სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია მიიჩნევს, რომ ნიკა გორგილაძის უსაფრთხოებას რეალური საფრთხე ემუქრება

2018-05-24 13:26
Featured image

როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, 2018 წლის 17 მაისს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობის მიმდინარე ტერიტორიაზე ანტიჰომოფობიურ აქციაზე, სადაც ნიკა გორგილაძე გამოდიოდა სიტყვით, მასზე განხორციელდა თავდასხმა.[1] დღეის მდგომარეობით აღნიშნულ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.

საია გამოხატავს შეშფოთებას იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რომლებიც ზემოხსენებული ფაქტის შემდგომ განვითარდა, კერძოდ, ნიკა გორგილაძე მუდმივად იღებს მუქარის შემცველ გზავნილებს სოციალური ქსელის მეშვეობით, ასევე, ნიკას განცხადებით, იგი ყოველდღიურად ხდება აგრესიისა და შეურაცხყოფის მსხვერპლი ქუჩასა თუ საზოგადოებრივ ტრანსპორტში. ძალადობასა და მუქარას იმდენად ინტენსიური ხასიათი აქვს, რომ ნიკას ყოველდღიური ცხოვრების წესი საფრთხის ქვეშაა. ის მუდმივად განიცდის დაუცველობის შეგრძნებასა და შიშს.

ნიკა გორგილაძის მიმართ განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებით, საიამ მიმართა როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე, საქართველოს მთავარ პროკურატურას და ითხოვა ზემოაღნიშნულ ფაქტებზე რეაგირების განხორციელება, ხოლო ნიკას მიმართ კი, დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენება.

მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ დაიცვას თითოეული მოქალაქე და უზრუნველყოს მათი უსაფრთხოება, განურჩევლად სექსუალური ორიენტაციისა თუ სხვა ნებისმიერი ნიშნისა.

 


[1] http://liberali.ge/news/view/36792/video-antihomofobiur-aqtsiaze-sityvit-gamomsvlels-tavs-daeskhnen