საია შეშფოთებას გამოთქვამს პატიმარ ლ.კ-ს გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით და თანაგრძნობას უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს.
როგორც საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი, ამა წლის 12 მაისს მსჯავრდებული სხეულის დაზიანებებითა და ჯანმრთელობის უკიდურესად მძიმე მდგომარეობით გეგუთის #14 დაწესებულიდან გადაიყვანეს ზ. ცხაკაიას სახელობის, ინტერვენციული მედიცინის დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში, სადაც იგი 23 მაისს გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით გეგუთის #14 დაწესებულებაში ადგილი ჰქონდა პატიმართა ჩხუბს, რის შედეგადაც პატიმარი დაშავდა. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსა (სასჯელაღსრულების სამინისტრო) და მინისტრის ოფიციალურ პოზიცია რამდენჯერმე შეიცვალა. თავდაპირველად, 2013 წლის 15 მაისს,
მინისტრმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ არსებობს ინფორმაცია, პატიმრის კიბეებზე დაგორების შესახებ, თუმცა ამ ფაქტს წინ "რაღაც უძღოდა". მოგვიანებით გადაცემა „
სუბიექტურ აზრში“ კი მან აღნიშნა, რომ წინასწარი ინფორმაციით ადგილი ჰქონდა პატიმრებს შორის ჩხუბს, რომლის შედეგადაც მსჯავრდებული იყო ძალიან ნაცემი. მან გამორიცხა თავდაპირველი ვერსია კიბეებზე დაგორების შესახებ, თუმცა აღნიშნა, რომ დაგორებაც შესაძლებელია, ვიღაცის დახმარებით მოხდეს.
მინისტრის მიერ გაკეთებული კომენტარის მიუხედავად, სასჯელაღსრულების სამინისტროს მიერ 2013 წლის 23 მაისს გაკეთებულ ოფიციალური განცხადებაში დაზიანებების მიღების მიზეზად კვლავ კიბეებიდან დაგორებაა მითითებული:
"საცხოვრებელ კორპუსებში გადანაწილების შემდეგ მითითებულ მსჯავრდებულს, სავარაუდოდ მე-6 საცხოვრებელი კორპუსის კიბეზე ასვლის დროს დაუცურდა ფეხი და საფეხურებზე მრავალჯერადი დაცემის შედეგად, სხეულის სხვადასხვა ადგილას, განსაკუთრებით თავის არეში მიიღო დაზიანებები.“
ყოველგვარი განმარტების გარეშე სამინისტროს აღნიშნული
პოზიცია რადიკალურად შეიცვალა განცხადების გავრცელების დღესვე და განიმარტა, რომ მსჯავრდებულმა დაზიანებები სხეულის სხვადასხვა ადგილას განსაკუთრებით კი თავის არეში საცხოვრებელ კორპუსებში გადანაწილების შემდეგ მიიღო. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ პირველადი ინფორმაციით მსჯავრდებულმა
დაზიანებები პატიმრებს შორის მომხდარი კონფლიქტის შედეგად მიიღო.
გავრცელებული ურთიერთგამომრიცხავი ვერსიები და არათანმიმდევრული ოფიციალური განცხადებები კიდევ უფრო მეტ ბუნდოვანებას მატებს აღნიშნული საქმეს და უამრავ კითხვის ნიშანს ბადებს. აუცილებელია, საქმეზე ჩატარდეს ყოველმხრივი და ობიექტური გამოძიება, რომელიც დაადგენს სასიკვდილო მდგომარეობამდე მსჯავრდებულის მიყვანის მიზეზებსა და გამოკვეთავს ბრალეულ პირებს. იმისათვის რათა, გამოძიება იყოს ობიექტური, აუცილებლად მიგვაჩნია იგი აწარმოოს არა ამავე სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფმა საგამოძიებო დეპარტამენტმა, არამედ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ. საქმეზე ცინცაბაძე საქართველოს წინააღმდეგ, ევროსასამართლომ განაცხადა, რომ ინსტიტუციური კავშირი გამომძიებლებსა და გამოსაძიებელ დაწესებულებას შორის კანონიერ ეჭვს ბადებს გამოძიების პროცესის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით. ვსარგებლობთ ამ შემთხვევით და კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ აუცილებელია საკანონმდებლო ცვლილებები, რათა სასჯელაღსრულების დაწესებულების ტერიტორიაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოირიცხოს სასჯელაღსრულების სამინისტროს საგამოძიებო ორგანოების კომპეტენცია.
გარდა ამისა, გვსურს აღვნიშნოთ, რომ მომხდარი საგანგაშო ფაქტი და სამინისტროს პოზიციის არათანმიმდევრულობა მიუთითებს იმაზე, რომ მდგომარეობა პენიტენციურ სისტემაში კვლავაც პრობლემურია. დაუშვებელი და მიუღებელია პატიმართა ცემა, როგორც სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომელთა, ასევე სხვა პატიმართა მხრიდან. სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაცია თანაბრად ვალდებულია, დაიცვას პატიმართა უფლებები და ასევე უზრუნველყოს წესრიგის არსებობა და უსაფრთხოება. აქედან გამომდინარე, მივმართავთ სასჯელაღსრულების სამინისტროს დეტალურად შეისწავლოს მომხდარი და მიიღოს ადეკვატური ზომები. ასევე, გააანალიზოს მომხდარის გამომწვევი მიზეზები და გაატაროს სისტემური ხასიათის ღონისძიებები, რათა მსგავსი ფაქტები მომავალში თავიდან იქნეს აცილებული.