საქართველოს რეგიონებში ,,ალტ-ინფოს“ მიერ დაფუძნებული პოლიტიკური პარტიის - „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისების გახსნის მიმართ ადგილობრივების პროტესტს მოძრაობის წარმომადგენლების მხრიდან ძალადობრივი და მუქარის შემცველი განცხადებები, ასევე არაერთი დაპირისპირება მოჰყვა.
საგულისხმოა, რომ მათი წევრების მხრიდან არაერთხელ გაკეთდა ოკუპანტი ქვეყნის მიმართ დადებითი განწყობის გამომვლენი განცხადებები. აგრეთვე, ამ ძალადობრივი, პრორუსული ჯგუფის მიერ 5-6 ივლისს ჩადენილი მასშტაბური ძალადობა მიმართული იყო ქვეყანაში დესტაბილიზაციის გამოწვევის, საქართველოს მიერ არჩეული დემოკრატიული და ევრო-ატლანტიკური კურსის საზიანოდ. უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის შემდეგ კი საზოგადოებაში კიდევ უფრო იმატა „კონსერვატიული მოძრაობის“ მიმართ ლეგიტიმურმა პროტესტმა.
2022 წლის 3 მარტს მესტიაში, „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისთან, ადგილობრივ ახალგაზრდებსა და რადიკალური ჯგუფის წევრებს შორის დაპირისპირება მოხდა.[1] გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე იმყოფებდნენ მესტიის პოლიციის წარმომადგენლებიც, რომლებიც ადგილობრივების თქმით, ჩხუბის განეიტრალებას ცდილობდნენ, თუმცა იქვე არავინ დაუკავებიათ.[2] მოგვიანებით, „ალტ-ინფოს“ ლიდერები მესტიაში მომხდარზე უფრო აგრესიული ანგარიშსწორებით დაემუქრნენ სხვა რეგიონებში პარტიის საქმიანობით უკმაყოფილო ადამიანებს, რომლებიც მათი ოფისების დახურვას ითხოვდნენ.[3]
14 მარტს, მარნეულში, ,,კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისის გახსნის მიმართ სამირა ბაირამოვას არაძალადობრივ პროტესტს, ოფისის ფასადზე უკრაინისა და ევროკავშირის დროშების დახატვას, რადიკალური ჯგუფის მხრიდან სოციალურ ქსელში მუქარის შემცველი გზავნილები მოჰყვა.[4] მართალია, ამ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით (მუქარა) დაიწყო,[5] თუმცა პასუხისმგებელი პირების გამოვლენა ამ დრომდე არ მომხდარა. ამასთან, ვინაიდან მუქარის საფრთხე ჯერ კიდევ სრულყოფილად არ აღკვეთილა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პროკურატურაში განცხადება შეიტანა და სამირა ბაირამოვას დაზარალებულად ცნობა, ასევე დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენება მოითხოვა.[6]
„კონსერვატიული მოძრაობის“ წევრის მხრიდან მუქარის შემცველი განცხადებები ასევე გავრცელდა მას შემდეგ, რაც ოზურგეთში პარტიის ოფისის გახსნის წინააღმდეგ აქცია დაიგეგმა.[7] დაპირისპირება მოხდა ქობულეთშიც, როდესაც პარტიის ოფისთან აქციის მონაწილეებს თავს დაესხნენ.[8] დაუზუსტებელი ინფორმაციით, პოლიციამ 10-მდე პირი დააკავა, მათ შორის არიან აქციის მონაწილეები და „ალტ-ინფოს“ წევრები.[9]
რადიკალური ჯგუფები ძალადობრივ დამოკიდებულებას იჩენენ არამხოლოდ აქციების მონაწილეების და პროტესტის გამომხატველების, არამედ მედიის წარმომადგენლების მიმართაც. ალტ-ინფოს მხარდამჭერები აგრესიული განცხადებებითა და ჟურნალისტთან სატელეფონო ზარებით გამოეხმაურნენ საინფორმაციო სააგენტო speqtri.ge-ის მიერ გურჯაანში „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისის გახსნის, ასევე ამ პარტიის საქმიანობის უფლების შეჩერების მოთხოვნით პეტიციის შექმნის თაობაზე ინფორმაციის გავრცელებას.[10] ზუგდიდში „ალტ-ინფოს“ პარტიის „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისთან თავს დაესხნენ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ კორესპონდენტს და ოპერატორს, რაზეც სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე დაიწყო.[11]
ხაზგასასმელია, რომ ამ ჯგუფის მიერ 5-6 ივლისს განხორციელებული მასშტაბური ძალადობის საქმეებზე მხოლოდ პირთა მცირე ნაწილის პასუხისმგებლობაა გამოკვეთილი და ამგვარი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდების თაობაზე საჯარო წყაროებში არსებული არაერთი მტკიცებულების მიუხედავად,[12] დღემდე არ წარდგენია ბრალი ძალადობის არცერთ ორგანიზატორს. სამართალდამცავი უწყებების მხრიდან ამგვარი დამოკიდებულება ამცირებს გამოძიების მიმართ ნდობას და ახალისებს რადიკალური ჯგუფების ქმედებებს. ამაზე მიუთითებს ბოლოდროინდელი ძალადობრივი შემთხვევებისა და მუქარის შემცველი გზავნილების სიმრავლეც.
