უკიდურესად დაიძაბა ვითარება მარნეულში #48 საარჩევნო უბანზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე. უბნის გარე პერიმეტრზე მოხდა რამდენიმე ათეული მოქალაქის მობილიზება, რომლებიც იყვნენ ხელკეტებით და ქვებით შეიარაღებულნი და ცდილობდნენ საარჩევნო უბანზე შეღწევას. მოხდა შენობის დაზიანება, შუშების ჩამსხვრევა და გარეთ შეკრებილი აქტივისტები ცდილობდნენ შენობაში შეჭრას. ადგილზე იმყოფებოდა პოლიცია, თუმცა არასაკმარისი რაოდენობით, რომლებიც ვერ უმკლავდებოდნენ აგრესიულად განწყობილი ადამიანების შემოტევებს. დაზიანდა ტელეკომპანია „იმედის“ კამერა.
„ქართული ოცნებისა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ერთმანეთს ვითარების დაძაბვაში ადანაშაულებენ. მედიაში გასული ინფორმაციის თანახმად, დაშავდნენ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები, მათ შორის მარნეულის პოლიციის უფროსი. ცესკოს ინფორმაცის თანახმად, ადგილი ჰქონდა საარჩევნო ყუთის გატაცების მცდელობას, თუმცა საარჩევნო კომისიის მცდელობის შედეგად, საარჩევნო ყუთი დაცულია.
მოგვიანებით უბანზე გამოცხადდა სპეციალური დანიშნულების რაზმი. საიას ამკვირვებლის ინფორმაციის თანახმად, ომელიც იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე, 48-ე უბანზე მობილიზებული პირები, აპირებენ დაშლას და მარნეულის სხვა უბნებზე არეულობის მოწყობას. საიას დამკვირვებლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, უბანზე მობილიზებული პირები არიან პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისათვის“ მხარდამჭერები. აქტივისტები სკანდირებდნენ „მიშას“ და „იმამს (ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი კანდიდატის სახელს.)
საიას დამკვირვებლების ინფორმაციით სიტუაცია შეიძლება დაიძაბოს თბილისში ფონიჭალაშიც, სადაც კრწანისის ოლქის 29, 30, 31 უბნების მიმდებარე ტერიტორიებზე მობილიზებული არიან სპორტსემენები და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები და პოლიცია. არის საშიშროება, რომ მოვლენები უფრო დაიძაბოს.
საია მოუწოდებს:
საარჩევნო პროცესებში მონაწილე პირებს - მაქსიმალურად თავი შეიკავონ ნებისმიერი სახის ძალადობისგან, დაიცვან კანონი, ამასთან უზრუნველყონ, რომ არ მოხდეს მათი მხარდამჭერების მობილიზება უბნების მიმდებარე პერიმეტრზე, რათა საუბნო კომისიებს მიეცეთ მშვიდ და უსაფრთხო ვითარებაში მუშაობის შესაძლებლობა.
სართალდამცავ ორგანოებს - იმოქმედონ მყისიერად და კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით. აღკვეთონ ძალადობის ნებისმიერი ფაქტი და უზრუნველყონ საარჩევნო პროცესის მშვიდ ვითარებაში წარმართვა.