საია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი სხდომის შედეგებს აფასებს
2010-08-30 15:28
დღეს, 2010 წლის 30 აგვისტოს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროში გაიმართა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა, სადაც სხვა საკითხებთან ერთად განხილულ იქნა “საქართველოს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ეფექტური მმართველობის 2010-2013 წლების სამოქმედო გეგმის პროექტი.” მოცემული დოკუმენტი არასამთავრობო სექტორისთვის მხოლოდ მისი გასაჯაროების შემდეგ, მიმდინარე წლის 23 აგვისტოს გახდა ცნობილი. დოკუმენტთან დაკავშირებული მოსაზრებების წარდგენის ვადად განგვესაზღვრა 26 აგვისტო, რაც არასაკმარისი დრო იყო სამოქმედო გეგმის დეტალური ანალიზისთვის. მიუხედავად ამისა, საიამ დადგენილ ვადაში წარადგინა დასკვნა, სადაც გამოვყავით 19 საკითხი, რომელთა დამატებითი ასახვა სამოქმედო გეგმის პროექტში მიზანშეწონილად მივიჩნიეთ.
სამწუხაროდ, ჩვენს მიერ შემუშავებული შენიშვნებიდან მხოლოდ სამი საკითხი იქნა სრულად გაზიარებული კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრების მხრიდან, ორი შენიშვნა სამოქმედო გეგმაში ნაწილობრივ აისახა, ხოლო დანარჩენი საკითხები საბჭომ არ გაიზიარა.
გათვალისწინებულ საკითხებს შორისაა: 1) საჯარო მოსამსახურის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხის დახვეწა; 2) მამხილებელთა დაცვის შესახებ კანონმდებლობის დახვეწა; 3) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონის შემდგომი დახვეწის მიზნით რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავება.
ნაწილობრივ გათვალისწინებული საკითხები ანტიკორუფციულ სამოქმედო გეგმაში შემდეგი ფორულირებით აისახა: 1) პრესსამსახურების მუშაობის სტანდარტების შემოღება თითოეული უწყების მიერ, ჩვენს მიერ შეთავაზებული უნიფიცირებული სტანდარტების ნაცვლად; 2) საჯარო დაწესებულებათა ვებ-გვერდებზე ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების მიზნით შესაბამისი ნუსხის განსაზღვრა.
საბჭომ საჭიროდ არ მიიჩნია სამოქმედო გეგმაში საჯარო მოხელეთა ანაზღაურების (პრემიები, დანამატები) გამჭვირვალობის საკითხის ასახვა. საბჭოს წევრებისთვის მიუღებელი აღმოჩდა საჯარო სამსახურში დასაქმებული ადამიანების მიერ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული ყოველთვიური ანაზღაურების შესახებ ინფორმაციის ღიაობა, ყოველგვარი დამატებითი დასაბუთების გარეშე. დასაბუთებად ვერ მივიჩნევთ განცხადებებს თანამდებობის პირთა დეკლარაციების საჯაროობის საკმარისად მიჩნევის თაობაზე შემდეგი არგუმენტების გათვალისწინებით: 1) დეკლარაციების წარდგენის ვალდებულება ეკისრებათ მხოლოდ თანამდებობის პირებს, რაც გამორიცხავს საჯარო მოხელეთა მნიშვნელოვან ნაწილს. 2) ამასთანავე, თანამდებობის პირთა დეკლარაციებში აისახება მხოლოდ წლიურად მიღებული ჯამური შემოსავალი და არა თვეების მიხედვით მიღებული პრემია, რაც ზოგიერთ შემთხვევაში ყოველთვიურ ანაზღაურებაზე მაღალ თანხას შეადგენს.
საიას მოთხოვნის მიუხედავად, სამოქმედო გეგმის მიღმა დარჩა შემდეგი საკითხები: “სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ” და “ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონების გადამუშავება და დახვეწა, საქართველოსათვის გამოყოფილი ფინანსური დახმარებისათვის შესაბამისობის აუდიტის ჩატარება, საჯარო ფინანსების ხარჯვასთან დაკავშირებული აქტების სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობის მინიჭება დაინტერესებული მხარეებისათვის.
სამწუხაროდ, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს სამოქმედო გეგმის პროექტის ის ნაწილი, რომელიც სასამართლოს დამოუკიდებლობის მაღალ ხარისხს ისახავს მიზნად. საქმედო გეგმის ავტორების აზრით, აღნიშნული შესაძლებელია მხოლოდ სამი ღონისძიების გატარების გზით:
- მოსამართლეთა უვადო დანიშვნის მიზნით საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების განხორციელება;
- ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მოქმედების არეალის განვრცობა დანაშაულებისა და ტერიტორიის მიხედვით;
- მაგისტრატი მოსამართლეებისათვის სისხლის სამართალწარმოებასთან დაკავშირებული პრაქტიკული რეკომენდაციების შემუშავება.
საიამ წარმოადგინა იმ საკითხების საკმაოდ ვრცელი ნუსხა, რომელთა გათვალისწინებასაც შეუძლია რეალურად უზრუნველყოს სასამართლოთა დამოუკიდებლობა ჩვენს ქვეყანაში. აღნიშნული შეეხება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის რეფორმირებას, სასამართლოთა თავმჯდომარეებისა და ზემდგომი სასამართლოს მოსამართლეების მიერ საქმის განმხილველ მოსამართლეებთან საქმის შინაარსობრივ მხარესთან დაკავშირებული კომუნიკაციის აკრძალვას, მოსამართლისათვის სხვა სასამართლოში უფლებამოსილების დაკისრების შესაძლებლობის მაქსიმალურად შეზღუდვას, მოსამართლეთა სახელფასო უზრუნველყოფის სისტემის მკაცრ საკანონმდებლო ჩარჩოებში მოქცევას (სულ 16 ქვესაკითხი).
აღნიშნული საკითხების სამოქმედო გეგმის პროექტში პირდაპირ გათვალისწინების ნაცვლად, საბჭომ აირჩია სასამართლოს დამოუკიდებლობის საკითხებზე არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციების წარმოების პერსპექტივა, რაც სამოქმედო გეგმაში შემდეგი ფორმულირებით აისახება: “არასამთავრობო სექტორის მონაწილეობის უზრუნველყოფა ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმის დახვეწის მიმართულებით”. იმედს გამოვთქვამთ, რომ აღნიშნული ფორმულირება არ იქნება მხოლოდ ფორმალობა და საბჭო, სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული უკიდურესად მწირი ღონისძიებების გარდა, ქმედით ნაბიჯებს გადადგამს სასამართლოს დამოუკიდებლობის ამაღლების კუთხით.
მიგვაჩნია, რომ სამოქმედო გეგმის მოწონებული რედაქცია მართალია შეეხება ბევრ მნიშვნელოვან საკითხს, მაგრამ ამავდროულად ყურადღების მიღმა ტოვებს ქვეყანაში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელ მთელ რიგ ღონისძიებებს.