28 სექტემბერს მსოფლიო ცოდნის უფლების, იგივე ინფორმაციის თავისუფლების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით ინფორმაციის თავისუფლების საერთაშორისო ქსელმა , რომლის წევრიც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაა, გაავრცელა 2009 წლის მთავარი მიღწევების ჩამონათვალი ინფორმაციის თავისუფლების სფეროში.
2009 წლის მთავარი მიღწევებია:
• მსოფლიოს სულ მცირე 90 ქვეყანაში არსებობს კანონმდებლობა, რომელიც ადამიანებს უფლებას ანიჭებს მოითხოვონ და მიიღონ საჯარო დაწესებულებების ხელთ არსებული ინფორმაცია;
• ექვს ქვეყანაში შევიდა ძალაში ინფორმაციის თავისუფლების შესახებ კანონები: ბანგლადეში, კაიმანის კუნძულები, ჩილე, კუკის კუნძულები, გვატემალა და ურუგვაი;
• ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ 2009 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილებით დაამტკიცა, რომ საჯარო დაწესებულებებიდან ინფორმაციის მიღების უფლება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ნაწილია და ის აუცილებელია მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვა პირებისთვის, რათა შეასრულონ მოდარაჯის როლი მთავრობების ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად;
• ობამას ახალმა ადმინისტრაციამ ძირეულად შემოაბრუნა ტერორიზმის წინააღმდეგ ომის პერიოდში არსებული ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებული პოლიტიკა. 2009 წლის იანვარში ობამას ადმინისტრაციამ ხაზი გაუსვა სახელმწიფო დაწესებულებების ვალდებულებას, პროაქტიულად გამოაქვეყნონ ინფორმაცია მოქალაქეების განცხადებების ლოდინის გარეშე. აღსანიშნავია, რომ ეს პრაქტიკა თანდათან ვითარდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აზრით, ეს წელი იმითაც იყო გამორჩეული, რომ 2009 წლის 18 ივნისს, ნორვეგიაში ქალაქ ტრომსოში ევროპის საბჭოს თორმეტმა წევრმა ქვეყანამ, მათ შორის, საქართველომ ხელი მოაწერა ევროპის საბჭოს ოფიციალური დოკუმენტების ხელმისაწვდომობის შესახებ კონვენციას. კონვენცია პირველი იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტია, რომელიც ინფორმაციის მიღების უფლებას ადამიანის ფუნდამენტურ უფლებად აღიარებს. მიუხედავად იმისა, რომ იგი არ აწესებს საქართველოს კანონმდებლობაზე უფრო მაღალ სტანდარტებს, მისი მიღება მაინც წინ გადადგმული ნაბიჯია.
მიუხედავად ამ მიღწევებისა, ინფორმაციის თავისუფლების შესახებ კანონმდებლობის იმპლემენტაციის საკითხი მაინც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, როგორც მსოფლიოში, ასევე საქართველოში.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აზრით, დღესდღეობით საქართველოში უმთავრეს პრობლემებად რჩება ის, რომ:
• მთავრობა, როგორც წესი, არ ხელმძღვანელობს ღიაობის პრინციპით და მისი პოლიტიკა არ არის მიმართული საჯარო სამსახურში გამჭვირვალობის დანერგვისაკენ;
• იშვიათი გამონაკლისების გარდა, საჯარო დაწესებულებები პროაქტიულად არ აქვეყნებენ ძირითად ინფორმაციას. განსაკუთრებით პრობლემურია სახელმწიფო ფინანსების ხარჯვასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება (მაგალითად: საჯარო მოხელეთა ხელფასებისა და პრემიების შესახებ ინფორმაცია);
• მაშინაც კი, როცა ინფორმაციის ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილია, თავად ინფორმაციის ხარისხი, როგორც წესი, არ არის დამაკმაყოფილებელი;
• ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებული დავების განხილვა ადმინისტრაციულ ორგანოებში არაეფექტურია და საკანონმდებლო ცვლილებები ადმინისტრაციული საჩივრის სავალდებულო გამოყენების წესთან დაკავშირებით წინდაუხედავი ნაბიჯი აღმოჩნდა ხელისუფლების მხრიდან;
• საჯარო დაწესებულებების მიერ ინფორმაციის გაცემაზე უარის სასამართლოს გზით გასაჩივრება არ არის ეფექტური და ხელმისაწვდომი. აღნიშნულის მიზეზი არა მხოლოდ ბოლო დროს სასამართლოში დამკვიდრებული ინფორმაციის შეზღუდვის ტენდენციებია, არამედ მაღალი სახელმწიფო ბაჟი, რაც სერიოზულ დაბრკოლებად იქცა მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მოქალაქეებისათვის;
• საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის სისტემა იმდენად მოუქნელი და ხელოვნურია, რომ იგი ინფორმაციის თავისუფლების ბარიერად გადაიქცა;
• კვლავ მოუგვარებელია ანგარიშვალდებულებისა და პასუხისმგებლობის საკითხები ინფორმაციის თავისუფლების შეზღუდვის შემთხვევაში. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველა საჯარო დაწესებულებამ დანიშნა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე პასუხისმგებელი პირი, მოხელეთა ხშირი ცვლა ისევ იწვევს ინსტიტუციური მეხსიერების მოშლას. მათი კომპეტენციის გაუმიჯნაობა და გადაწყვეტილების მიღების უფლების არქონა კი კვლავ ეჭვქვეშ აყენებს აღნიშნული დაწესებულებების გამჭვირვალობას.