საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, ბ-ნ დიმიტრი შაშკინს შუამდგომლობით მიმართავს.
როგორც ცნობილია, საია სამართლებრივ დახმარებას უწევს დიდი და პატარა ლიახვის ხეობიდან 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებულ პირებს, რომლებიც ამჟამად განსახლებულნი არიან გარდაბანში.
ზემოაღნიშნულ დასახლებაში სასკოლო ასაკის 60-მდე მოსწავლე ცხოვრობს, რომელთაც არ გადაეცათ სახელმძღვანელოები, რადგან მათ ვერ წარადგინეს სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრაციის დამადასტურებელი მოწმობები.
საიას შეფასებით, მათ, როგორც სოციალური დახმარების მიმღებ პირებს, უნდა მიეცეთ საშუალება ისარგებლონ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამით და უფასოდ მიიღონ სახელმძღვანელოები.