2012 წლის 6 აგვისტოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის ახალი ბრძანება გამოქვეყნდა, რომლითაც მთელი რიგი ვალდებულებები უდგინდებათ საარჩევნო სუბიექტებს, მაუწყებლებსა და გაზეთებს. კერძოდ, ბრძანების მიხედვით, საარჩევნო სუბიექტებმა წინასწარ უნდა გადაიხადონ ერთი კვირის განმავლობაში ფასიანი წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისათვის საეთერო დროის ან/და გაზეთის ფართობის ღირებულება. ასევე, საარჩევნო სუბიექტებმა, მაუწყებლებმა და გაზეთებმა ამ ბრძანების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშსწორების შესახებ ინფორმაცია უნდა მიაწოდონ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ანგარიშსწორების განხორციელებიდან არა უგვიანეს 24 საათისა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოცემული ბრძანება სცდება კანონით დადგენილ ჩარჩოებს, რამეთუ აღნიშნული უწყების კომპეტენციას არ მიეკუთვნება, განსაზღვროს საარჩევნო სუბიექტების მიერ მაუწყებლებთან და გაზეთებთან რეკლამის განთავსების მიზნით გარიგებაში შესვლის წესი, ანგარიშსწორების სახე და გადახდილი თანხის მოცულობა. აღნიშნული საკითხების გადაწყვეტა თავად მხარეების უფლებაა და არა სახელმწიფო დაწესებულების რეგულირების საგანი. ბრძანებაში სამართლებრივ საფუძველად მითითებულია რამდენიმე არარელევანტური მუხლი, რომელთა მიხედვით, აღნიშნულ უწყებას მხოლოდ პარტიათა ფინანსურ მდგომარეობასთან დაკავშირებული მონაცემების გამჭვირვალობის წესის დადგენა შეუძლია. საქმიან ურთიერთობაში შესვლისა და ანგარიშსწორების პირობების დადგენა სცილდება გამჭვირვალობის წესის დადგენის კომპეტენციას და კანონის ჩარჩოებიდანაა გასული. გარდა იმისა, რომ მითითებული წესების შემოღება ეწინააღმდეგება კანონს, ის ამავდროულად ადგენს გაუმართლებელ შეზღუდვებს საარჩევნო სუბიექტებისათვის, ხოლო ცალკეულ შემთხვევებში შესაძლოა, მათ ხელოვნური ბარიერებიც კი შეუქმნას. განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს ის გარემოება, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს არ წარმოუდგენია კონკრეტული დასაბუთება, თუ რატომ გახდა აუცილებელი აღნიშნული წესების შემოღება, რა კონკრეტულ მიზანს აღწევს აუდიტის სამსახური ახალი რეგულირებით.
აღსანიშნავია ისიც, რომ აღნიშნული ახალი რეგულაციებით მედიას ეკისრება ორმაგი ვალდებულება მოახდინოს სახელმწიფოს ინფორმირებულობა წინასაარჩევნო რეკლამის განთავსების თაობაზე. ქართული კანონმდებლობით, წინასაარჩევნოდ მედიის საქმიანობის კონტროლი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ფუნქციაა. კერძოდ, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 51-ე მუხლის მე-15 პუნქტის თანახმად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია განსაზღვრავს საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესს, უზრუნველყოფს მაუწყებლის მიერ ამ კანონით დადგენილ ნორმათა დაცვის მონიტორინგს და ახდენს შესაბამის რეაგირებას ამ ნორმების დარღვევაზე. ამავე აქტით, მედიაორგანიზაციებს ევალებათ საჯარო გახადონ მონაცემები, აგრეთვე აცნობონ კომისიას თუ რომელი რიცხვიდან რომელ რიცხვამდე და რა პერიოდულობითაა გამოყოფილი საეთერო დრო, 1 დღის განმავლობაში გამოყოფილი დროის ხანგრძლივობა და გრაფიკი, საეთერო დროის ტარიფი, გაწეული მომსახურება. აღნიშნულ ინფორმაციას მხოლოდ ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული გაზეთები აქვეყნებენ ყოველკვირეულად.
ამასთანავე მნიშვნელოვანია, რომ დღეისათვის საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება „საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის დამტკიცების თაობაზე“ დადგენილების მიღების მიზნით. აღნიშნული დადგენილების პროექტის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2012 წლის 6 აგვისტოს N137/37 ბრძანებით განსაზღვრული წესების დარღვევისათვის მაუწყებელს პასუხისმგებლობა ეკისრება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით კი სანქციად გათვალისწინებულია გაფრთხილება, ჯარიმა, ლიცენზიის მოქმედების შეჩერება ან ლიცენზიის მოქმედების გაუქმება.
ვფიქრობთ, გაუმართლებელია, ორი საჯარო დაწესებულება ერთდროულად ახდენდეს წინასაარჩევნო საკითხებზე მედიის მონიტორინგს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წინაშე დამატებითი ვალდებულების დაკისრება მძიმე ტვირთი იქნება მედიაორგანიზაციებისათვის. თავის მხრივ, მედიის მონაწილეობა წინასაარჩევნო პროცესში მაღალი სენსიტივობით გამოირჩევა და მედიის მაკონტროლებელი ფუნქცია უნდა შეითავსოს მხოლოდ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ.
მოვუწოდებთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, დაუყოვნელივ გააუქმოს მის მიერ ამა წლის 6 აგვისტოს მიღებული კანონსაწინააღმდეგო აქტი. ყველა საარჩევნო სუბიექტს, მაუწყებელსა და გაზეთს, რომელთაც ეხებათ აღნიშნული შეზღუდვები, უფლება აქვთ მიმართონ სასამართლოს და მოითხოვონ ზემოაღნიშნული აქტის ბათილად ცნობა. საია გამოთქვამს მზადყოფნას განახორციელოს დაინტერესებული პირების წარმომადგენლობა სასამართლოში.