საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტის მიერ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. როგორც გუშინ, 7 თებერვალს გამართულ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გაკეთებული განმარტებიდან გახდა ცნობილი, „საქართველოს პარლამენტში დღეისთვის დაგეგმილი პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება გადაიდო. პრეზიდენტს პარლამენტში სიტყვით გამოსვლის კონსტიტუციური უფლების გამოყენების საშუალება მიეცემა, თუმცა უმრავლესობის პოზიციაა, ეს მოხდეს მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მიღებული იქნება სათანადო გადაწყვეტილება ან როდესაც ცალსახად და მკაფიოდ იქნება გამოხატული პრეზიდენტის და მისი პოლიტიკური გუნდის პოზიცია პარლამენტისთვის იმ უფლების დაბრუნების თაობაზე, რაც მას ეკუთვნის.“
საია განმარტავს, რომ ერთის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტი ვალდებულია წარდგეს პარლამენტის წინაშე ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე ყოველწლიური მოხსენებით, ხოლო მეორეს მხრივ, საქართველოს პარლამენტს აკისრია ვალდებულება მოისმინოს აღნიშნული მოხსენება. ამავდროულად, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი აღნიშნული მოსმენის დროდ უთითებს „როგორც წესი, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების პირველ დღეს.“ ასეთი პლენარული სხდომა მიმდინარე კვირაში გაიმართა.