დღეს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) ანგარიში - ,,საარჩევნო დავების ანალიზი“ პრეზენტაცია გამართა. ანგარიშის მიზანია, გამოკვეთოს ის ძირითადი ტენდენციები და საკანონმდებლო ხარვეზები, რომლებიც ხელს უშლის საარჩევნო დავების სამართლიან გადაწყვეტას და აჩენს უნდობლობას საარჩევნო პროცესების მიმართ.
ანგარიშში საია აფასებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულ საარჩევნო დავებს როგორც წინასაარჩევნო, ასევე, კენჭისყრის დღეს და შემდგომ პერიოდში. ანგარიშში მოცემულია საარჩევნო დავების განხილვის პროცესში გამოვლენილი ძირითადი ხარვეზები. ასევე გაანალიზებულია საარჩევნო ადმინისტრაციებისა და სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში ასახული პრობლემური პრაქტიკა.
ანგარიშის ძირითადი მიგნებები
1. საქართველო ინარჩუნებს საარჩევნო დავების წარდგენისა და გადაწყვეტის არსებითად პრობლემურ კანონმდებლობას. საარჩევნო დავების განხილვისთვის დადგენილი ვადების სიმცირე მნიშვნელოვანი ბარიერია სათანადო დასაბუთების მომზადების, შესაბამისი მტკიცებულებების შეკრებისა და საჩივრის წარდგენის თვალსაზრისით, მით უფრო იმ პირობებში, რომ არ არსებობს ელექტრონულად მისი გაგზავნის წესი.
2. გამოწვევად რჩება სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების შეუძლებლობა. იმ პირობებში, როდესაც საარჩევნო ადმინისტრაციის არსებული პრაქტიკა საარჩევნო კანონმდებლობის განმარტებასთან დაკავშირებით ხშირად კანონსაწინააღმდეგო და არაერთგვაროვანია, გადაწყვეტილებებზე სასამართლო კონტროლი არის გამოსავალი საარჩევნო კომისიის დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების მიმართ ეჭვების გამორიცხვის თვალსაზრისით.
3. პრობლემად რჩება სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების/განჩინების ჩაბარების ვადებთან დაკავშირებული სათანადო რეგულაციების არარსებობა. კერძოდ, კანონმდებლობა არ ითვალისწინებს პირველი ინსტანციის სასამართლოდან სააპელაციო სასამართლოში საქმის გადაგზავნის, სააპელაციო სასამართლოს მიერ საჩივრის განხილვის დაწყებისა და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების/განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების შემდგომ მხარისთვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების ცხად ვადებს, რაც უარყოფითად აისახება საარჩევნო დავების დროულ განხილვაზე.
4. სამუშაო დროს ან/და სამსახურებრივი ფუნქციების შესრულებისას საჯარო მოხელეების წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის აკრძალვა საარჩევნო ადმინისტრაციამ, რიგ შემთხვევებში, დაუკავშირა ფინანსური რესურსების არამიზნობრივი ხარჯვის საკითხს და დამოუკიდებლად არ შეფასდა, ჰქონდა თუ არა ადგილი საჯარო მოხელეების მხრიდან სამუშაო დროს ან/და სამსახურებრივი ფუნქციების შესრულებისას წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის ფაქტს. კანონმდებლობის ამგვარი განმარტება და საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან ცალსახა და არაორაზროვანი მოთხოვნის იგნორირება აზიანებს წინასაარჩევნო გარემოს, იწვევს სუბიექტების არათანაბარ პირობებში ჩაყენებას და საჯარო სამსახურის პოლიტიზებას.
5. საარჩევნო ადმინისტრაცია საარჩევნო კომისიის წევრის მხრიდან სოციალური ქსელის მეშვეობით წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის ფაქტის არარსებობას, თითქმის ყველა შემთხვევაში, ადგენდა მხოლოდ სავარაუდო სამართალდარღვევის ჩამდენი პირის ჩვენების საფუძველზე. აღნიშნული კიდევ უფრო მძიმე პრეცედენტს ქმნის ჯანსაღი საარჩევნო გარემოს თვალსაზრისით და ვერ უზრუნველყოფს საარჩევნო ადმინისტრაციის პოლიტიკურად ნეიტრალურ ორგანოდ იდენტიფიცირებას.
