სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია პარლამენტის წინ მიმდინარე დევნილთა აქციაში პოლიციის ჩარევას გაუმართლებლად მიიჩნევს

2010-08-20 12:08
Featured image

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია შეშფოთებას გამოთქვამს გუშინ, 19 აგვისტოს, პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან პარლამენტის წინ გამართული მშვიდობიანი შეკრების მსვლელობაში ჩარევასთან დაკავშირებით და ამ ფაქტს შეკრების თავისუფლების დარღვევად აფასებს. „შეკრებებისა და მანიფესტაციის“ შესახებ საქართველოს კანონი შეკრებასა და მანიფესტაციას განმარტავს, როგორც მოქალაქეთა შეკრებას ან მასობრივ მსვლელობას „სოლიდარობის ან პროტესტის გამოხატვის მიზნით.“ ბუნებრივია, პროტესტის ნებისმიერი გამოხატულება თავისთავში მოიცავს ხელისუფლებისთვის გარკვეული დისკომფორტის შექმნას, რომლის თმენის ვალდებულებაც პირდაპირ გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციის და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მოთხოვნებიდან.

 

მიუხედავად ამისა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აზრით, 2010 წლის 19 აგვისტოს გამართული დევნილთა საპროტესტო აქციის დროს პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან ადგილი ჰქონდა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, რასაც ადასტურებს  ტელეკომპანიის ,,მაესტრო” და ინტერნეტ-ტელევიზიის itv.ge- მიერ გავრცელებული დევნილთა საპროტესტო აქციის კადრები.

კერძოდ, itv.ge-ს კადრებიდან ჩანს შეკრების ერთ-ერთი ორგანიზატორი, ,,კონსერვატიული პარტიის” წევრი ლაშა ჩხარტიშვილი, რომელიც რუპორით მოუწოდებს შეკრების მონაწილეებს, არ გადავიდნენ გზის სავალ ნაწილზე, ვინაიდან აღნიშნული ქმედების ჩადენა დაუშვებელია. ვიდეომასალიდან ასევე ჩანს პოლიციელი, რომელიც ძალით ცდილობს ფეხით მოსიარულეთა სავალ ადგილას მყოფი აქციის ერთ-ერთი მონაწილის ავტამანქანაში ჩასმას. იმავე მასალიდან ასევე დასტურდება, რომ შეკრების მონაწილეები არ აფერხებდნენ ტრანსპორტის მოძრაობას და ისინი ტრანსპორტის სავალ ნაწილზე მხოლოდ მას შემდეგ გადავიდნენ, რაც პოლიციის თანამშრომლებმა სრულიად გაუგებარი საფუძვლით ლაშა ჩხარტიშვილის დაკავება სცადეს. რუსთაველის გამზირზე გადასვლას და ლაშა ჩხარტიშვილის დაკავების მცდელობას თან მოჰყვა ფიზიკური შეხლა-შემოხლა შეკრების მონაწილეებსა და პოლიციას შორის. ამის შემდეგ, ფიზიკური დაზიანება მიიღო ლაშა ჩხარტიშვილმა, შეუძლოდ გახდა შეკრების მონაწილე ერთ-ერთი ქალბატონი. ადმინისტრაციული წესით დააკავეს და სასამართლოს წარუდგინეს შეკრების ორი მონაწილე - მოძრაობა ,,არას” ლიდერი ლევან ჩიტაძე და ,,სახალხო პარტიის” წევრი ალექსანდრე შალამბერიძე.

სამწუხაროდ, ჩვენთვის მოულოდნელი არ ყოფილა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება, რომელიც, როგორც წესი, დაეყრდნო მხოლოდ პოლიციელთა ჩვენებას და დადგენილებით სამართალდამრღვევებად ცნო ლევან ჩიტაძე და ალექსანდრე შალამბერიძე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე (სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი ბოროტი დაუმორჩილებლობა).  ლევან ჩიტაძეს და ალექსანდრე შალამბერიძეს 400 ლარიანი ჯარიმის გადახდა დაეკისრათ.

ლაშა ჩხარტიშვილის განმარტებით,  შეკრების ორგანიზატორებს ,,შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ” კანონის მე-5 და მე-8 მუხლების შესაბამისად, საპროტესტო აქციის ჩატარების შესახებ მერიაში შეტანილი ჰქონდათ წინასწარი გაფრთხილება. ამგვარად, შეკრება  კანონიერი იყო და არ არსებობდა მასში ჩარევის ან მისი შეწყვეტის სამართლებრივი საფუძველი.

სამწუხაროდ, ეს არ არის იზოლირებული შემთხვევა, როდესაც პოლიცია შეკრების მონაწილეთა მიმართ ძალადობის აქტებშია ჩართული. 2010 წლის 14 აგვისტოს ბუშის ქუჩაზე გამართული საპროტესტო აქციის ერთ-ერთი მონაწილეს ირაკლი კაკაბაძეს დაკავების შემდეგ  ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ირაკლი კაკაბაძის განმარტებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, გიორგი გეგეჭკორი მას ფიზიკურად გაუსწორდა. ტელეკომპანია ,,მაესტროს” მიერ გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ გიორგი გეგეჭკორი უშუალოდ ხელმძღვანელობდა 2010 წლის 19 აგვისტოს პარლამენტის წინ გამართული დევნილთა აქციის მონაწილეთა დაკავებას.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ხელისუფლებას მოუწოდებს, უზრუნველყოს შეკრებებისა და გამოხატვის თავისუფლების ეფექტური რეალიზება და ადეკვატური შეფასება მისცეს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელისუფლებას გაუჭირდება სამართალდამცავ სტრუქტურებში არსებულ დაუსჯელობის სინდრომთან ბრძოლა.