სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია პოლიციის მხრიდან კანონსაწინააღმდეგო ძალადობის ფაქტებს გმობს

2009-05-06 20:00
Featured image


საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმიანება თბილისში, შს სამმართველოს შენობასთან 2009 წლის 6 მაისის საღამოს განვითარებულ მოვლენებს და ცალსახად გმობს პოლიციის მიერ დემონსტრანტების წინააღმდეგ კანონით გაუთვალისწინებელი საშუალებების გამოყენების ფაქტს.

მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებულ კადრებში ნათლად ჩანს, რომ დაზარალებულ მომიტინგეთა უმრავლესობას სხეულის დაზიანებები სწორედ რეზინის ტყვიების გამოყენების შედეგად აქვთ მიღებული. გარდა ამისა, საქართველოს სახალხო დამცველისა და რამდენიმე თვითმხილველის განცხადებით, სამმართველოსთან მობილიზიებული სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრები დემონსტრანტებს ქვებს ესროდნენ.

პოლიციის შესახებ საქართველოს კანონი არ ითვალისწინებს პოლიციის მიერ ქვებისა და რეზინის ტყვიების გამოყენების შესაძლებლობას. კერძოდ, კანონის მე-12 მუხლი ამომწურავად ჩამოთვლის სპეციალური საშუალებების იმ ნუსხას, რომლის გამოყენების უფლებაც პოლიციას აქვს სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის, დანაშაულთან და საზოგადოებრივად საშიშ ქმედებებთან ბრძოლის მიზნით. ასეთ საშუალებებს კანონის თანახმად განეკუთვნება: „ხელბორკილი ან შებორკვის სხვა საშუალება, რეზინის ხელკეტი, ცრემლსადენი გაზი, ფსიქოლოგიური ზემოქმედების შუქბგერითი მოწყობილობა, დაბრკოლების დამანგრეველი და ტრანსპორტის იძულებითი გაჩერების საშუალება, წყალსატყორცნი, ჯავშანმანქანა და სხვა სპეციალური სატრანსპორტო საშუალება, სპეციალური საღებავი, სასამსახურო ძაღლი და ცხენები, ელექტროშოკური მოწყობილობა“.

სპეციალური საშუალებების ნებადართულ ჩამონათვალში, რომელიც ამომწურავია, არაა მითითებული ქვები და რეზინის ტყვიები. შესაბამისად, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, პოლიციას არ ქონდა უფლება თბილისის შს სამმართველოს შენობასთან თავმოყრილი მოქალაქეების წინააღმდეგ კანონით გაუთვალისწინებელი საშუალებები გამოეყენებინა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გმობს ყოველგვარ ძალადობას როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის მხრიდან. თუმცა განსაკუთრებულად საგანგაშოდ მიიჩნევს იმ სტრუქტურის წარმომადგენელების მხრიდან კანონსაწინააღმდეგო საშუალებებით განხორციელებულ ძალადობას, რომელთაც სწორედ კანონმდებლობის საფუძველზე ეკისრებათ მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა.