საია ინდივიდუალურ მეწარმეთა მასიურ დაკავებას აპროტესტებს
2010-10-06 12:57
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია შეშფოთებას გამოთქვამს გუშინ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ინდივიდუალური მეწარმეების მასიურ დაკავებასთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ გამოყენებული ღონისძიება - 80-მდე პირისათვის თავისუფლების აღკვეთის სახით, არ შეიძლება სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულის პროპორციულად ჩაითვალოს.
გუშინ სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2010 წლის 5 ოქტომბერს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დაახლოებით 80-მდე ინდივიდუალური მეწარმე დააკავა. დაკავებას წინ უძღვოდა მათი უმრავლესობის მოწმის სახით დაკითხვა. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე (რომელიც დაკავებულთა ნაწილის ინტერესებს იცავს), დაკავებულების ნაწილი ბრალდებულის სახით ჯერ კიდევ არ არის პასუხისგებაში მიცემული. სავარაუდოდ, როგორც წინასწარ ცნობილია, მათ ბრალს წაუყენებენ სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე (საბაჟო წესების დარღვევა) და 362-ე (დოკუმენტების გაყალბება) მუხლებით.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს დაკავებას, როგორც საპროცესო იძულების ღონისძიებას და 170-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრავს: `დაკავება არის თავისუფლების ხანმოკლე აღკვეთა~.
პირის თავისუფლება კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა, მისი შეზღუდა დაიშვება მხოლოდ კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში და საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ. გარდა ამისა, როგორც ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მეხუთე მუხლის `ც~ ქვეპუნქტი აცხადებს, მისი შეზღუდვა დაიშვება მხოლოდ მაშინ, როდესაც საფუძვლიანად არის მიჩნეული პირის მიმალვის აღკვეთის აუცილებლობა.
აღნიშნული გარანტიები მისი ეფექტური რეალიზების მიზნით გათვალისიწინებულია სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის 171-ე მუხლის I ნაწილით, რომელიც დაკავებისთვის კონკრეტულ წინაპირობებს ადგენს:
1. უნდა არსებობდეს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირმა ჩაიდინა დანაშაული;
2. ამ დანაშაულისათვის სასჯელის სახით გათვალისიწინებული უნდა იყოს თავისუფლების აღკვეთა;
3. უნდა არსებობდეს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირი მიიმალება, ან არ გამოცხადდება სასამართლოში; გაანადგურებს საქმისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ან ჩაიდენს ახალ დანაშაულს.
იმისათვის, რომ პირის დაკავება ჩაითვალოს მართლზომიერ შეზღუდვად, აუცილებელია, რომ დასახელებული პირობები ერთობლიობაში არსებობდეს.
საპროცესო კანონმდებლობა დაკავების საკითხის გადაწყვეტას ანდობს სასამართლოს, როგორც კანონიერების დაცვის უმაღლეს გარანტს, რომელსაც ამის თაობაზე შუამდგომლობით მიმართავს პროკურორი. ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 171-ე მუხლის III ნაწილი დაკავების საკითხის გადაწყვეტას მოსამართლის გარეშე მხოლოდ იმ შემთხვევაში უშვებს, როდესაც მართლმსაჯულების მიმართ საფრთხე თავიდან ვერ იქნება აცილებული სხვა, ალტერნატიული ღონისძიებით.
მოცემულ შემთხვევაში, რა დროსაც დაკავებულია 80-მდე ადამიანი იმ დანაშაულების სავარაუდოდ ჩადენისათვის, რომლებიც ნაკლებად მძიმე კატეგორიას მიეკუთვნება და ამასთან დაკავება მოხდა მოსამართლის ნებართვის გარეშე, შეუძლებელია, ყველა ამ ადამიანის მიმართ ცალ-ცალკე მხოლოდ დაკავება ყოფილიყო პროპორციული ღონისძიება და სხვა ალტერნატიული ღონისძიებით ვერ მიღწეულიყო მართლმსაჯულების მიზანი.
ამასთან, შეუძლებლად მიგვაჩნია დასაბუთებული ვარაუდი იმისა, რომ თითოეული დაკავებულის მხრიდან თანაბრად მოდიოდა იმ დონის საფრთხე, რომელზეც კანონი მიუთითებს და რომელიც, შესაბამისად, გამოიწვევდა მათი დაკავების აუცილებლობას.
შექმნილი ფაქტობრივი ვითარებით გვექმნება დასაბუთებული ეჭვი, რომ დაკავება განხორციელდა არაპროპორციულად, კანონით გათვალისწინებული სავალდებულო წინაპირობების არარსებობის მიუხედავად, რაც იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ დაირღვა დაკავებულ პირთა კონსტიტუციით გარანტირებული უფლება _ თავისუფლების ხელშეუხებლობა.