სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება

2014-06-07 14:46
Featured image
2014 წლის 5 ივნისს, მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ საარჩევნო ბლოკის -  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გამგებლობის კანდიდატის აკმამედ იმამკულიევის საარჩევნო რეგისტრაცია გააუქმა.  რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი გახდა სადამკვირვებლო ორგანიზაციის „თავისუფალი განვითარებისა და უფლებების დაცვის ასოციაციის“ განცხადება, რომლის თანახმადაც გამგებლობის კანდიდატს საქართველოში ბოლო 2 წლის განმავლობაში მუდმივად არ უცხოვრია.  აღნიშნულ საკითხზე საოლქო საარჩევნო კომისიაში გადაწყვეტილების მიღებას ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. საიას დამკვირვებლები 5 ივნისს მარნეულში იმყოფებოდნენ და პირადად აკვირდებოდნენ საოლქო საარჩევნო კომისიაში განვითარებულ მოვლენებს. 
 
საიას დამკვირვებლების ინფორმაციით, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ოთახში იმყოფებოდნენ საპარლამენტო უმცირესობს წევრები ხათუნა გოგორიშვილი, გიგი უგულავა, ირმა ნადირაშვილი, ნუგზარ წიკლაური, გიორგი გაბაშვილი და სხვები. ნაციონალური მოძრაობის წევრებს დაკავებული ჰქონდათ მარნეულის #22 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის კაბინეტი და დაახლოებით 2 საათის განმავლობაში არ აძლევდნენ მას საშუალებას ხელი მოეწერა განკარგულებაზე. ისინი ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდნენ კომისიის თავმჯდომარეზე და ეუბნებოდნენ, რომ თუ თავმჯდომარე გამგებლობის მათ კანდიდატს გაუუქმებდა რეგისტრაციას, ამ ფაქტს მარნეულში დაპირისპირება და სისხლისღვრა მოჰყვებოდა, რაზეც პასუხისმგებლობა სწორედ საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს დაეკისრებოდა. ადგილი ჰქონდა თავმჯდომარის მიმართ სიტყვიერ შეურაცხყოფასაც.
 
ამასთან, საიას დამკვირვებლების ინფორმაციით, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს საკმაოდ ხშირად, ტელეფონზე ურეკავდნენ უცნობი პირები და გამუდმებით რაღაცას ეკითხებოდნენ. ოლქის თავმჯდომარის პასუხი სატელეფონო ზარებზე კი იყო შემდეგი:  „ვერა, ჯერ ვერა, ვერ ვქენი.“ იქმნებოდა ვარაუდი, რომ თავმჯდომარეს გაურკვეველი პირები აიძულებდნენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატის რეგისტრაციის გაუქმებას.
 
დაახლოებით ხუთ საათზე, როდესაც საოლქო საარჩევნო კომისიაში პოლიცია შევიდა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები წინ გადაეღობნენ პოლიციას და არ მისცეს საშუალება ოთახიდან თავმჯდომარე გაეყვანათ და არც თავად გადიოდნენ ოთახიდან. მოხდა ისე, რომ საღამოს 18:00 საათამდე, კომისიის თავმჯდომარემ ვერ მოახერხა განკარგულებაზე ხელის მოწერა, ხოლო  საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელთა და სხვა პირთა თანდასწრებით დახურა საოლქო საარჩევნო კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალი. საიას დამკვირვებლები შეეცადნენ გასაუბრებოდნენ საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, თუმცა პოლიციის წარმომადგენლებმა მას საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან გასაუბრების შესაძლებლობა არ მისცეს. პოლიციას გადაკეტილი ჰქონდა თავმჯდომარის ოთახის შესასვლელი და იქ არავის უშვებდა.  მას შემდეგ, რაც საიას დამკვირვებლებმა კიდევ ერთხელ  მოისურვა საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან შეხვედრა, მას უთხრეს, რომ ის  შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.
 
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენთვის გაურკვეველია, თუ რა ხდებოდა თავმჯდომარის კაბინეტში, მაშინ როდესაც თავად იგი იქ არ იმყოფებოდა ან რატომ არ მისცეს პოლიციის წარმომადგენლებმა საიას დამკვირვებელს უფლება, შესულიყო თავმჯდომარის ოთახში და მას გასაუბრებოდა. ფაქტია, რომ ამის მიუხედავად, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გადაიგზავნა განკარგულება თავმჯდომარის ხელმოწერით, რომლის თანახმადაც გამგებლობის კანდიდატს აკმამედ იმამკულიევს რეგისტრაცია გაუუქმდა. სავარაუდოდ განკარგულება გამოცემული და რეგისტრირებული იქნა იმავე დღეს 18:00 საათის შემდგომ, რაც საქართველოს ორგანული კანონის საარჩევნო კოდექსის მე-8 მუხლის მე-10 პუნქტის დარღვევას წარმოადგენს. აღნიშნული მუხლის თანახმად, გარდა საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევებისა, საარჩევნო კომისია საარჩევნო დოკუმენტაციის მიღებას, გაცემასა და რეგისტრაციას სამუშაო დღის 18 საათამდე ახორციელებს.
 
მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი სახით ჩარევა საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობაში დაუშვებელია. ამ მიზნით საარჩევნო ბლოკის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ წარმომადგენლების ქმედებები საოლქო კომისიის თავმჯდომარეზე ზეწოლას წარმოადგენდა. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ დაპირისპირების წყარო საარჩევნო ადმინისტრაციის უსამართლო და არათანმიმდევრული გადაწყვეტილებებია - თითქმის მსგავს შემთხვევებში თუ საქმე ეხება ოპოზიციური პოლიტიკური ძალის კანდიდატებს, საარჩევნო ადმინისტრაცია მათ საარჩევნო რეგისტრაციას აუქმებს, ხოლო თუ საქმე ეხება მმართველი საარჩევნო ბლოკის კანდიდატებს,  საარჩევნო ადმინისტრაცია მათ რეგისტრაციას ძალაში ტოვებს.   
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ
 
საარჩევნო ადმინისტრაციას - იყოს ობიექტური და საკუთარ ქმედებებში გამორიცხოს არათანმიმდევრულობისა და მიკერძოებულობის აღქმა. მიუხედავად იმისა, თუ რომელი პოლიტიკური გაერთიანების კანდიდატის საკითხი იხილება, ყოველთვის იმოქმედოს ერთი და იგივე სტანდარტით, საარჩევნო კოდექსის რომელიმე ნორმის ბუნდოვანება არ იქნეს განმარტებული ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების კანდიდატთა საწინააღმდეგოდ და სახელისუფლებო პოლიტიკური გაერთიანების სასარგებლოდ. 
 
საარჩევნო სუბიექტებს - არ ჩაერიონ საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობაში და თავი შეიკავონ ისეთი ქმედებების განხორციელებისაგან, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციაზე ზეწოლად აღიქმება.
 
სამართალდამცავ ორგანოებს - დროულად და ობიექტურად შეისწავლონ ყველა ის ქმედება, რასაც ადგილი ჰქონდა მარნეულში. სამართალდამცავი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ არა მხოლოდ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელთა ქმედებებით, არამედ ასევე იმ სავარაუდო ზეწოლით, რაც საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეზე სატელეფონო ზარების თუ სხვა რაიმე სახით ხორციელდებოდა. გარდა ამისა, ცალკე შესწავლის საგანი უნდა გახდეს თავად პოლიციელთა მხრიდან საიას დამკვირვებელთათვის კანონით მინიჭებული უფლებების განხორციელებისას ხელშეშლის ფაქტი.