საია მხარს უჭერს კონსენსუსზე ორიენტირებულ კონსტიტუციურ სისტემას. საკანონმდებლო ორგანოში მაქსიმალური პროპორციული წარმომადგენლობა ამგვარი მოდელის ქვაკუთხედია. არსებული საარჩევნო სისტემა ახალისებს პოლარიზაციასა და ხელს უშლის ინსტიტუციონალიზებულ პოლიტიკაში საზოგადოების ფართო ფენების ჩართულობას.
ამიტომ მივესალმებით 8 მარტს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საერთაშორისო პარტნიორების ფასილიტაციით მიღწეულ შეთანხმებას და მას დემოკრატიულ წინსვლად ვაფასებთ. იმავდროულად, ვწუხვართ, რომ, დოკუმენტის მიხედვით, რიგგარეშე არჩევნების შემთხვევაში სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა 2024 წლის იქით გადაიწევს.1 მიუხედავად ამისა, მხარს ვუჭერთ შემოთავაზებულ ვერსიას, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს მაჟორიტარული და პროპორციული მოდელების შერევით წარმოქმნილ სისტემურ ხარვეზებს და იძლევა შესაძლებლობას, არჩევნები ჩართული მხარეების მიერ აღიარებული თამაშის წესებით ჩატარდეს.
ერთობლივად გამოქვეყნებული განცხადების ტექსტის და საკანონმდებლო მუშაობის ლოგიკის კვალდაკვალ საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს წინ აქვს სკურპულოზური სამუშაო, რომელმაც, ერთი მხრივ, პროპორციული არჩევნების შედეგების სამართლიანი განაწილებას წესი, ხოლო, მეორე მხრივ, მაჟორიტარული ოლქების საზღვრები უნდა დაადგინოს. საია იმედს გამოთქვამს, რომ პროცესი საპარლამენტო ძალებს შორის ურთიერთთანამშრომლობის განწყობით გაგრძელდება, ზემოაღნიშნული შეთანხმება კი, საფუძვლად დაედება წინასაარჩევნო პროცესების მშვიდ გარემოში წარმართვას. ეს მოქალაქეებს შესაძლებლობას მისცემს, კენჭისყრის დღეს არჩევანი ესკალაციისა და დაძაბულობისგან თავისუფალ გარემოში გააკეთოს, რაც სტაბილური განვითარების წინაპირობაა.
-------------------------------
1შეთანხმების შესაბამისად: „2020-დან 2024 წლამდე შუალედში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში, პირველი ასეთი არჩევნები ჩატარდება 2020 წლისთვის განსაზღვრული წესების შესაბამისად.“ ამ ჩანაწერის მიხედვით, სრულად პროპორციული არჩევნების ჩატარების თეორიულად ყველაზე შორი თარიღი 2027 წელია.