სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია მოსამართლე ნათია გუჯაბიძის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება

2016-06-03 13:11
Featured image

მიმდინარე წლის 1 ივნისს გავრცელდა განცხადება ტელეკომპანია რუსთავი 2-ის საქმის განმხილველი მოსამართლის ნათია გუჯაბიძის თაობაზე, რომლის თანახმადაც, მას საცხოვრებელი ბინის დაქირავებისათვის საჭირო ხარჯი წლების განმავლობაში უნაზღაურდებოდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან, იმ პირობებში, როდესაც მოსამართლე ბინას საკუთარი ოჯახის წევრისაგან ქირაობდა. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ქმედება, დადასტურების შემთხვევაში, წარმოადგენს დისციპლინურ გადაცდომას, კერძოდ მოსამართლისათვის შეუფერებელ ქმედებას, რომელიც ბღალავს სასამართლოს ავტორიტეტს ან ზიანს აყენებს სასამართლოსადმი ნდობას; ამასთან, ეს ქმედება შესაძლოა შეიცავდეს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, რის გამოც საქართველოს პროკურატურამ აღნიშნულზე უნდა დაიწყოს გამოძიება.  

ზემოაღნიშნული ფაქტი და მასთან დაკავშირებით გაკეთებული იუსტიციის საბჭოს განმარტება, რომელმაც სათანადოდ ვერ გააბათილა საზოგადოებაში გაჩენილი ეჭვები, საფრთხეს უქმნის სასამართლოს რეპუტაციას, მის მიმართ საზოგადოების ნდობას და ასევე, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საქმის განმხილველი მოსამართლის მიერ მიმდინარე დავის მიუკერძოებლად და დამოუკიდებლად განხილვის შესაძლებლობას.

შექმნილ ვითარებაში, აუცილებელია, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ამომწურავად და სრულყოფილად გასცეს პასუხი საზოგადოებაში არსებულ კითხვებს. ამასთან, კანონით დადგენილი წესით, პროკურატურამ უნდა დაიწყოს გამოძიება მოსამართლე ნათია გუჯაბიძის მიერ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტთან დაკავშირებით; ასევე, შესწავლის საგანი უნდა გახდეს, რამდენად ადეკვატური და კანონთან შესაბამისი იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან აღნიშნულ ფაქტზე განხორციელებული რეაგირება.

ამასთან, რუსთავი 2-ის საქმის განხილვა არ უნდა გაგრძელდეს იმ სასამართლო შემადგენლობის მიერ, რომლის დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის მიმართ კითხვები არსებობს.     

აქვე აღსანიშნავია, რომ მოცემული შემთხვევა კიდევ ერთხელ აღძრავს ეჭვებს სასამართლო ადმინისტრირების სისტემაში მანკიერი პრაქტიკის არსებობის თაობაზე, მათ შორის, მოსამართლეთა დისციპლინური სამართალწარმოების მიმართულებით. ერთი მხრივ, იუსტიციის საბჭოს მხრიდან არასათანადო რეაგირება შესაძლო დისციპლინურ გადაცდომაზე, მეორე მხრივ, შესაძლო დანაშაულის შეუტყობინებლობა შესაბამისი ორგანოებისათვის - საქმის გამოუძიებლად დატოვება განუსაზღვრელი ვადით მაგრამ იმ პირობებში, როცა ნებისმიერ დროს შესაძლებელია საქმეზე დაიწყოს გამოძიება - მოსამართლეს აქცევს მოწყვლადად როგორც იუსტიციის საბჭოს, ასევე ხელისუფლების სხვა შტოებისთვის და საფრთხეს უქმნის მის მიუკერძოებლობასა და დამოუკიდებლობას.

მსგავსი შემთხვევები სერიოზულ ზიანს აყენებს როგორც კონკრეტული მოსამართლის, ისე მთლიანად სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობასა და რეპუტაციას და კიდევ ერთხელ ადასტურებს სასამართლო ადმინისტრირების მიმართულებით ფუნდამენტური რეფორმის გატარების აუცილებლობას.