6. წინასაარჩევნო პერიოდში იმ პირის მხარდასაჭერად განხორციელებული ქმედებები, რომელიც იმ კონკრეტულ დროს არ არის წარდგენილი საარჩევნო კომისიაში კანდიდატად რეგისტრაციისთვის, თუმცა უკვე იდენტიფიცირებულია, როგორც მომავალი კანდიდატი, არ კვალიფიცირდება აგიტაციად და ეს ქმედება რჩება რეაგირების გარეშე. ამდენად, ის ფაქტი, რომ პირი ფორმალურად არ არის კანდიდატად რეგისტრირებული, ხდება წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევის და აგიტაციაში მონაწილეობის უფლების არ მქონე პირების პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძველი.
7. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში გამოიკვეთა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შემთხვევები, რომლებზეც საარჩევნო ადმინისტრაცია ეფექტიანად არ რეაგირებდა. მან უარი თქვა იმ ტიპის საჩივრების დაკმაყოფილებაზე, რომლებიც სხვადასხვა სახელმწიფო პროექტზე საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატების მონაწილეობას შეეხებოდა. საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ დადგენილი სტანდარტით, წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაციის) ნაწილად არ მიიჩნევა ისეთი ღონისძიებები, რომლებშიც გაცხადებული არ არის, რომ ხორციელდება კონკრეტული კანდიდატის მხარდასაჭერად. იმავდროულად, საარჩევნო ადმინისტრაციამ მიუთითა, რომ ყველა დასახელებული ღონისძიება იყო საჯარო და ნებისმიერ მსურველს შეეძლო მასზე დასწრება, რაც ასევე გამორიცხავდა ღონისძიების წინასაარჩევნო აგიტაციად/კამპანიად კვალიფიცირებას. წინასაარჩევნო აგიტაციის/კამპანიის ფარგლებში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების აკრძალვის ამგვარი ვიწრო განმარტება არსებულ სახელისუფლებო უმრავლესობას უპირატესობას ანიჭებს და ქმნის არათანასწორ საარჩევნო გარემოს. აღნიშნული კანონზომიერად განაპირობებს სამთავრობო პროექტების პერსონიფიცირებას და კონკრეტულ პოლიტიკურ სუბიექტთან აფილირებას. შედეგად, შლის ზღვარს სახელმწიფოსა და პარტიებს შორის.
8. საარჩევნო დავების განხილვის/გადაწყვეტის პროცესში გამოიკვეთა საარჩევნო კანონმდებლობის არასწორად გამოყენების/განმარტების ტენდენცია. საარჩევნო ადმინისტრაცია კანონმდებლობას ხშირად ვიწროდ, ამასთან, არაერთგვაროვნად განმარტავდა. საჩივრების განხილვის პროცესი, ძირითადად, ფორმალურ ხასიათს ატარებდა. მათ დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებები მიიღებოდა არათანმიმდევრულად და დაუსაბუთებლად. კომისიები სრულყოფილად არ იკვლევდნენ საჩივარში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს, არ სწავლობდნენ წარდგენილ მტკიცებულებებს ან/და არ უზრუნველყოფდნენ საკუთარი ინიციატივით მტკიცებულებების მოპოვებას. ასევე, როგორც წესი, კანონით დადგენილი წესით სხდომაზე კომისიები არ იბარებდნენ მოწმეებს და იმ პირებს, რომელთა დისციპლინირების საკითხიც განიხილებოდა. რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ამგვარი მიდგომები საჩივრების თავიდან არიდების მიზნით იყო დეტერმინირებული. დარღვევის გამართლებისთვის გამოიყენებოდა ნებისმიერი არგუმენტი და ობიექტურად იქმნებოდა განცდა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციას არ გააჩნდა დარღვევებზე ეფექტიანად რეაგირების ნება, რაც საჩივრების წარდგენას და მათი განხილვის პროცესს ფორმალურს ხდიდა.
9. კომისიის სხდომის მიმდინარეობისას კომისიების თავმჯდომარეებს ჰქონდათ მცდელობები, საკუთარი პოზიცია მიენიშნებინათ კომისიის სხვა წევრებისთვის და ამით ირიბად მოეხდინათ გავლენა მათ გადაწყვეტილებაზე.
10. რამდენიმე საოლქო საარჩევნო კომისიის სამუშაო გარემო არ იყო სათანადოდ მოწყობილი, რის გამოც დამკვირვებლებს არ ეძლეოდათ მიმდინარე პროცესებზე სრულყოფილად დაკვირვების შესაძლებლობა.
