სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია კაფე-ბარების დაჯარიმებას უსაფუძვლოდ მიიჩნევს

2020-06-24 14:05
Featured image

2020 წლის 15 ივნისს საზოგადოებისათვის ცნობილი გახდა, რომ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა შეამოწმა სხვადასხვა კაფე-ბარი და პანდემიის პრევენციის მიზნით შემოღებული რეგულაციების დარღვევის საფუძვლით 16 მათგანი 10 000 ლარით დააჯარიმა. კაფე-ბარების შემოწმებისა და დაჯარიმების პრაქტიკა შემდგომ დღეებშიც გაგრძელდა. საია-მ შეისწავლა დაჯარიმებული 12 კაფე-ბარის საქმის მასალები და მათ დაკისრებული ჯარიმების გასაჩივრებაში ეხმარება. სამართალდარღვევის ოქმების შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ დარღვევად მიჩნეულ ქმედებას რიგ შემთხვევებში საერთოდ არ ჰქონია ადგილი, ზოგიერთ შემთხვევაში კი, ინსპექტირების დეპარტამენტმა საზოგადოებრივი კვების ობიექტებს იმაზე მეტი ვალდებულება დააკისრა, ვიდრე ეს რეკომენდაციებით იყო მოთხოვნილი. ასევე, სამართალდარღვევის ოქმების ნაწილში აღნიშნულია მცირე მნიშვნელობის ტექნიკური გადაცდომები, რაზეც შესაბამის უწყებას შეეძლო დაჯარიმების ნაცვლად სიტყვიერი შენიშვნა გამოეყენებინა.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით არ არის მკვეთრად გამიჯნული სარეკომენდაციო ხასიათის და შესასრულებლად სავალდებულო მოთხოვნები. მსგავსი რეგულირება ადრესატებში გაურკვევლობას იწვევს. ამასთან, რიგ შემთხვევებში დებულებები, რომლებიც თავდაპირველად სარეკომენდაციო ხასიათის იყო, მოგვიანებით გახდა სავალდებულო. კაფე-ბარების და რესტორნების წარმომადგენლები საიასთან საუბარში აცხადებენ, რომ ცვლილებების განხორციელებასა და ობიექტების შემოწმებას შორის მცირე შუალედმა გაართულა ახალი მოთხოვნების დროული შესრულება. შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა არაერთ შემთხვევაში დარღვევად მიიჩნია კონკრეტული პროცედურის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობა, მაშინ როდესაც შესაბამისი კანონქვემდებარე აქტით ასეთი დოკუმენტის არსებობა არ წარმოადგენდა სავალდებულო მოთხოვნას. საყურადღებოა ისიც, რომ რამდენიმე შემთხვევაში კვების ობიექტების ადმინისტრაციას ჰქონდა სურვილი მუშაობის განახლებამდე, ინსპექტირების დეპარტამენტს წინასწარ შეემოწმებინა მათი ობიექტი და შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში, მიეცათ შესაბამისი რჩევები მათ გამოსასწორებლად, ამ მიზნით მათ როგორც ელექტრონულად, ასევე სატელეფონო კომუნიკაციის გზით არაერთხელ მიმართეს ადმინისტრაციულ ორგანოს, თუმცა ინსპექტირების დეპარტამენტმა ეს თხოვნა არ გაითვალისწინა.

საია პანდემიის გავრცელების შესაჩერებლად კვების ობიექტებისათვის გარკვეული რეგულაციების დადგენას და მათ შესრულებას მნიშვნელოვნად მიიჩნევს, თუმცა, აღნიშნული რეგულაციები უნდა იყოს ცხადად გაწერილი და არ უნდა იძლეოდეს ფართო ინტერპრეტაციის შესაძლებლობას. საია მოუწოდეს ინსპექტირების დეპარტამენტს, ინსპექტირების განხორციელების პროცესში გამოიკვლიონ ყველა მნიშვნელოვანი გარემოება, რაც ობიექტის პასუხისმგებლობას გამორიცხავს და მცირე მნიშვნელობის ტექნიკური ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში, დაჯარიმების ნაცვლად, გამოიყენოს სიტყვიერი შენიშვნის მექანიზმი. ადმინისტრაციული სახდელის გამოყენების მთავარ მიზანს წარმოადგენს არა სუბიექტის დასჯა, არამედ პრევენციული ღონისძიებების განხორციელება, რათა შემდგომში თავიდან იქნას აცილებული მსგავსი გადაცდომა.[1] აღნიშნული მიდგომა ობიექტებს შესაძლებლობას მისცემს მცირე მნიშვნელობის ტექნიკური ხარვეზები აღმოფხვრან ისე, რომ არ მოუწიოთ მაღალი ფინანსური სანქციის გადახდა, რაც შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, დაჯარიმებული ობიექტებისათვის მძიმე ტვირთს წარმოადგენს.  

 

 


[1] თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 30 ივნისის დადგენილება საქმეზე N4ა/485-14