სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია ხმის მიცემის პროცედურების მიმდინარეობას აჯამებს

2013-04-27 12:15
Featured image

საია არჩევნების მიმდინარეობას აკვირდება ნაძალადევის #9, სამტრედიის #54 და ბაღდათის #52 საარჩევნო ოლქებში. უნდა აღინიშნოს, რომ კენჭისყრის პროცესი ძირითადად მიმდინარეობდა მშვიდ ვითარებაში, საარჩევნო კოდექსის მასშტაბურ დარღვევებს ადგილი არ ჰქონია. დღის 13:30 საათზე ჩვენ საზოგადოებას უკვე მივაწოდეთ ინფორმაცია იმ დროის მონაცემებით არსებული ვითარების შესახებ. ამ განცხადებით გვსურს, გარკვეულწილად, შევაჯამოთ ხმის მიცემის პროცედურების მიმდინარეობა და ყურადღება გავამახვილოთ ჩვენი დამკვირვებლების მიერ დაფიქსირებულ ძირითად დარღვევებსა და ტენდენციებზე. 

 
ამ დროისათვის ფიქსირდება პროცედურული დარღვევები რამდენიმე უბანზე:
 
ბაღდათის #12 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა არაუფლებამოსილი პირის მონაწილეობა დამკვირვებლის სტატუსით. კერძოდ, არასამთავრობო ორგანიზაციის „მომავლის არჩევანი“  სახელით დაკვირვებას ახორციელებდა წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზაზა მეტრეველი. აღსანიშნავია, რომ ჩვენ მანამდე მსგავსი ფაქტი დავაფიქსირეთ სამტრედიის #38 საარჩევნო უბანზე სადაც, ორგანიზაციის „ახალი თაობა დემოკრატიული არჩევნები“ სახელით დაკვირვებას ახორციელებდა ხონის საკრებულოს წევრი ლევან ბობოხიძე.
ისევე, როგორც გასულ არჩევნებზე, უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულნი იყვნენ პირები, რომლებიც აწარმოებდნენ მოსული ამომრჩევლის აღრიცხვას. კვლავაც განვმარტავთ, რომ აღნიშნული წარმოადგენს ამომრჩევლის ნების გამოვლენაზე ირიბ კონტროლს და მიზანშეუწონელია.  აღნიშნული პირები დაფიქსირდენენ ნაძალადევის ოლქის #31, 33, 34, 36, 39, 40, 59,  60, 89, 90, 78, 80, 81, 85, 86 საარჩევნო უბნებზე, სამტრედიის # 13 საარჩევნო უბანზე. 
ნაძალადევის #24 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა მედიის წარმომადგენლების უფლებების შეზღუდვა. კერძოდ, რეზონანსის კორესპონდენტებს სალომე სიგუას,  თამთა კაკაურიძის და იაგო ნაცვლიშვილის მიმართ ადგილი ჰქონდა სიტყვიერ შერაცხყოფას და ფიზიკური შეურაცხყოფის მცდელობას ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის ცენტრისა“ და „კავკასიის კვლევითი ცენტრის“ დამკვირვებლების მიერ, რომლებმაც თავი ქართული ოცნების წარმომადგენლებად წარადგინეს.
ნაძალადევის #81 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა ვერ შეძლო კენჭისყრაში მონაწილეობა, ვინაიდან მისი გვარის გასწვრივ ამომრჩეველთა ერთიან სიაში დაფიქსირებული იყო ხელმოწერა.
სამტრედიის #21 საარჩევნო უბანზე  გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში არ აღმოჩნდა კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა ხელმოწერები. მოთხოვნილ იქნა გადასატანი ყუთის წევრების დისციპლინური პასუხისმგებლობა.
ბაღდათის #14 საარჩევნო უბანზე გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის დასრულების შემდეგ აღმოჩნდა, რომ გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით კენჭისყრისთვის გამოყოფილი ბიულეტენების რაოდენობა არ დაემთხვა გამოუყენებელი ბიულეტენებისა და   გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში  ხელმოწერათა რაოდენობის ჯამს. 
სამტრედიის #34 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა სხვა პირის ნაცვლად კენჭისყრაში მონაწილეობის ფაქტი. 
 
ამ მომენტისთვის საიას დამკვირვებლების მიერ დაწერილია 12 საჩივარი (ნაძალადევში 4, სამტრედიაში 7 და ბაღდათში 2) და 4 შენიშვნა  ჩანაწერთა წიგნში.
 
საია აგრძელებს ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურაზე დაკვირვებას.