 

დამატებითი ფაქტობრივი გარემოებები

 

ცნობილია, რომ:

- საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, მოსამართლე ნათია გუჯაბიძეს უნაზღაურდებოდა საცხოვრებელი ბინის დაქირავებისათვის საჭირო ხარჯი 2007 წლიდან. საბჭოს 2014 წლის 20 იანვრის #1/1 გადაწყვეტილებით და აღნიშნულ გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ 2014 წლის 8 მაისის #1/39 გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ მოსამართლე ნათია გუჯაბიძეს უნაზღაურდებოდა საცხოვრებელი ბინის დაქირავებისათვის საჭირო ხარჯი 2014 წლის 20 იანვრიდან 8 მაისის პერიოდშიც. ნათია გუჯაბიძეს სამოსამართლო უფლებამოსილების ვადა ამოეწურა 2015 წლის 22 სექტემბერს და 2016 წლის იანვრიდან ის კვლავ დანიშნულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ.

- ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ტელეეთერით გავრცელებულ კომენტარში, მოსამართლის დედა ადასტურებს, რომ მას ბინის ქირას სახელმწიფო უხდიდა;

- მოსამართლის, ნათია გუჯაბიძის ქონებრივი დეკლარაციების თანახმად, რომლებიც საჯარო სამსახურის ბიუროს ოფიციალურ ვებ-გვერდზეა ხელმისაწვდომი www.declaration.gov.ge დასტურდება, რომ არც 2014 წელს და არც მას შემდეგ მოსამართლე ნათია გუჯაბიძეს საკუთრებაში არ აქვს საცხოვრებელი უძრავი ქონება;

- ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ საბჭომ ნათია გუჯაბიძის საქმის პროკურატურისთვის გადაგზავნაზე უარი თქვა, მოსამართლე არც დისციპლინურ პასუხისგებაში მიუცია და მას მხოლოდ სარეკომენდაციო ბარათით მიმართვა აკმარა;

- იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ნათია გუჯაბიძე 2005 წელს დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ, 2007 წლიდან ის მივლინებულ იქნა თბილისის სააპელაციო სასამართლოში, ხოლო 2012 წლის 16 ოქტომბერს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, დაწინაურდა და გადაყვანილ იქნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ დარჩენილი უფლებამოსილების ვადით. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აღნიშნული გადაწყვეტილება არ შეიცავს მოსამართლის გადაყვანის დასაბუთებას, რაც არა მხოლოდ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, არამედ ზოგადად პრობლემურია. პრაქტიკაში იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვერ უზრუნველყოფს მოსამართლის შეუცვლელობის პრინციპის სათანადოდ დაცვას. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების საპასუხოდ, 2 ივნისს, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც საბჭო ადასტურებს შემდეგ ორ ფაქტობრივ გარემოებას: საბჭოს ნათია გუჯაბიძის მიმართ არასოდეს გამოუყენებია დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა ან ღონისძიება; საბჭოს არასოდეს მიუმართავს პროკურატურის ორგანოებისთვის მოსამართლე ნათია გუჯაბიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი გამოძიების დაწყების წინადადებით.   

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, ზემოაღნიშნული განცხადებით, უპასუხოდ დატოვა რიგი მნიშვნელოვანი კითხვები, რომლებიც მოსამართლე ნათია გუჯაბიძის შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ გააჩინა საზოგადოებაში. კერძოდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭო თავის განცხადებაში:

- არ უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მოსამართლის დედა სახელმწიფოსგან იღებდა ბინის ქირის საფასურს;

- არ განმარტავს თუ რატომ შეუწყვიტა  მოსამართლე გუჯაბიძეს ბინის დაქირავებისათვის საჭირო ხარჯების ანაზღაურება, მაშინ როცა მოსამართლის საკუთრებაში საცხოვრებელი ფართი კვლავ არ ფიქსირდებოდა;

- არ ასაბუთებს რა გარემოებების საფუძველზე იქნა მიღებული გადაწყვეტილება მოსამართლის ბინის ქირის დაქირავებისათვის საჭირო ხარჯების ანაზღაურების შესახებ, ცნობილი იყო თუ არა საბჭოსთვის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები მოსამართლის დედის ბინის დაქირავებისთვის გადაიხდებოდა და როდის გახდა აღნიშნული საბჭოსთვის ცნობილი;

- არ განმარტავს ხომ არ არის მოსამართლის აღნიშნულ ქმედებაში დანაშაულის ნიშნები და რატომ არ შეატყობინა აღნიშნულის შესახებ პროკურატურის ორგანოებს;

- არ განმარტავს იმსჯელა თუ არა და თუ იმსჯელა, რატომ არ მიიჩნია მოსამართლის აღნიშნული ქმედება დისციპლინურ გადაცდომად.