შესაბამისად, მოვუწოდებთ საგამოძიებო ორგანოებს:
- დროული და ეფექტიანი რეაგირება მოახდინონ აგრესიული ჯგუფის მხრიდან მუქარისა და ძალადობის შემთხვევებზე;
- სათანადო ზომები გაატარონ მუქარისა და ძალადობის ადრესატი პირების უსაფრთხოების დასაცავად;
- გააკეთონ მკაფიო განცხადება, რომ ძალადობრივი ჯგუფების ქმედებები არ დარჩება დაუსჯელი.
[1] „ჩხუბი მესტიაში „ალტ-ინფოს“ მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის - ნაცემია 10-მდე ადამიანი, მთის ამბები“, მთის ამბების ვებგვერდი, 03.03.2022 ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3KWZ3n4, განახლებულია: 23.03.2022.
[2] იქვე.
[3] „მესტიაში მწარედ მოხვდათ ცხვირ-პირში, უფრო აგრესიულები ვიქნებით – „ალტ-ინფო“, რეგინფოს ვებგვერდი, 16.03.2022 ხელმისაწვდომია: https://bit.ly/36eJN6r, განახლებულია: 23.03.2022.
[4] კონსერვატიული მოძრაობის წევრების მიმართვა, Facebook ვებგვერდი, 16.03.2022 ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3qt8BhF,განახლებულია: 23.03.2022.
[5] „სამირა ბაირამოვას მიმართ მუქარა დროულად უნდა აღიკვეთოს“, საია-ს ვებგვერდი, 17.03.2022 ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3L5ovXp, განახლებულია: 23.03.2022.
[6] „საიას-ს თავმჯდომარემ მარნეულის რაიონულ პროკურატურაში განცხადება შეიტანა და სამოქალაქო აქტივისტის, სამირა ბაირამოვას მიმართ მუქარის ფაქტზე მისი დაზარალებულად ცნობა მოითხოვა“, ინტერპრესნიუსის ვებგვერდი, 21.03.2022, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/36pewgS, განახლებულია: 23.03.2022.
[7] „“ალტ-ინფოს” პარტიის წარმომადგენლის წინააღმდეგ ოზურგეთში პროკურატურას მიმართეს“, ნეტგაზეთის ვებგვერდი, 18.03.2022, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3JxkevF, განახლებულია: 23.03.2022.
[8] TV Pirveli - ტელეკომპანია პირველი [Facebook-გვერდი], 22.03.2022, „ალტ-ინფოს საწინააღმდეგო მშვიდობიან აქციას პრორუსული დაჯგუფების წევრები თავს დაესხნენ“, ხელმისაწვდომია: https://www.facebook.com/watch/?v=451276266752410, განახლებულია: 23.03.2022.
[9] ქობულეთში „ალტ-ინფოს“ ოფისთან აქციის მონაწილეებს სცემეს – არიან დაშავებულებიც, ბათუმელების ვებგვერდი, 22.03.2022 ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3JNXub3 განახლებულია: 23.03.2022.
[10] „საინფორმაციო სააგენტო speqtri.ge-ს განცხადება ალტ-ინფოს მუქარის შესახებ“, საინფორმაციო სააგენტო „სპექტრის“ ვებგვერდი, 17.03.2023, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3tw7oYT, განახლებულია: 23.03.2022.
[11] კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის [Facebook-გვერდი], 18.03.2022, “მედიის ადვოკატირებისთვის” “მთავარი არხის” გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტს ეხმიანება, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3iwi6bH, განახლებულია: 23.03.2022.
[12] დეტალურად იხ. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, „5-6 ივლისი მოვლენების ქრონოლოგია და სამართლებრივი შეფასება“, 2021, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3NaY4BF, განახლებულია: 23.03.2022.