11. არათანმიმდევრული იყო კომისიის მიდგომები გარკვეულ საკითხებთან მიმართებით, მათ შორის, მსგავსი საჩივრების გაერთიანებისა და განუხილველად დატოვების თაობაზე. იმ შემთხვევაში, თუ კომისია მსგავს საჩივრებს არ გააერთიანებდა, ერთ-ერთი მათგანის განხილვაც კი სხვა საჩივრების განუხილველად დატოვების საფუძველი ხდებოდა. შედეგად, საჩივრის ყველა ავტორს არ ეძლეოდა შესაძლებლობა, სადავო საკითხზე საკუთარი არგუმენტები და შესაბამისი მტკიცებულებები წარმოედგინა.
12. არსებული რეგულაციების მიუხედავად, საიას წარმომადგენლებს რამდენიმე შემთხვევაში არ მიეცათ შესაძლებლობა, პროცესს დისტანციური ფორმით დასწრებოდნენ. შესაბამისად, მოუწიათ, სხდომაში მონაწილეობა მიეღოთ მათი ჯანმრთელობისთვის საკმაოდ სახიფათო პირობებში, ან საერთოდ ვერ ისარგებლეს ამ უფლებით.
13. მომდევნო დღეს შესწორების ოქმის შედგენის უფლებამოსილება დაბალი სტანდარტით დამკვიდრდა და, როგორც წესი, შაბლონური, არასარწმუნო შინაარსის ახსნა-განმარტებები, დამატებითი მტკიცებულებების გამოკვლევის გარეშე, მონაცემების შესწორების საფუძველი ხდება. ზოგჯერ შესწორების ოქმი შედგენილია ისე, რომ ფორმალური შინაარსის ახსნა-განმარტებაც არ არის წარმოდგენილი. არსებული პრაქტიკა გასაჩივრებულ შემაჯამებელ ოქმში ასახული შედეგების სანდოობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების ახსნა-განმარტებებს, მომდევნო დღეს შედგენილ შესწორების ოქმებს ან/და ოლქის მიერ საკუთარი ინიციატივით მიღებულ განკარგულებებს, მათი ბუნდოვანების და არადამაჯერებელი შინაარსის მიუხედავად, ყოველგვარი დამატებითი გადამოწმების გარეშე, საოლქო საარჩევნო კომისიები და სასამართლო, როგორც წესი, სანდოდ მიიჩნევდნენ. ისინი არ ხსნიდნენ დალუქულ დოკუმენტაციას და არ აზუსტებდნენ ფაქტებს მონაცემების გადამოწმების გზით. მათ შორის, ზოგიერთი საოლქო საარჩევნო კომისია ღიად აფიქსირებდა, რომ ისინი ყველაფერს ვერ გადაამოწმებდნენ, რადგან „ეს [ოლქი] არ იყო სასამართლო“.
14. არსებული პრაქტიკა აჩვენებს, რომ ნაკლებობით გამოხატულ დისბალანსს არც საოლქო საარჩევნო კომისიები და არც სასამართლო დარღვევად არ მიიჩნევენ, რაც გასაჩივრებული უბნის შედეგების ხელახალ გადათვლაზე უარის თქმის საფუძველი ხდება.
15. პრობლემად რჩება სასამართლოს მიერ დამკვიდრებული კიდევ ერთი პრაქტიკა, რომლის თანახმად, შემაჯამებელი ოქმის კანონიერებაზე პრეტენზიები ხმის დათვლის პროცესში უნდა დაფიქსირდეს. სხვა შემთხვევაში, მოსარჩელე კარგავს ოქმში ასახული მონაცემების სანდოობაზე დავის შესაძლებლობას. ის გარემოება, რომ ხმის დათვლის პროცედურასთან დაკავშირებით საარჩევნო უბანზე საჩივარი არ დაწერილა, ვერ იქნება შემაჯამებელ ოქმში ასახული მონაცემების სანდოობის საფუძველი.
16. კომისიის წევრებისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებით რამდენიმე ხარვეზი გამოიკვეთა. დადგინდა, რომ საოლქო საარჩევნო კომისიები საუბნო საარჩევნო კომისიის წევრისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების ან მასზე უარის თქმის შესახებ მიღებულ განკარგულებებს სათანადოდ არ ასაბუთებენ. ამასთან, ისინი არ იყენებენ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების წესებს ადეკვატური პასუხისმგებლობის ზომის შესარჩევად. საერთო სასამართლოები კი არასწორად განმარტავენ შესაბამის საკანონმდებლო ნორმებს და ამ საკითხს საოლქო საარჩევნო კომისიის დისკრეციის ფარგლებში მოიაზრებენ.
ანალიზის საფუძველზე შემუშავდა რეკომენდაციები, რომელთა გათვალისწინება ხელს შეუწყობს საკანონმდებლო ბარიერების ან/და პრაქტიკაში არსებული პრობლემების აღმოფხვრას.