება. 
 
მოქალაქეთა მიმართ პოლიციის მხრიდან განხორციელებულ უკანონო და ღირსების შემლახავი მოპყრობის შესახებ საიასათვის მიწოდებული ინფორმაცია შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. შესაბამისად, პროკურატურა ვალდებულია, ყველა აღნიშნულ შემთხვევაზე აწარმოოს სწრაფი და ეფექტური გამოძიება, ამ პროცესში ურუნველყოს დაზარალებულთა ჩართულობა და პერიოდული ინფორმირება გამოძიების მიმდინარეობის შესახებ, ხოლო დანაშაულის გამოვლენის შემთხვევაში, შესაბამისი პირების მიმართ დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა.
 
საია მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, მიიღოს ყველა შესაძლო კანონიერი ზომა, რათა თავიდან იქნეს აცილებული პოლიციელთა მხრიდან კანონდარღვევის ფაქტები, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის უფლებათა პატივისცემას და აკნინებს პოლიციის მიმართ საზოგადოების ნდობას;
 
საია მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, უზრუნველყოს პოლიციელთა მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტების დროული და ეფექტური გამოძიება.

 
პოლიციელთა მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტები
 
ზაქარია მეკოკიშვილის განმარტებით, 2014 წლის 19 სექტემბერს, დაახლოებით 00:15 საათზე, ქ. თბილისში, ფონიჭალის ტერიტორიაზე მოძრაობდა კუთვნილი ავტომანქანით. იგი გააჩერეს სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა პოლიციელებმა, გაათიშინეს ტელეფონი და მოსთხოვეს ვაკე-საბურთალოს რაიონის პოლიციაში გაყოლა. მის შეკითხვაზე, თუ რატომ შეუზღუდეს გადაადგილების უფლება და რატომ მიიყვანეს პოლიციაში, პასუხს არ სცემდნენ. დაახლოებით 2 საათზე შეიყვანეს ვაკე-საბურთალოს რაიონული პოლიციის უფროსის კაბინეტში, სადაც დახვდა დაახლოებით 8 პოლიციელი. ისინი კითხვებს უსვამდნენ მისთვის უცნობი პიროვნების შესახებ. აღნიშნულის შემდგომ მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. გათენებისას, დაახლოებით 04:00 საათზე გამომძიებელმა დაკითხა მოწმის სახით, თუმცა დაკითხვის დასრულების შემდგომაც, 16:00 საათამდე დატოვეს პოლიციის შენობაში. იგი განმარტავს, რომ ამ პერიოდში ჩამორთმეული ჰქონდა ტელეფონი, ხოლო პოლიციელები აგრძელებდნენ მისთვის  სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. 
აღნიშნულ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, რომლის დროსაც მეკოკიშვილი ერთხელ დაიკითხა მოწმის სახით, თუმცა იგი დაზარალებულად ცნობილი ამ დრომდე არ არის.
 
