სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია: კენჭისყრის დღის დაკვირვების შედეგები 10:00 საათისთვის

2017-10-21 10:26
Featured image

დილის 10 საათისთვის კენჭისყრის პროცესი მიმდინარეობს ძირითადად მშვიდ ვითარებაში. იმ საარჩევნო უბნების უმრავლესობა, სადაც საია აკვირდებოდა გახსნის პროცედურებს, დროულად იყო მზად პირველი ამომრჩევლის მისაღებად. აღნიშნული უბნების უმრავლესობა აღჭურვილი იყო შესაბამისი საარჩევნო მასალებით.

თუმცა, ამ დროისთვის დაფიქსირდა საარჩევნო კანონმდებლობის რამდენიმე დარღვევა, ასევე ამომრჩევლის ნებაზე კონტროლის არაერთი შემთხვევა (ძირითადად თბილისში).

ამომრჩევლის ნებაზე კონტროლი

ჩვენი დამკვირვებლების ინფორმაციით, სავარაუდოდ ადგილი აქვს ამომრჩევლის ნებაზე კონტროლს, რაც გამოიხატება შემდეგში: რეგისტრატორების გვერდით, უკან ან ნაკადის მომწესრიგებელთან დგანან საარჩევნო სუბიექტის „ქართული ოცნების“, „მემარცხენე ალიანსის“ ან სადამკვირვებლო ორგანიზაცია „ახალი სიტყვის“ წარმომადგენლები და ინიშნავენ უბანზე მოსული ამომრჩევლის მონაცემებს, სავარაუადოდ, მათ ვინაობას და ამომრჩევლის სიაში რეგისტრაციის ნომერს.

აღნიშნული ფაქტები ადასტურებს ინფორმაციას, რომელიც საიას არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მიაწოდეს კენჭისყრის დღეს ამომრჩევლის ნების კონტროლის მოსალოდნელი ფაქტების შესახებ.

ამ დროისთვის მგავს ფაქტებს ადგილი ჰქონდა შემდეგ უბნებზე: დიდუბის #6 , ნაძალადევის #61, #70, #13,  მთაწმინდის #4 უბანზე, კრწანისის #19, დიდუბის #35 და #36 უბნებზე. ჩვენი დამკვირვებლების მიერ შენიშვნის დაფიქსირების შემდეგ, კონტროლი განხორციელება ცალკეულ შემთხვევებში შეჩერდა.

მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი ფაქტები მკაცრად გაკონტროლდეს როგორც უბნის თავმჯდომარეების, ასევე ზემდგომი საარჩევნო კომისიების მხრიდან და ყველა კონკრეტულ  შემთხვევაში მოხდეს შესაბამისი რეაგირება.

არასათანადო დოკუმენტით ხმის მიცემის მცდელობა

ნაძალადევის  #18 უბანზე პირველი ამომრჩეველი გამოცხადდა მართვის მოწმობით და დაშვებულ იქნა უბანზე. მისი მონაცემები საკონტროლო ფურცელში შეიყვანეს. შეჩერდა კენჭისყრის პროცესი და საოლქო საარჩევნო კომისიიდან მოითხოვეს ახალი საკონტოლო ფურცლის მიწოდება. აღნიშნულ დარღვევაზე საიამ დაწერა საჩივარი.

 

დამკვირვებლის უფლებები

გლდანში #113-ე უბანზე (სპეც უბანი) დილით 7:00 საათზე უბანზე არ უშვებდნენ საიას დამკვირვებელს. მას განუმარტეს, რომ ციხისთვის მიწოდებულ სიაში არ იყო მისი მონაცემები და ამიტომ ვერ შეუშვებდნენ. თუმცა მოგვიანებით დამკვირვებელი შეუშვეს.

ქობულეთის  #16-ე უბანზე არ უშვებდნენ ჩვენს დამკვირვებელს იმ არგუმენტით, რომ წილისყრის პროცედურა უნდა ჩატარებულიყო.

უბნის დაგვიანებით გახსნა 

გორის 90-ე უბანი დაგვიანებით გაიხსნა. თავმჯდომარე უბანზე 20 წუთის დაგვიანებით გამოცხადდა.

ბათუმის #38-ე საარჩევნო უბანი დაგვიანებით გაიხსნა.

ნაძალადევი #49-ე საარჩევნო უბანი დაგვიანებით გაიხსნა.

 

წილისყრის პროცედურების დარღვევები

ნაძალადევის #მე-14 უბანზე გადასატანი ყუთის წილისყრაში უარი განაცხადეს „ევროპული საქართველოს“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ კომისიებმა დანიშნულმა წევრებმა.

ნაძალადევის #4 უბანზე წილისყრის შემდეგ მოხდა პოზიციების თვითნებურად  გადაცვლა კომისიის წევრების შორის.

