საია ეხმაურება პოლიციელთა მიერ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულების გაჭიანურებული გამოძიების შემთხვევებს და მოუწოდებს პროკურატურას, დროულად უზრუნველყოს ობიექტური და სრულყოფილი გამოძიების წარმართვა, შესაბამისი პასუხისმგებელი პირების გამოვლენა და პასუხისგებაში მიცემა.
პოლიციელთა მიერ სავარაუდოდ ჩადენილ არასათანადო მოპყრობის შემთხვევებზე გამოძიება ჭიანურდება საია-ს აჭარის ფილიალის წარმოებაში არსებულ სამ საქმეზე:
1. 2016 წლის 26 ივლისს, საქართველოს შს სამინისტროს ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-6 განყოფილების პოლიციის თანამშრომლებმა ადმინისტრაციული წესით დაკავებულ ი.ქ-ს ცემის შედეგად მიაყენეს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება. 2016 წლის 6 სექტემბერს ი. ქ. ცნეს დაზარალებულად, მიუხედავად ამისა დღემდე არ მომხდარა სავარაუდო დანაშაულის ჩამდენ პირთა პასუხისგებაში მიცემა. ი.ქ-მ გამოკითხვის ოქმში მიუთითა კონკრეტული პირები, რომლებმაც მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, მიუხედავად იმისა, რომ ი.ქ-ს განმარტებით, მას შეუძლია აღნიშნული პირების ამოცნობა, მოთხოვნის მიუხედავად, ამ დრომდე არ მომხდარა საგამოძიებო მოქმედების - ამოცნობის ჩატარება.
2. 2017 წლის 25 აგვისტოს, თ.კ. და ლ.ბ. ტრასგენდერ მეგობრებთან ერთად იმყოფებოდნენ ბათუმის ბულვარში, იქ მყოფმა მოქალაქეებმა თ.კ-ს და ლ.ბ-ს ტრასგენდერი მეგობრების მიმართ გამოხატეს აგრესია, თ.კ და ლ.ბ. შეეცადნენ სიტუაციის განმუხტვას, რის გამოც მოქალაქეებმა აგრესიული მოქმედებები მათ მიმართაც გამოხატეს - აგინებდნენ, რამდენიმე მათგანი ხელის კვრით ცდილობდა დარტყმას და ეუბნებოდნენ, როგორ იცავდნენ ტრანსგენდერ პირებს. გამოვლენილი დამოკიდებულების გამო, თ.კ-მ ხმამაღლა თქვა, რომ პოლიციაში აპირებდა დარეკვას, რა დროსაც მასთან მივიდა იქვე მდგარი მამაკაცი (ოთხი მამაკაციდან ერთ-ერთი), რომელსაც ეცვა მუქი, მოკლესახელოებიანი მაისური, თეთრად ეწერა პოლიცია და უთხრა, რომ პოლიცია თავიდანვე იქვე იყო და არსად არ იყო საჭირო დარეკვა.როგორც იქ მყოფი პირების ახსნა-განმარტებებით ირკვევა, მთელი დაპირისპირების მანძილზე, უმოქმედოდ მდგარი მამაკაცები პოლიციის თანამშრომლები იყვნენ, რომლებიც ფიზიკურად გაუსწორდნენ თ.კ-ს და ლ.ბ-ს., დააკავეს ადმინისტრაციული წესით და მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა, თ.კ-ს და ლ.ბ-ს დაზარალებულად ცნობა დღემდე არ მომხდარა და არ მისცემიათ შესაძლებლობა, გაცნობოდნენ საქმის მასალებს.
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ის გარემოება, რომ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს სსკ 333-მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ჩადენილი ძალადობით ან იარაღის გამოყენებით), რაც არ მოიცავს ყველა იმ გარემოების ადეკვატურ და სრულყოფილ შეფასებას, რაც შესაძლოა მომხდარ შემთხვევას უკავშირდებოდეს. გამოძიების პროცესში სამართალდამცავმა ორგანოებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმონ დანაშაულის ჩადენის დისკრიმინაციულ მოტივს, რაც სსკ-ის 531 მუხლის თანახმად სასჯელის დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს.
3. 2017 წლის 12 სექტემბერს, მ.გ., მ.ი., ნ.ვ. და თ.გ., ადმინისტრაციული წესით დააკავეს პოლიციის თანამშრომლებმა, რა დროსაც ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს დაკავებულ პირებს. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო აჭარის ა.რ პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში. მიუხედავად მოთხოვნისა, არ მომხდარა მ.გ.-ს, მ.ი.-ს, ნ.ვ.-ს და თ.გ.-ს, დაზარალებულად ცნობა. მათ არ მისცემიათ შესაძლებლობა, გაცნობოდნენ საქმის მასალებს და შესაბამისად, უცნობია, რა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა გამოძიებამ.
საია კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს პოლიციელთა მხრიდან სავარაუდოდ განხორციელებული წამების ან არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიების პროცესში სახელმწიფოს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობაზე. პოლიციელთა მხრიდან სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულის გამოძიებისას, სახელმწიფომ უნდა გამოიჩინოს განსაკუთრებული ძალისხმევა, რათა არ გაჩნდეს კითხვები სამართალწარმოების ობიექტურად, მიუკერძოებლად და ეფექტურად წარმართვასთან დაკავშირებით.
საია მოუწოდებს პროკურატურას, უზრუნველყოს განცხადებაში მითითებული საქმეების სრულყოფილი და დროული გამოძიება. ამასთან, პოლიციელთა მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების საკითხის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, გაავრცელოს ინფორმაცია თუ რა ეტაპზეა ზემოაღნიშნული საქმეების გამოძიებისა და სისხლის სამართლებრივი დევნის პროცესი და რა საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა საქმეების ირგვლივ ამ დრომდე.