შალვა ჩაჩანიძე და მალხაზ ბართავა განარტავენ, რომ 2014 წლის 2 ოქტომბერს, დაახლოებით 01:30-02:30 საათზე დააკავეს ისანი-სამგორის რაიონის პოლიციის მე-8 განყოფილების თანამშრომლებმა. მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო სსკ-ის 353-ე მუხლით (წინააღმდეგობის გაწევა ჯგუფურად). დაკავებულები აღნიშნავენ, რომ მათი დაკავება უსაფუძვლოდ მოხდა. როგორც ადგილზე დაკავებისას, ასევე, პოლიციის განყოფილებაში პოლიციის თანამშრომლებმა მათ მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. მათი ცემა და ფიზიკური ზეწოლა გრძელდებოდა მთელი ღამის განმავლობაში. მათი განცხადებით, ცემის დროს განსაკუთრებით აქტიურობდა განყოფილების უფროსი და მისი მოადგილე. გამოძიების მიერ დაცვის მხარისათვის გადაცემულ ვიდეომასალაზე დაფიქსირებულია პოლიციის განყოფილებაში მყოფი შალვა ჩაჩანიძე, რომელსაც ხელები ზურგს უკან აქვს შეკრული, მის პერანგზე შეიმჩნევა წითელი ფერის ლაქები,  წარბზე ეტყობა ნახეთი ჭრილობები, სისხლის კვალი. ერთ-ერთ მომენტში იგი ხელებშეკრული წევს იატაკზე, ფეხშიშველი. შალვა ჩაჩანიძის დაზიანებები ასევე ასახულია დროებითი მოთავსების იზოლატორში შედგენილ გარეგნული დათვალიერების ოქმში. მასში აღწერილია, რომ შალვა ჩაჩანიძეს აღენიშნებოდა მთლიანად სახეზე _ სისხლნაჟღენთები, ზედა ტუჩის შესიება, მარჯვენა წარბზე _ ნაკაწრი, ყელის არეში სიწითლე, ხერხემალზე ნაკაწრები, მარჯვენა მკლავის კუნთზე და იღლიასთან სიწითლეები, ქვედა ტუჩზე _ ნაკაწრი, მარჯვენა ბარძაყზე და ზურგზე ფუფხები, მუცელზე ძველი ნაიარევები, ორივე მაჯაზე სიწითლეები. დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გაყვანილი იქნა რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში. ასევე გამოძახებულ იქნა სასწრაფო დახმარება. 
ჩაჩანიძე ამჟამად პატიმრობაში იმყოფება სხვა ფაქტთან დაკავშირებით, ხოლო ბართავასთან დაკავშირებით მიმდინარეობს ძიება. 2014 წლის 4 ნოემბერს ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურიდან ჩაჩანიძის ადვოკატს აცნობეს, რომ გენერალურ ინსპექციაში შეტანილი საჩივარი მათთან გადაიგზავნა და მიმდინარეობს გამოძიება. აღნიშნული პირები დაზარალებულად ცნობილი არ არიან.
 
პაატა კვირიკაშვილი აცხადებს, რომ 2014 წლის 31 აგვისტოს 21:00 საათზე, ვაზისუბნის დასახლებაში ავტომობილი გააჩერა ბენზინგასამართ სადგურზე. ამ დროს მის ავტომობილს მიუახლოვდა საპატრული მანქანა, რომლიდანაც გადმოვიდნენ პოლიციის თანამშრომლები და უხეში ტონით მოსთხოვეს მანქანიდან გადმოსვლა და საბუთების წარდგენა. მან განუცხადა, რომ უხეშობა არ იყო საჭირო, რაზეც პოლიციის თანამშრომლებმა მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა.  ამის შემდეგ პატრულ-ინსპექტორმა ლ.ქ-მ გამოუწერა 100 ლარიანი ჯარიმის ქვითარი. მისივე განმარტებით, პოლიციის თანამშრომლებს განუცხადა, რომ აღნიშნულ ჯარიმას გაასაჩივრებდა და პოლიციის თანამშრომლებს  შეურაცხყოფას არ აპატიებდა. აღნიშნულის საპასუხოდ, პოლიციის თანამშრომლებმა დაუწყეს ცემა, დააგდეს მიწაზე და ურტყამდნენ ფეხებს ტანის და თავის არეში, რის  შემდეგაც მოხდა მისი დაკავება. პაატა კვირიკაშვილის სხეულზე არსებულ დაზიანებებს ადასტურებს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის დასკვნა; აღნიშნულზე დაწყებულია გამოძიება, თუმცა კვირიკაშვილი დაზარალებულად ცნობილი არ არის. გენ. ინსპეციამ დაადასტურა, რომ კვირიკაშვილის მიმართ პოლიციეთა მხრიდან ადგილი ჰქონდა დისციპლინურ გადაცდომას, ერთ პოლიციელს გამოეცხადა სასტიკი საყვედური, ხოლო მეორეს _ საყვედური.  პოლიციელთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება, თუმცა კვირიკაშვილი დაზარალებულად ცნობილი ამ დრომდე არ არის.
 
