საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საკონსტიტუციო სასამართლოში განსახილველ საქმეზე - ,,ა(ა)იპ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება "ახალი პოლიტიკური ცენტრი", ჰერმან საბო, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და ანა ჩიქოვანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (საქმე N3/8/1526) ,,სასამართლოს მეგობრის“ მოსაზრება წარადგინა.
აღნიშნულ საქმეს საკონსტიტუციო სასამართლო 2 სექტემბერს განიხილავს. მოსარჩელე სადავოდ ხდის საარჩევნო კოდექსის იმ ნორმის კონსტიტუციურობას, რომელიც პოლიტიკური პარტიისაგან ითხოვს პროპორციულ სიაში ყოველი მეოთხე კანდიდატი იყოს საპირისპირო სქესის წარმომადგენელი (მაგალითად, თუკი სიაში პირველი სამი მამაკაცია, მეოთხე კანდიდატი აუცილებლად უნდა იყოს ქალი). მოსარჩელეს მიაჩნია, რომ აღნიშნული მუხლი ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 24-ე მუხლით გარანტირებულ თავისუფალი არჩევნების უფლებას.
საია სასამართლო მეგობრის წერილობით მოსაზრებაში სადავო ნორმას აფასებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან მიმართებაში, ასევე განიხილავს, რამდენად თავსებადია გენდერულ კვოტასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომა საქართველოს კონსტიტუციასთან. სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები ციტირებულია საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული საარჩევნო უფლების შინაარსთან და ფარგლებთან, ისევე როგორც საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ ნორმა პრინციპებთან მიმართებაში.
სასამართლო მეგობრის წერილობით მოსაზრებაში საია მიმოიხილავს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას საქმეზე მეტკა ზევნიკი სლოვენიის წინააღმდეგ. ეს გადაწყვეტილება მიღებულია 2019 წლის 12 ნოემბერს. ამ საქმეში ორი სლოვენიური პარტიის კოალიციამ დაარღვია სლოვენიის საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნები, რომლის მიხედვითაც, საარჩევნო სიაში ერთი სქესის წარმომადგენლები არ შეიძლება ყოფილიყვნენ კანდიდატთა საერთო რაოდენობის 35%-ზე ნაკლები. მომჩივანი კოალიციის სიაში ქალი კანდიდატების რაოდენობა 35%-ით ნაკლები იყო კაცების რაოდენობაზე. გენდერული კვოტის მოთხოვნების დაუცველობის გამო სლოვენიის საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაციაში არ გაატარა კოალიცია. ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა სლოვენიის უზენაესმა და საკონსტიტუციო სასამართლოებმა.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სლოვენიის სახელმწიფოს წინააღმდეგ წარდგენილი საჩივარი დაუშვებლად გამოაცხადა. გენდერული კვოტის დაუცველობის გამო პარტიის ჩამოშორება სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია პროპორციულ ღონისძიებად და განაცხადა, რომ ევროპის საბჭო (ორგანიზაცია, რომლის ნაწილიც თავად არის სტრასბურგის სასამართლო) არა მარტო ნებას აძლევს სახელმწიფოებს დააწესონ კვოტები, არამედ ახალისებს კიდეც ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებს წარმომადგენლობით ორგანოში კვოტების დასაწესებლად. სტრასბურგის სასამართლოს აზრით, საკანონმდებლო ორგანოში ორივე სქესის წარმომადგენლების მონაწილეობის გარეშე საფრთხე ექმნება დემოკრატიული პროცესების ლეგიტიმურობას.
საია-ს სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში აღნიშნულია, რომ მართალია კონსტიტუციის 24-ე მუხლით პარტიას უფლება აქვს, თავისუფლად შეარჩიოს საკუთარი პარლამენტის წევრობის კანდიდატები, მაგრამ პარტიის ეს თავისუფლება იზღუდება კონსტიტუციის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტით, რომლის მიხედვითაც, პოლიტიკური პარტიების საქმიანობა ეფუძნება თანასწორობის და შიდა პარტიული დემოკრატიის პრინციპებს. ეს ნორმა ავალდებულებს საქართველოში მოქმედ პოლიტიკურ პარტიებს უზრუნველყონ პარტიაში შიდა დემოკრატია და პატივი სცენ მისი წევრების თანასწორობის, მათ შორის გენდერული თანასწორობის უფლებასაც. ამასთან კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო უზრუნველყოფს თანაბარ უფლებებსა და შესაძლებლობებს მამაკაცებისა და ქალებისათვის. სახელმწიფო იღებს განსაკუთრებულ ზომებს მამაკაცებისა და ქალების არსებითი თანასწორობის უზრუნველსაყოფად და უთანასწორობის აღმოსაფხვრელად. კვოტები არის ის განსაკუთრებული ზომები, რაც საქართველოს პარლამენტმა კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, შემოიღო საქართველოს პარლამენტში არსებული გენდერული უთანასწორობის აღმოსაფხვრელად. იმის მიუხედავად, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში მონაწილეთა 51% ქალი იყო, ამ მოწვევის პარლამენტში, 150 დეპუტატიდან ქალი მხოლოდ 21-ია.[1]
საია-ს მიაჩნია, რომ კვოტები არის პარლამენტში გენდერული ბალანსის მიღწევის გამოსადეგი, ნაკლებად მზღუდავი და პროპორციული საშუალება. კვოტირების სისტემით არჩევნების შედეგად პარლამენტში იზრდება ქალების რაოდენობა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ კვოტირებაზე უფრო ნაკლებად მზღუდავმა საშუალებამ, როგორიცაა პარტიების დამატებითი დაფინანსება, თუკი ისინი გენდერულად დაბალანსებული სიას წარადგენდნენ, მნიშვნელოვნად ვერ გაზარდა ქალების რაოდენობა პარლამენტში. ამასთან კვოტირების არსებული მოდელი მინიმალურად ზღუდავს პარტიის თავისუფლებას, თავად გადაწყვიტოს ვინ იქნება მისი კანდიდატი საარჩევნო სიაში და როგორი თანმიმდევრობით. პარტიას აქვს თავისუფლება, საკუთარი სურვილით გადაწყვიტოს საკითხი იმასთან დაკავშირებით, ვინ იქნება მისი სიის პირველ სამეულში. აღსანიშნავია ის, გარემოება, რომ თუ პარტიას ექნება დაბალი მხარდაჭერა, მაგრამ გადალახავს 1%-იან ბარიერს, ამით შესაძლოა პარლამენტში სწორედ ის პირველი სამი წევრი მოხვდეს, რომელსაც კვოტით დადგენილი შეზღუდვა არ შეხებია. რაც შეეხება შემთხვევას, როცა პარტიას პარლამენტში შეჰყავს 4 ან მეტი დეპუტატი, ამ შემთხვევაში წინა პლანზე იწევს გენდერული თანასწორობის ინტერესი. იმავდროულად, პარტიებს აქვთ შესაძლებლობა, მეოთხე და მერვე დეპუტატად დაასახელონ ქალი, რომელსაც პარტიის შიგნით ყველაზე მეტი მხარდაჭერა აქვთ.
ამასთან, შეზღუდვის ინტენსივობა მცირდება იმითაც, რომ კვოტირების ღონისძიება არის დროებითი და მოქმედებს 2024 წლამდე.
საია-ს დასკვნით, სადავო ნორმა აკმაყოფილებს კონსტიტუციის მოთხოვნებს.
[1] http://parliament.ge/ge/parlamentarebi/women/qalebi-parlamentshi-23