სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივას დეპუტატის იმუნიტეტის შესუსტებასთან დაკავშირებით გაუმართლებლად მიიჩნევს

2014-03-18 13:34
Featured image
საია ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ბატონი დავით უსუფაშვილის, განცხადებას, სადაც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 167-ე და 169-ე მუხლები  არაკონსტიტუციურად არის შეფასებული. საია უარყოფითად აფასებს ინიციატივას არაკონსტიტუციურობის მოტივით სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შეტანილ იქნეს იმგვარი ცვლილებები, რაც პროკურატურას უფლებას მისცემს, დეპუტატის მიმართ დაიწყოს სისხლისსსამართლებრივი დევნა პარლამენტის თანხმობის გარეშე. 
 
საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია პარლამენტის წევრის დაკავება, დაპატიმრება, მისი ბინის, მანქანის, სამუშაო ადგილის ან პირადი ჩხრეკა პარლამენტის თანხმობის გარეშე. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 167-ე და 169-ე მუხლი კი კრძალავს დეპუტატისათვის ბრალის წაყენებას პარლამენტის თანხმობის გარეშე. სისხლისსამართლებრივი დევნის წარმოება, ბრალდების შესახებ დადგენილების მიღება შესაძლებელია ისე მოხდეს, რომ ბრალდებული არ დაკავონ ან არ დააპატიმრონ. თუკი კონსტიტუცია პროკურატურას დეპუტატის დაკავებას უკრძალავს პარლამენტის თანხმობის გარეშე, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი  კრძალავს დეპუტატის ბრალდებულად ცნობას (მიუხედავად იმისა, არის თუ არა იგი დაკავებული).
 
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადგილი არ აქვს კონსტიტუციისა და სისხლის სამართლის  ნორმათა კოლიზიას (წინააღმდეგობას), რადგან ნათელია, რომ ეს ნორმები სხვადასხვა საკითხს არეგულირებენ. შესაბამისად, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ შეიძლება არაკონსტიტუციურად მივიჩნიოთ. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ადგენს დეპუტატის იმუნიტეტის დაცვის უფრო მაღალ სტანდარტს და საიას სურს ხაზგასმით აღნიშნოს, რომ მაღალი უფლებრივი სტანდარტის დამდგენი კანონმდებლობა არ შეიძლება საქართველოს კონსტიტუციასთან მოდიოდეს წინააღმდეგობაში. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოვიდოდა მხოლოდ მაშინ, კოდექსს განსხვავებული რეგულირება რომ დაედგინა იმ საკითხზე, რაც პირდაპირ არის კონსტიტუციით გათვალისწინებული. მაგრამ, რადგან კონსტიტუცია არ არეგულირებს დაკავების გარეშე პირისათვის ბრალის წაყენების შემთხვევას, კანონმდებლის მიერ ამ საკითხის ნებისმიერი შინაარსით რეგულირება, არ წარმოშობს კონსტიტუციურობის პრობლემას (არაკონსტიტუციური იქნებოდა, მაგალითად, პროკურატურას პარლამენტის თანხმობის გარეშე რომ ჰქონოდა დეპუტატის დაკავების შესაძლებლობა).
 
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ზემომითითებულ ნორმათა მიზანია ის, რომ შეიქმნას დეპუტატის იმუნიტეტის დაცვის დამატებითი გარანტიები, რაც კონსტიტუციაში პირდაპირ არ არის გათვალისწინებული, მაგრამ არ შეიძლება კონსტიტუციას ეწინააღმდეგებოდეს. 
საია ასევე ვერ დაეთანხმება პარლამენტის თავმჯდომარის განხცხადებას იმის თაობაზე, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი აბსოლუტურ იმუნიტეტს ანიჭებს დეპუტატს. აბსოლუტური არ შეიძლება ეწოდოს იმუნიტეტს, რომლის მოხსნაც შესაძლებელია პარლამენტის თანხმობით. ამასთან, გასათვალისწინებელია პარლამენტის თავმჯდომარის შეფასება იმასთან დაკავშირებით, რომ არ არსებობს მოცემული საკითხის მარეგულირებელი ცალკეული რეგულაციები (მაგალითად, არ არის განსაზღვრული თუ რა ვადაში უნდა განიხილოს პარლამენტმა პროკურატურის მიმართვა  დევნის დაწყებაზე თანხმობის მიღების შესახებ და ა.შ.). შესაბამისად, მიზანშეწონილი იქნება პარლამენტის ძალისხმევა ამ რეგულაციების ნათლად დადგენისკენ იქნეს მიმართული და არა დეპუტატის დაცვის მაღალი სტანდარტის შემცველი ნორმების გაუქმებისკენ.