მამუკა ბექაური განმარტავს, რომ 2014 წლის 11 სექტემბერს დაახლოებით 14:25 საათზე, ქ. თბილისში, შეშელიძისა და სარაჯიშვილის გამზირის კვეთაზე დააკავეს  ქვემო ქართლის შსს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა. მას ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის  236-ე მუხლით (ცეცხლსასროლი იარაღის ტარება). მამუკა ბექაური განმარტავს, რომ მანქანასთან იდგა, როდესაც ქვემო ქართლის   შსს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ყოველგვარი განმარტების გარეშე და ძალისმიერი მეთოდით ჩასვეს მანქანაში და დაადეს ხელბორკილი. იგი განმარტავს, რომ მასზე განხორციელდა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, კერძოდ, გაშლილ ხელს ურტყამდნენ სახისა და ყურების არეში და აგინებდნენ. ეუბნებოდნენ, რომ მისი ძმის გამო აკავებდნენ (ამჟამად არის ძებნილი). ბექაური განმარტავს, რომ ავტომობილში ყოფნისას, საქამრეში ჩაუდეს ცეცხლსასროლი იარაღი. მანქანიდან გადასვეს მეორე მანქანაში და გადაიყავნეს რუსთავის სამხარეო სამმართველოს შენობაში. მასთან არ შეუშვეს ადვოკატი. მიყენებული ტრამვების გამო დროებითი მოთავსების იზოლატორში გამოძახებულ იქნა სასწრაფო დახმარება; ბექაური დაკავებულია იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით. 
 
თამაზ გორგოძემ განმარტა, რომ პოლიციამ 2014 წლის 26 აგვისტოს ზესტაფონში დააკავა. დაკავებისას პოლიციის თანამშრომლებმა ჩაუდეს ნარკოტიკი, ასევე მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. ,,გადმომათრიეს მანქანიდან, დამაგდეს ზურგზე და ჩემთვის გაურკვეველ სითხეს მასხამდნენ პირში. შემდეგ დამადეს ხელბორკილები და მარცხენა ფეხის წინდაში ჩამიდეს ეგრეთწოდებული სუბოტექსი“. ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემულ ცნობაში მითითებულია რომ მას აღენიშნებოდა ქალა-ტვინის დახურული ტრავმა;
 
დავით ხითარიშვილი 2014 წლის 18 სექტემბერს საქართველოს შსს-ს წყალტუბოს პოლიციის თანამშრომლებმა საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს. მისი თქმით, იგი დაკავებული იქნა სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პოლიციის თანამშრომლების მიერ და ჩაუდეს ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“. მისივე განმარტებით იგი წაიყვანეს ტყეში, გახადეს ტანსაცმელი და 12 პირი აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას.  იგი ტყეში დაახლოებით 24 საათის განმავლობაში ჰყავდათ. იგი აცხადებს, რომ პოლიცია აიძულებდა ეღიარებინა ყაჩაღობა, რომელიც არ ჩაუდენია; ხითარიშვილი ამჟამად პატიმრობაში იმყოფება, მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება. 
 
ასევე ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე საუბრობენ დუშეთში, პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის საფუძვლით დაკავებული პირები, თორნიკე მამულაშვილი და გიორგი ვალიშვილი. ისინი დანაშაულს არ აღიარებენ და აცხადებენ, რომ პოლიციის თანამშრომლებმა მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. თორნიკე მამულაშვილს დაკავების ოქმის თანახმად, მას  აღენიშნება მრავლობითი დაზიანებები თავისა და ტანის არეში;
 
