სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევის ფაქტს აფასებს, როგორც უკანონო ძალადობას

2009-06-15 20:00
Featured image


საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ არაერთხელ აღნიშნა, რომ ჩვენთვის მიუღებელია ძალადობის ნებისმიერი გამოვლინება, იმისდა მიუხედავად, თუ ვინ დგას ძალადობის უკან. უკანსკნელ დღეებში საზოგადოება მომსწრე გახდა, როგორ ოპერატიულად და ეფექტურად განახორციელა საქართველოს ხელისუფლებამ პარლამენტთან და შოთა რუსთაველის სახელობის თეატრთან მომხდარ ინციდენტებში მონაწილე პირების დაკავება. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გამოთქვამს იმედს, რომ ხელისუფლება მსგავსი ოპერატიულობით გამოიძიებს და შესაბამის პასუხისმგებლობას დააკისრებს 15 ივნისს, თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მშვიდობიანი მომიტინგეების სასტიკ დარბევაში მონაწილე პირებს.

საია მომხდარს აფასებს, როგორც შსს-ს მიერ სანქცირებულ უკანონო ძალადობას, რომლის შედეგადაც სხეულის სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიიღო რამდენიმე ათეულმა მოქალაქემ, ხოლო რამდენიმე ათეული უკანონოდ იქნა დაკავებული.

საია განსაკუთრებულ აღშფოთებას გამოთქვამს იმ ფაქტის გამო, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენელი, რომელიც შეხვედრას ესწრებოდა სპეციალური საიდენტიფიკაციო ფორმით, მიზანმიმართულად სასტიკად იქნა ნაცემი.

მასობრივი ინფორმაციის საშუალებით, კერძოდ ინტერნეტგამოცემა iTV-ის მიერ გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ აქციის მონაწილეების მხრიდან ადგილი არ ჰქონია ძალადობას, მაშინ როდესაც პოლიციის მხრიდან მშვიდობიანი მომიტინგეების მოულოდნელი შტურმი დაიწყო (იხ. ვიდეო: http://itv.ge/?p=10381iTV).

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია განმარტავს, რომ პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, სამსახურეობრივი მოვალეობის განხორციელებისას პოლიციელს უფლება აქვს გამოიყენოს ფიზიკური იძულება, თუმცა ვალდებულია ამის შესახებ “წინასწარ გააფრთხილოს პირი, მისცეს საკმარისი დრო, რათა მან შეასრულოს პოლიციელის კანონიერი მოთხოვნა.”

საიას მიაჩნია, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუკი შეკრება იმართებოდა სამმართველოდან კანონით აკრძალული პერიმეტრის (სამმართველოდან 20 მეტრის რადიუსში) ფარგლებში, პოლიცია ვალდებული იყო წინასწარ გაეფრთხილებინა შეკრების მონაწილეები და მიეცა მათთვის დრო, დამორჩილებოდნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას. თუმცა, როგორც გავრცელებული კადრებიდან ჩანს, პოლიციის მხრიდან შეკრების დაშლის მოთხოვნას ადგილი არ ჰქონია.

საქართველოს ახალგაზრდა იურსტთა ასოციაციის შეფასებით, უკანონობის ჯაჭვი, რომელიც პოლიციის სამმართველოსთან მომიტინგეთა სასტიკი დარბევით დაიწყო, დღის მეორე ნახევარშიც გაგრძელდა, როდესაც საიას ადვოკატებს არ მიეცათ პოლიციის სამმართველოს წინასწარი დაკავების იზოლატორში მოთავსებული დაკავებულების მონახულებისა და სასამართლო პროცესებზე მათი დაცვის განხორციელების უფლება.

საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, “დაცვის უფლება გარანტირებულია” - რაც სხვა პროცესუალურ უფლებებთან ერთად ასევე გულისხმობს დაკავებულის უფლებას, დაუბრკოლებლად შეხვდეს თავის დამცველს დაკავებისთანავე და ისარგებლოს მისი მომსახურებით.

მიუხედავად არაერთგზისი მცდელობისა, საიას ადვოკატებს არ მიეცათ წინასწარი დაკავების იზოლატორში თავისი დაცვის ქვეშ მყოფი პირების მონახულების უფლება, იმ მოტივით, თითქოსდა დაკავებული პირები იზოლატორში არ იმყოფებოდნენ.

საიას ადვოკატებს ასევე დაბრკოლება შეექმნათ თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც მანდატურებმა ფიზიკური დაბრკოლებების შექმნით არ მოგვცეს დაკავებული დაჩი ცაგურიას პროცესზე დასწრების უფლება. გარდა ამისა, სასამართლოს ზოგიერთი თანამშრომელი მიზანმიმართულად ცდილობდა დაცვის მხარისთვის დაემალა ინფორმაცია სასამართლოს შენობაში გადმოყვანილი დაკავებული პირების სასამართლო პროცესების შესახებ.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ 15 ივნისს განვითარებული მოვლენები არ ემსახურება სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი საზოგადოების ნდობის აღდგენის პროცესს და მოუწოდებს ხელისუფლებას, სამართლიანობის აღდგენის მიზნით, უმოკლეს ვადაში დასაჯოს ყველა პასუხისმგებელი პირი, რომელმაც გასცა მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევის ბრძანება. ასევე სათანადო შეფასება მისცეს წინსწარი დაკავების იზოლატორსა და თბილისის საქალაქო სასამართლოში დაკავებულ პირთა კონსტიტუციით გარანტირებული დაცვის უფლების განხორციელებისთვის ხელისშეშლის ფაქტებს.