სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია ხელისუფლებას პრემიებთან დაკავშირებით ობიექტური და გამჭვირვალე რეგულაციების დროულად მიღებისკენ მოუწოდებს

2014-06-20 19:17
Featured image
საჯარო სამსახურში პრემიის გაცემასთან დაკავშირებული საკითხები, დიდი ხანია  საიას ინტერესის საგანს წარმოადგენს. ამ საკითხს საიამ არაერთი განცხადება და კვლევა მიუძღვნა. ამჯერად გვსურს გამოვეხმაუროთ ბოლო პერიოდში საჯარო დაწესებულებებში პრემიების გაცემასთან დაკავშირებით სხვადასხვა მედია საშუალებებსა და სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას და აღვნიშნოთ შემდეგი:
გაუმართლებლად მიგვაჩნია საჯარო დაწესებულებში პრემიის გაცემის არსებული პრაქტიკა და ის ტენდენციები რაც სულ უფრო აქტუალურ ხასიათს იძენს. ხშირ შემთხვევაში საჯარო დაწესებულებებში პრემიის გაცემას  არაფერი აქვს საერთო პრემიის არსსა და ბუნებასთან.
 
პრემიის სახით გაცემული თანხა მთელ რიგ შემთხვევებში აღემატება თანამდებობრივ სარგოს, მაშინ როცა საერთაშორისი პრაქტიკის მიხედვით პრემია ძირითადად თანამდებობრივი სარგოს 10-20% ფარგლებში მერყეობს.
პრემიის გაცემასთან დაკავშირებით არსებული პრობლემები არ წარმოადგენს მხოლოდ ერთ რომელიმე დაწესებულებასთან დაკავშირებულ პრობლემას და იგი მთლიანდ საჯარო სექტორში ანაზღაურების სისტემის დახვეწის აუცილებლობასთან არის დაკავშირებული.
 
საქართველოში, როგორც წესი საჯარო დაწესებულებების ხელმძღვანელების მიერ უწყებაში დასაქმებული პირებისთვის პრემიის გაცემა უმრავლეს შემთხვევაში ერთპიროვნულად მიიღება. ამასთან, პრემიის გაცემის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილებები მოკლებულია სათანადო დასაბუთებას და არ ეფუძნება კონკრეტული პირის სათანადო შეფასების კრიტერიუმებს. პრობლემას ართულებს ისიც, რომ საჯარო დაწესებულებათა დიდ ნაწილში არ არსებობს რაიმე სახის სამართლებრივი აქტი, რომელიც მოსამსახურისთვის პრემიის გაცემის წესს დაარეგულირებს. ასეთი სამართლებრივი აქტის არ არსებობა კი თავისთავად ხელს უწყობს დამკვიდრებული უსამართლო პრაქტიკის გაგრძელებას.
 
წლების განმავლობაში პრემიების გაცემასთან დაკავშირებით არსებული პრობლმები გვაძლევს საფუძველს განვაცხადოთ, რომ საჭიროა ხელისუფლებამ დროულად გადადგას სათანადო ქმედითი და ეფექტური ნაბიჯები რათა  საკანონმდებლო ცვლილებების საშუალებით უზურნველყოს პრემიის გაცემის ობიექტური და გამჭვირვალე რეგულაციების შემუშავება-დანერგვა. მიგვაჩნია, რომ ამგვარი რეგულაციების დანერგვამდე საჯარო დაწესებულებებმა თავი უნდა შეიკავონ პრემიის გაცემის არსებული პრაქტიკის გამოყენებისგან.