ზაზა ჩეტკოვის განმარტებით, 2014  წლის 17 აპრილს იმყოფებოდა სამარშრუტო ტაქსში მეგობართან ერთად. სატრანსპორტო საშუალებიდან ჩამოსვლისას მათთან მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც  ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე დააკავეს და მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა. შემდეგ გადაიყვანეს ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში. ჩაიყვანეს პოლიციის განყოფილების ქვედა სართულზე, სადაც არ იყო ფანჯარა. ასევე,  შსს-ს თანამშრომლებმა ვინმე ლაშამ და ვალერიმ დაუწყეს ცემა, გადააფარეს პლედი, ისე რომ ვერაფერს ხედავდა და აგრძელებდნენ მის მიმართ ფიზიკურ ძალადობას. ამის შემდეგ გადაიყვანეს დროებით მოთავსების იზოლატორში. მისივე განმარტებით, ფიზიკური ძალადობის შედეგად აწუხებდა გაუსაძლისი ტკვივილი, რის გამოც დროებით მოთავსების იზოლატორში გამოიძახებულ იქნა სასწრაფო დახმარება; ჩეტკოვი ამჟამად მსჯავრდებულია და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იხდის სასჯელს. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. 
 
ლუკა ჯოხარიძე აცხადებს, რომ 2013 წლის 13 ნოემბერს, საღამოს 9 საათზე მასთან სახლში შევიდა სპეცრაზმი, რომლებმაც ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ის, მისი ძმა, ასევე მეგობარი გ.გ. დააწვინეს იატაკზე და დაადეს ხელბორკილები. ამის შემდეგ, სახლში შევიდნენ კრიმილაური პოლიციის თანამშრომლები, მათ შორის კ. ბ. მისივე განმარტებით, თავზე ჩამოაცვეს პოლიეთილენის პარკი,  რის გამოც ვეღარ ახერხებდა სუნთქვას, ზურგში ურტყამდნენ ავტომატის კონდახს, ხოლო კობა ბაძაღუამ თავში ჩაარტყა პისტოლეტის კონდახი. იგი ასევე აცხადებს, რომ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა ასევე გაგრძელდა პოლიციის განყოფილებაში. ასევე პოლიციის განყოფილებაში შსს-ს თანამშრომლები ემუქრებოდნენ, რომ თუ დანაშაულს არ აღიარებდა, მის საცოლესაც დაიჭერდნენ. ლუკა ჯოხარიძისთვის მიყენებულ დაზიანებებს ადასტურებს შსს-ს დროებითი მოთავსების იზოლატორის მიერ 2013 წლის 14 ნოემბერს გაცემული გარეგნული დათვალიერების ოქმი, ასევე სასჯელაღსრულების №8 დაწესებულების სამედიცინო შემოწმების ცნობა;  
 
თამუშა ახალაია აცხადებს, რომ  2014 წლის 29 აგვისტოს იმყოფებოდა სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურაში, სადაც ითხოვდა სამეგრელო ზემო სვანეთის მთავარ პროკურორ გ.უ-თან  შეხვედრას, თუმცა პროკურორს ვერ შეხვდა. (თამუშა ახალაიას შვილი დაუდგენელ ვითარებაში გარდაიცვალა, თამუშა ახალაია აცხადებს, რომ გამოძიება არაეფექტურად მიმდინარეობს. აღნიშნულ საკითხზე სურდა მას პროკურორთან შეხვედრა). იგი აცხადებს, რომ  სახლში მგზავრობის დროს გზაზე მის გვერდით გაჩერდა  ა/მანქანა,  საიდანაც გადმოვიდა ორი უცნობი პიროვნება, რომლებმაც თავზე ტომარა ჩამოაცვეს,  დაადეს ხერბორკილები, მანქანაში იძულებით ჩასვეს,  და წაიყვანეს უცნობი მიმართულებით.  რამდენიმე წუთის  შემდეგ ჩამოსვეს მისთვის უცნობ ადგილას (თავზე ტომარა არ მოუცილებით) და უთხრეს, რომ თავი დაენებებინა მისი შვილის მკვლელობის საქმეზე განცხადებების წერისთვის.  თამუშა ახალაის განმარტებით, იგი კვლავ  ჩასვეს ა/მანქანაში და მხოლოდ დილით გამთენიისას ჩამოსვეს  საქართველოს შსს სოფ. ლიის პოლიციის ქვეგანყოფილებასთან ახლოს. თამუშა ახალაიამ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით განცხადებით მიმართა საქართველოს შსს სოფ. ლიის პოლიციის ქვეგანყოფილებას.  მის განცხადებაზე  გამოძიება დაიწყო მხოლოდ მესამე დღეს, თუმცა გამოძიება მოგვიანებით შეწყდა. თამუშა ახალაიას აქვს  ეჭვი, რომ მისი გატაცება მოხდა საქართველოს შსს-ს თანამშრომლების მიერ.
 
