სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია ე.წ. ტრაქტორების საქმეზე იუსტიციის მინისტრის განცხადებას ეხმიანება

2014-02-07 06:19
Featured image
გუშინ მედიით გავრცელდა იუსტიციის მინისტრის განცხადება, სადაც მან აღნიშნა: ,,ე.წ. ტრაქტორების საქმეზე მე პირველივე დღეს ვთქვი, რომ მჯეროდა, რომ კირვალიძე და მისი გუნდი მართალი იყო კანონის წინაშე". 
 
ჩნდება კითხვა: თუ იუსტიციის მინისტრს პირველივე დღეს სჯეროდა, რომ ბრალდებულები უდანაშაულონი იყვნენ, იურიდიულად შეეძლო თუ არა მას დადებითი გავლენა მოეხდინა მათ წინააღმდეგ წარმოებულ სისხლის სამართლებრივ დევნაზე?
 
დასმულ კითხვაზე პასუხს საქართველოს კანონმდებლობა იძლევა. ე.წ. ტრაქტორების საქმეზე ბრალდებული პირების დაკავებისა და პატიმრობის შეფარდების დროს მოქმედი ,,პროკურატურის შესახებ საქართველოს კანონის" თანახმად, იუსტიციის მინისტრი იყო პროკურორი. ამავე კანონის მე-4 მუხლის ,,ე" ქვეპუნქტში მითითებული იყო, რომ ,,ერთიანობა და ცენტრალიზაცია, ყველა ქვემდგომი პროკურორისა და პროკურატურის სხვა მუშაკის საქართველოს იუსტიციის მინისტრისადმი დაქვემდებარება" პროკურატურის საქმიანობის ერთ-ერთი პრინციპია.
 
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ზემდგომ პროკურორს აძლევს შემდეგ უფლებებს: გააუქმოს ქვემდგომი პროკურორის მიერ მიღებული უკანონო ან/და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება; შეიტანოს მასში ცვლილება ან შეცვალოს იგი ახალი გადაწყვეტილებით; ...გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობიდან ჩამოაშოროს ქვემდგომი პროკურორი და მისი ფუნქციები დააკისროს სხვა პროკურორს; ...გააუქმოს ... ქვემდგომი პროკურორის დადგენილება".
 
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ ე.წ. ტრაქტორების საქმეზე ბრალდებული პირების დაკავებისა და პატიმრობის შეფარდების დროს მოქმედი ,,პროკურატურის შესახებ კანონი" და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი იუსტიციის მინისტრს აძლევდა უფლებამოსილებას, რომ პირადად დაინტერესებულიყო აღნიშნული საქმით და თუ საქმის მასალები გაუმყარებდნენ ბრალდებული პირების უდანაშაულობის რწმენას, მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება. 
 
საიამ ე.წ. ტრაქტორების საქმეზე არაერთი განცხადება და პრესკონფერენცია ჩაატარა. ჩვენ სხვა უფლებადამცველებთან ერთად ვსაუბრობდით ამ საქმეში არსებულ სხვადასხვა სახის დარღვევებზე, ბრალდების პოზიციის აბსურდულობაზე, ბრალდებულთა წინააღმდეგ განხორციელებულ სხვადასხვა სახის სავარაუდო ზეწოლაზე, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების უკანონობაზე და ა.შ. აღნიშნული საქმით დაინტერესებულნი იყვნენ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც. საქმემ უარყოფითი გავლენა იქონია პროკურატურის იმიჯზე და, რაც ყველაზე მთავარი და სამწუხაროა, უდანაშაულო პირებმა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გაატარეს რამდენიმე თვე, ზიანი მიადგა მათ (და სხვა პირების) საქმიან რეპუტაციას... ამ ყველაფრის გათვალისწინებით კვლავ ჩნდება კითხვა: თუ იუსტიციის მინისტრის მხრიდან თავიდანვე არსებობდა ბრალდებულთა უდანაშაულობის რწმენა და საქართველოს კანონმდებლობა მას მთელ ამ პროცესზე გავლენის  მოხდენის შესაძლებლობას ანიჭებდა, რატომ არ იქნა ეს უფლებამოსილებები გამოყენებული? 
 
მოვუწოდებთ ყველა თანამდებობის პირს, როდესაც მათ სჯერათ, რომ ადამიანის უფლებები ირღვევა და როდესაც საქართველოს კანონმდებლობა ამ უფლებადარღვევებზე სათანადო რეაგირების მოხდენის ბერკეტებს ანიჭებს, აუცილებლად გამოიყენონ ეს ბერკეტები. ეს მათი არა მხოლოდ უფლებამოსილება, არამედ კანონით დაკისრებული ვალდებულებაა.