სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია პავლე კუბლაშვილის განცხადებას ეხმაურება

2010-05-30 06:10
Featured image

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმიანება ბ-ნ პავლე კუბლაშვილის 29 მაისს გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები საარჩევნო უბნების გარეთ აღწერენ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებს.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აზრით, ნაციონალური მოძრაობის აღნიშნული განცხადება ეწინააღმდეგება ხმის მიცემის ფარულობის კონსტიტუციურ პრინციპს და წინააღმდეგობაში მოდის საარჩევნო კოდექსის მე-8 მუხლთან, რომელიც კრძალავს ნებისმიერ ზემოქმედებას, რომელიც ზღუდავს ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენას, მათ შორის, კონტროლს ამომრჩევლის ნების გამოვლენაზე.


გარდა ამისა, აღნიშნული განცხადება ეწინააღმდეგება ნაციონალური მოძრაობის სულისკვეთებას 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, როდესაც ბატონმა დავით ბაქრაძემ, ოპოზიციის განცხადებაზე, რომ ისინი აპირებდნენ საკუთარი აქტივისტების საარჩევნო უბნების გარეთ მობილიზებას, განაცხადა, “პოლიტიკურად მოტივირებული ხალხის საარჩევნო უბნების გარეთ ყოფნა დისკომფორტს შეუქმნის ამომრჩევლებს, შექმნის დესტაბილიზაცისა და გამოიწვევს პროვოკაციებს.”
მსგავსი ფაქტები ხდება არა მხოლოდ საარჩევნო უბნების გარეთ, არამედ უშუალოდ უბნის შიგნით. მაგალითად, მე-8 ოლქის 49-ე უბანში მყოფი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი აფიქსირებს მოსულ მხარდამჭერთა ოდენობას და სთხოვს მათ, ხელმოწერით დაადასტურონ უბანზე მოსვლის ფაქტი.