გიორგი ბოლქვაძე აღნიშნავს, რომ 2014 წლის 28 აგვისტოს მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა სოფელ ფარესთან (ადიგენის რაიონი) მდებარე სალოცავთან. რა დროსაც მას მიუახლოვდა სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული მამაკაცი, როგორც შემდგომ გაარკვია იყო შსს-ს თანამშრომელი ლ. მ. მან ყოველგვარი მიზეზი ახსნის გარეშე, გიორგი ბოლქვაძეს მოსთხოვა არ დაეტოვებინა ადგილი და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ცოტა ხანში ლ. მ.-ს შეურთდა ასევე შსს-ს თანამშრომელი ვინმე ფ. ზემოაღნიშნული პირები იყვნენ ნასვამ მდგომარეობაში და დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში ახორციელებდნენ გიორგი ბოლქვაძის ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. ამის შემდეგ, მისი ავტომანქანა გააჩერა პოლიციის 6 თანამშრომელმა, რომლებმაც ძალის გამოყენებით გადმოიყვანეს მანქანიდან და 10 წუთის განმავლობაში აყენებდნენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. მათ ასევე შეურთდნენ ზემოათ აღნიშნული შსს-ს თანამშრომლები ლ. მ. და ვინმე ფ. ამის შემდგომ გიორგი ბოლქვაძე გადაიყვანეს ადიგენის პოლიციის განყოფილებაში, სადაც პოლიციის უფროსი სთხოვდა მას, რომ ეღიარებინა პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევა, წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებოდა, რომ სასჯელაღსრულების N18 დაწესებულების დირექტორისგან, გ. მ-საგან რომელიც ლ.  მ.-ს ძმაა, შეექმნებოდა პრობლემები. ამის შემდგომ გიორგი ბოლქვაძე გადაიყვანეს დროებითი მოთავსების იზოლატორში, გზაში კვლავ სთხოვდნენ პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის აღიარებას. ასევე აღსანიშნავია, რომ დაკავების ოქმი შედგა 29 აგვისტოს, რომელშიც დაკავების დღედ ზემოაღნიშნული თარიღი დაფიქსირდა, თუმცა რეალურად დაკავება 28 აგვისტოს განხორციელდა. გიორგი ბოლქვაძემ შიშის საფუძველზე ექიმის წინაშე დამალა, რომ მის სხეულზე არსებული დაზანებები პოლიციელების მიერ იქნა მიყენებული;
 
ალექსანდრე სამუშიას განცხადებით, იგი მუშაობდა თავდაცვის სამინისტროში, საიდანაც სრულიად დაუსაბუთებლად გაანთავისუფლეს. ამის შემდგომ მას იბარებდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ე.წ მოდულის შენობაში და ეკითხებოდნენ ბაჩო ახალაიასა და მეგის ქარდავას ორგანიზებით, თუ სად იყო ცეცხლსასროლი იარაღები გადამალული. 2014 წლის 11 მარტს, ალექსანდრე სამუშია სრულიად უსაფუძვლოდ დაიბარეს პოლიციის განყოფილებაში, სადაც მოტყუებით მიაღებინეს ნარკოტიკული ნივთიერება, რომელიც გამაგრილებელ სასმელში იყო გარეული. შემდგომ კი გადაიყვანეს ნარკოლოგიურ შემოწმებაზე, სადაც ანალიზის მიხედვით სისხლში აღმოაჩნდა ნარკოტიკული საშუალება. ამის შემდგომ იგი დააკავეს ყაჩაღობის ბრალდებით, რომელსაც ალესანდრე სამუშია დაუსაბუთებლად თვლის და მიიჩნევს, რომ მისი ბრალდება თბილისის სამმართველოს უფროსის გ.დ.-ს ანგარიშსწორების შედეგია; 
 