გადასატანი ყუთის სიასთან დაკავშირებული საკითხები

მთაწმინდის #19 უბანზე უბანზე გამოცხადდა 3 ადამიანი, რომელიც აპროტესტებდა, რატომ არ იყო შეტანილი მათი ოჯახის იმ წევრების მონაცემები გადასატანი ყუთის სიაში, რომლებიც არჩევნების დღეს ავადმყოფობის გამო ვერ გამოცხადდებოდნენ საარჩევნო უბანზე. ისინი განმარტავდნენ, რომ აღნიშნულის თაობაზე განცხადებები რეგისტრაციაში გაატარეს როგორც საუბნო, ასევე ცესკოში.

  • დროისთვის ზემოთ აღნიშნულ დარღვევებზე საიას დამკვირვებლებმა დაწერეს 6 საჩივარი და 9 შენიშვნა.

საია დაფუძნების დღიდან (1994 წელი) აქტიურად აკვირდება საკანონმდებლო, აღმასრულებელი ეელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და ცდილობს ხელი შეუწყოს არჩევნების მშვიდ, სამართლიან გარემოში ჩატარებას, საარჩევნო პროცესების დროს საქართველოს კანონმდებლობის განუხრელ დაცვას.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 2017 წლის 21 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს თბილისსა და 9 რეგიონში - კახეთში, მცხეთა-მთიანეთში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, გურიაში, იმერეთსა და აჭარაში დააკვირდება.

სტატიკური დამკვირვებლები განთავსებულები არიან საქართველოს მასშტაბით 300-ზე მეტ  საარჩევნო უბანში. 46 საარჩევნო ოლქში 150 მობილური ჯგუფის მეშვეობით ვაკვირდებით პრობლემატურ უბნებსა და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესებს. ორგანიზაციის სადამკვირვებლო გამოცდილების გათვალისწინებით, ჩვენი განსაკუთრებული ყურადღება მიმართულია წინა არჩევნების დროს გამოკვეთილ პრობლემურ უბნებზე,[1] აგრეთვე, დაკვირვება ხორციელდება ეროვნული უმცირესობებით და იძულებით გადაადგილებულ პირთა კომპაქტურად დასახლებულ ოლქებში. წელს პირველად ორგანიზაცია მონიტორინგს გაუწევს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის საარჩევნო უბნების ადაპტირების საკითხს. ჩვენთვის ასევე პრიორიტეტულია ქალი კანდიდატების არჩევნებში მონაწილეობის საკითხის კვლევა.   

არჩევნების დღეს საიაში იმუშავებს სპეციალური ცხელი ხაზი, რომლის მეშვებით  მოქალაქეებს შეეძლებათ სამართლებრივი კონსულტაციების მიღება კენჭისყრის პროცედურებთან დაკავშირებით. საიაში ასევე იმუშავებს ცხელი ხაზი ჟურნალისტებისა და მედია ორგანიზაციებისათვის. ცხელი ხაზის ნომერზე დარეკვით  ჟურნალისტებს და მედია ორგანიზაციებს შეუძლიათ მიიღონ მათთვის საინტერესო ინფორმაცია და იურიდიული კონსულტაცია საარჩევნო პროცედურების, კენჭისყრის დღის დარღვევებისა და მათზე რეაგირების გზების შესახებ და შეეძლებათ მოგვაწოდონ ინფორმაცია მათ მიერ კენჭისყრის დღეს დაფიქსირებული დარღვევების შესახებ.

არჩევნების დღეს საიას საარჩევნო-ანალიტიკური ბაზა რეალურ დროში შეაგროვებს ინფორმაციას და მოახდენს მის ანალიზს - საქართველოს ყველა რეგიონში წარგზავნილი დამკვირვებლებისა და ანალიტიკოსების მეშვეობით.

ცხელი ხაზის ნომერია: 032 2 18 26 30

ასევე არჩევნების დღის დარღვევების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ www.electionsportal.ge-ს, სადაც შეგიძლიათ განათავსოთ თქვენს მიერ დაფიქსირებული დარღვევა ონლაინ ფორმის შევსებით ან უფასო SMS-ის საშუალებით ნომერზე 90039.

არჩევნების დღის დაკვირვების მიმდინარეობის თაობაზე საია დღის განმავლობაში 4 პრესკონფერენციას გამართავს არასამთავრობო ორგანიზაციათა მედია-ცენტრში (მისამართი: შალვა დადიანის #2/1).

 

პრესკონფერენცია გაიმართება 21 ოქტომბერს: 10:00 საათზე; 14:00 საათზე; 18:00 საათსა და 21:00 საათზე. ხოლო 22 ოქტომბერს საია შეაფასებს არჩევნების დღეს და პრესკონფერენციას გამართავს 12:00 საათზე.

 

საიას ადგილობრივი თვითმმართველობის კენჭისყრის დღის მონიტორინგის მისიის განხორციელება შესაძლებელი გახდა ევროკავშირის, შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ბაქოში ნორვეგიის სამეფოს საელჩოს, „ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის“ (NED), აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველოს“ დაფინანსებით. განცხადებაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ და მისი შინაარსი შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციების შეხედულებებს.

 

 


[1] აღნიშნულ უბნების იდენტიფიცირება მოხდა საიას დამკვირვებლების მიერ გასული პერიოდის არჩევნებზე დაფიქსირებული დარღვევების მიხედვით