საია ეხმაურება საქართველოს სახალხო დამცველის 2010 წლის 21 აგვისტოს განცხადებას თბილისის #8 პატიმრობისა და დახურული თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების საკნებში შექმნილ არასათანადო პირობებსა და თავისუფლებააღკვეთილი პირის ადვოკატთან საუბრის კონფიდენციალობისათვის შექმნილ დაბრკოლებებთან დაკავშირებით. საია ადასტურებს სახალხო დამცველის განცხადებაში მითითებულ გარემოებებს და სრულად იზიარებს მასში გამოთქმულ წუხილს.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატის გაგი მოსიაშვილის განმარტებით, #8 დაწესებულებაში ადვოკატის შეხვედრა თავისუფლებააღკვეთილ პირთან (ბრალდებული, მსჯავრდებული) ტარდება საგამოძიებო ოთახებში. გაგი მოსიაშვილის თქმით, დაწესებულების თანამშრომლები, თავისუფლებააღკვეთილ პირთან საუბრისას, საგამოძიებო ოთახის კარის დახურვის შესაძლებლობას არ აძლევენ. ამგვარად, იქმნება ადვოკატის და თავისუფლებააღკვეთილი პირის საუბრის მოსმენის საფრთხე.
საიასათვის გამოგზავნილ განცხადებაში #8 დაწესებულებაში მყოფი პირები ადასტურებენ საკნებში შექმნილი მძიმე პირობების არსებობას, რაზეც თავის განცხადებაში ყურადღებას ამახვილებს სახალხო დამცველი (კერძოდ, საძილე საშუალებების არარსებობა ან აღნიშნული საშუალებებით არასათანადო უზრუნველყოფა, სპეციფიკური სუნი და სხვა).
მოქმედი კანონმდებლობა გამორიცხავს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ადვოკატისა და თავისუფლებააღკვეთილი პირის მოსმენის შესაძლებლობას. პატიმრობის კოდექსის მე-18 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: "ბრალდებულს/მსჯავრდებულს აქვს დამცველთან ყოველგვარი შეზღუდვისა და ჩარევის გარეშე შეხვედრის უფლება. პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების თანამშრომლებს შეუძლიათ დამცველთან შეხვედრას დააკვირდნენ ვიზუალურად, ტექნიკური საშუალებით დისტანციური დაკვირვებისა და ჩაწერის პირობებში, მაგრამ მოსმენის გარეშე.” მოსმენის რეალური საფრთხე იქმნება მაშინ, როდესაც ადვოკატთან შესახვედრად გამიზნული ოთახის კარი არ იხურება და ვიზუალური დაკვირვება ხორციელდება ღია კარის მეშვეობით.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში კალაშნიკოვი რუსეთის წინააღმდეგ, განაცხადა, რომ ვენტილაციის არარსებობა და ძილის შესაძლებლობის უქონლობა არღვევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლს.
საია #8 დაწესებულების ადმინისტრაციას მოუწოდებს, გადადგას შესაბამისი ნაბიჯები სახალხო დამცველის განცხადებაში მითითებული პრობლემების მოსაგვარებლად. კერძოდ, უზრუნველყოფილი იქნეს თავისუფლებააღკვეთილი პირისა და დამცველის საუბრის კონფიდენციალობა, გატარდეს სათანადო ღონისძიებები საკნებში ძილისათვის საჭირო ნორმალური პირობების შესაქმნელად.