პოლიციის მხრიდან ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე საუბრობს ასევე დიმიტრი კუხალიშვილი. კერძოდ, იგი 2014 წლის 7 სექტემბერს,  თბილისის ,,დინამო არენაზე” დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილების თანამშრომლებმა დააკავეს. 2014 წლის 9 სექტემბერს პროკურორმა გამოიტანა დადგენილება დიმიტრის ბრალდების შესახებ სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის. მოგვიანებით, პროკურორის დადგენილებით იგი გათავისუფლდა დაკავებიდან.2014 წლის 7 სექტემბერს თავის მცირეწლოვან შვილთან ერთად სურდა ფეხბურთის მატჩზე დასწრება. იგი იყო ნასვამი. მასსა და პოლიციის თანამშრომლებს შორის შეკამათება მოხდა ბილეთის გამო. ამის შემდეგ პოლიციელებმა დააგდეს მიწაზე და დაუწყეს ცემა სხეულის სხვადასხვა ადგილზე. ერთ-ერთმა პოლიციელმა მოუჭირა ხელი კისერზე, მას შეეკრა სუნთქვა, ამავდროულად გაიგონა თავისი მცირეწლოვანი შვილის ტირილი, რომელიც უმეთვალყურეოდ დარჩა უცხო ხალხის მასაში. ექსპერტიზის დასკვნით დადასტურდა, რომ მას სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები. აღნიშნული ფაქტის მედიის საშუალებით გავრცელების შემდეგ გენერალურ ინსპექციაში დაიწყო საქმის შესწავლა. რამენადაც ჩვენთვის ცნობილია, გენერალური ინსპექციიდან დოკუმენტაცია გადაეგზავნა იმავე პროკურორს, რომლის წარმოებაშიც არის დიმიტრი კუხალიშვილის წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლის საქმე.
 
ივანე გაბუევის განმარტებით, 2014 წლის 3 სექტემბერს რუსთავში დააკავეს პოლიციის მე-2 განყოფილების თანამშრომლებმა. იგი აცხადებს, რომ დაკავების პროცესში და შემდგომ, პოლიციის განყოფილებაში  პოლიციის თანამშრომლებმა მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ,ურტყამდნენ ფეხებს თავისა და სახის არეში. 
 
რუსლან დუმბაძის განცხადებით, 2014 წლის ივლის-აგვისტოში, ძველი თბილისის შს #2-ე განყოფილების თანამშრომელმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.  მას ამჟამად ძარცვის ჩადენა ედება ბრალად. რეაგირებისთვის მივმართეთ პროკურატურას 2015 წლის 12 თებერვალს. ჩვენი მიმართვა  რეაგირებისთვის გაეგზავნა ქ. თბილისის ძვ. თბილისის რაიონულ პროკურორს. 
 
ნუგზარ ონიაშვილი - დაკავებულ იქნა 2015 წლის 30 სექტემბერს, თბილისის ისანი სამგორის რაიონის შს #2-ე განყოფილების თანამშრომელთა მიერ. მისი განცხადებით დაკავების შემდეგ ისანი - სამგორის შს #2-ე განყოფილებაში მას და მის მეგობარს მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. მას ბრალად წაუყენეს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა. ნუგზარ ონიაშვილი იმყოფება პატიმრობაში. ნუგზარ ონიაშვილზე პროკურატურას მივმართეთ 2015 წლის 11 მარტს.