საია პოლიტიკურ პარტიებს მიმართავს
2010-04-21 11:19
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია თბილისსა და საქართველოს 7 რეგიონში (აჭარა, გურია, იმერეთი, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, კახეთი, მცხეთა-მთიანეთი) ახორციელებს 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგს. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა წინასაარჩევნო კამპანიაში საჯარო მოხელეთა უკანონო მონაწილეობის, ადმინისტრაციული რესურსების არამართლზომიერი გამოყენებისა და ამომრჩეველთა ზეწოლის ფაქტებს.
წინასაარჩევნო კამპანიის პროცესში დარღვევების პრევენციისა და მათზე დროული სამართლებრივი რეაგირების მოხდენის მიზნით არჩევნებში მონაწილე ყველა სუბიექტს საია თანამშრომლობისკენ მოუწოდებს. იხ. პოლიტიკური პარტიებისადმი მიმართვის ტექსტი:
“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიმართვა პოლიტიკურ პარტიებს
მოგახსენებთ, რომ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) დაფუძნების დღიდან აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა დონის არჩევნების მონიტორინგის პროცესში. საიას სადამკვირვებლო მისია ახორციელებს როგორც წინასაარჩევნო კამპანიის, ისე არჩევნების დღისა და არჩევნების შემდგომი პროცედურების მონიტორინგს.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, აღიარებს რა სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების პრინციპების უზენაესობას, თავის საქმიანობაში მუდმივად იცავს სრულ ნეიტრალიტეტს პოლიტიკური პროცესების მიმართ. წლების განმავლობაში, საიამ თავისი საქმიანობით დაამტკიცა კანონის უზენაესობისა და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპების ერთგულება და სწრაფვა სამართლიანი საარჩევნო გარემოს შექმნისკენ.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარების ხელშეწყობის მიზნით, წელსაც ახორციელებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მონიტორინგს. ამ ეტაპზე, საია აკვირდება წინასაარჩევნო გარემოს და წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობას, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე. მონიტორინგის განმავლობაში გამოვლენილი ყველა დარღვევა ასახული იქნება ასოციაციის მიერ მომზადებულ ანგარიშებში.
წინასაარჩევნო პერიოდში მომხდარი კანონდარღვევების დროული გამოვლენისა და მათზე სამართლებრივი რეაგირების მოხდენის მიზნით, გვსურს შემოგთავაზოთ ურთიერთთანამშრომლობა. ბოლო პერიოდში, ხშირად ვრცელდება ინფორმაცია პოლიტიკური პარტიების წევრებზე, აქტივისტებსა და მხარდამჭერებზე განხორციელებული სხვადასხვა სახის ზეწოლისა თუ დაშინების თაობაზე, ასევე მოსყიდვის ფაქტებზე, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას სურვილი აქვს შესაბამისი რეაგირების გარეშე არ დარჩეს შესაძლო კანონდარღვევის არც ერთი ფაქტი. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ინფორმაციის ურთიერთგაცვლა და თანამშრომლობა. დროული და დადასტურებული ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, საიას ექნება შესაძლებლობა შესაბამისი სამართლებრივი მსვლელობა მისცეს საქმეს და კვალიფიციური დახმარება გაუწიოს ნებისმიერ მსურველს.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენს ხელთ არსებული ინფორმაცია წინასაარჩევნო პერიოდში დაფიქსირებულ ნებისმიერ კანონდარღვევაზე, მათ შორის, შემდეგ ფაქტებზე:
• მოქალაქეთა მოსყიდვა;
• ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება;
• მოქალაქეების დაშინება და ზეწოლა;
• თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება;
• ადმინისტრაციული რესურსების არათანაბარი ხელმისაწვდომობა.
ვთვლით, რომ ერთობლივი მუშაობა უფრო ეფექტურს გახდის წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის მიზნით განხორციელებულ საქმიანობას და ხელს შეუწყობს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას. ვფიქრობთ, ამგვარი თანამშრომლობა ყველა იმ სუბიექტის ინტერესში შედის, ვისაც საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება სურს.”