საია გმობს მესტიაში საარჩევნო სუბიექტებზე ზეწოლას თანამდებობის პირების მხრიდან და ინციდენტის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვს
2010-05-07 14:26
4 მაისს, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია მესტიაში საარჩევნო სუბიექტებზე ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან განხორციელებული ზეწოლის შესახებ.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გავრცელებული ინფორმაცია რამდენიმე წყაროსთან გადაამოწმა, მათ შორის, საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებთან, თვითმხილველებთან და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან.
თვითმხილველთა განცხადებით, 3 მაისს მესტიას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ზაზა გოროზია, სამხარეო პოლიციის უფროსი თენგიზ გუნავა, სამხარეო საფინანსო პოლიციის უფროსი გიორგი შედანია, შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანი ანზორ მარგიანი და სხვა თანამდებობის პირები სტუმრობდნენ. მათთან ერთად იმყოფებოდა, ასევე, მესტიის გამგებელი გოჩა ჭელიძე.
ადგილობრივების განცხადებით, მათ თან ახლდათ ათობით ავტომატებით შეიარაღებული ნიღბიანი პირი, რომლებიც “პიკაპის” ტიპის ავტომანქანებით გადაადგილებოდნენ.
თვითმხილველთა განცხადებით, აღნიშნულ სტუმრობას თან ახლდა უპრეცედენტო ზეწოლა და მუქარა არჩევნებში მონაწილე კანდიდატების მიმართ. კერძოდ, ღამის თორმეტის ნახევრიდან დილის 3 საათამდე მესტიის გამგეობის შენობაში ძალის გამოყენებით მოჰყავდათ პარტია “თავისუფლების” კანდიდატები, რომლებსაც რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ წინასწარ გამზადებულ განცხადებაზე ძალის გამოყენებით აწერინებდნენ ხელს. Mმუქარის ძალით აღნიშნულ განცხადებაზე ხელი მოაწერა პარტიის ერთმა კანდიდატმა, ხოლო მეორეს კაბინეტიდან გამოყვანა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა მოახერხეს.
განვითარებული მოვლენების რამდენიმე უშუალო მოწმის განმარტებით, გამგეობის წინ მდებარე სკვერში მყოფ 14-15 წლის გოგონებს, რომლებიც მიმდინარე მოვლენების მობილურის ვიდეოკამერით დაფიქსირებას ცდილობდნენ, შეიარაღებული პირები დაედევნენ და მობილურის ჩამორთმევას შეეცადნენ. Mმათი განცხადებით, პოლიციის წარმომადგენლებმა დააკავეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს არასრულწლოვანი ბიჭი, რომელიც გოგონების გამოსარჩლებას შეეცადა. საიას ინფორმაციით, ამ დროისთვის ბავშვი გათავისუფლებულია.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გმობს კანდიდატებზე პოლიტიკური ნიშნით განხორციელებულ ძალადობას და მოუწოდებს მთავარ პროკურატურას, დაუყოვნებლივ დაიწყოს ზემოთმითითებულ ფაქტებზე წინასწარი გამოძიება.