ყოველწლიურად 8 მარტს ქალთა სოლიდარობის საერთაშორისო დღე აღინიშნება. საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს აკისრებს ვალდებულებას, უზრუნველყოს თანაბარი უფლებები და შესაძლებლობები მამაკაცებისა და ქალებისათვის, მიიღოს განსაკუთრებული ზომები მამაკაცებისა და ქალების არსებითი თანასწორობის უზრუნველსაყოფად და უთანასწორობის აღმოსაფხვრელად.[1]
ქალთა უფლებების დაცვა და გენდერული თანასწორობის მიღწევა დღესაც მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს, როგორც გლობალურ, ისე ეროვნულ კონტექსტში. ქალები ხშირად აწყდებიან ბარიერებს საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ხდებიან გენდერულად მოტივირებული ძალადობის და ოჯახში ძალადობის სამიზნე, განიცდიან სექსუალურ შევიწროებას, მათ შორის, დასაქმების ადგილას, მათზე არაპროპორციულად აისახება სიღარიბის და სოციალური უთანასწორობის უარყოფითი შედეგები. კერძოდ:
(1) ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის პრობლემა საქართველოში მწვავედ დგას. ძალადობაგამოვლილი ქალები და გოგონები ხშირად თავს იკავებენ ძალადობის შეტყობინებისაგან დამკვიდრებული გენდერული სტერეოტიპების, სტიგმისა და შურისძიების შიშის და სამართალდამცავი ორგანოებისა და მხარდაჭერის სერვისების მიმართ უნდობლობის გამო.[2]15-69 წლის ასაკის ქალების 50.1 პროცენტს ცხოვრების განმავლობაში გამოუცდია ძალადობის ერთი ფორმა მაინც.[3] ამასთან, ქალების 22.9 პროცენტს გამოუცდია ძალადობა პარტნიორის მხრიდან.[4]2023 წლის მონაცემებით, საქართველოში რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკის თანახმად, ოჯახში ძალადობა ერთ-ერთი ყველზე გავრცელებული დანაშაულია.[5] საიას სისხლის სამართლის პროცესების მონიტორინგის 2022-2023 წლის ანგარიშში გამოიკვეთა, რომ საანგარიშო პერიოდში ოჯახში დანაშაულის საქმეებზე სასამართლოს მიდგომა უფრო ლოიალური იყო.[6] ზოგიერთი მოსამართლე ჯეროვნად არ აფასებს გამოძიებისა და სასამართლო განხილვის ეტაპებზე ოჯახში ძალადობაში ბრალდებულ პირთაგან მომდინარე საფრთხეებს.[7] ამ ტიპის დანაშაულზე, წინა საანგარიშო პერიოდთან შედარებით, 9%-ით შემცირებულია აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გამოყენება ხოლო 10%-ითაა გაზრდილი გირაოს შეფარდების შემთხვევები.[8]
(2) სექსუალური ძალადობა კვლავ რჩება გენდერული ძალადობის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე, დაფარულ და დაუსჯელ ფორმად.[9] სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებით არსებული ეროვნული კანონმდებლობა არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. სისხლის სამართლის კოდექსში გაუპატიურების და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების განმარტებები არ ეფუძნება მსხვერპლის ნებაყოფლობით, პიროვნების ნების თავისუფალი გამოხატვის შედეგად მიცემულ თანხმობას, არამედ, კვლავ აუცილებელი მოთხოვნაა ძალის გამოყენება, ძალადობის მუქარა ან მსხვერპლის უმწეობა, რაც წინააღმდეგობაში მოდის სტამბოლის კონვენციასთან.[10]გაუპატიურების მსხვერპლთათვის განკუთვნილი კრიზისული ცენტრებისა და სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა რეფერირების ცენტრების ნაკლებობა მწვავედ პრობლემურია.[11]გამოწვევას წარმოადგენს სექსუალური ძალადობის მსხვერპლთათვის გადაუდებელ სამედიცინო შემოწმებაზე და ხანგრძლივ ფსიქოლოგიურ მხარდაჭერაზე წვდომის უზრუნველყოფა.[12] ამასთან, დასაქმების ადგილზე ქალთა სექსუალურმა შევიწროებამ, შესაძლოა, გამოუსწორებელი გავლენა მოახდინოს მსხვერპლი ქალების ფიზიკურ, მენტალურ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე, საბოლოოდ კი, ისინი შრომითი ბაზრიდან გარიყოს.[13]ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნული კვლევის მიხედვით, 15-69 წლის ქალების 24.5%-ს ცხოვრების მანძილზე ერთხელ მაინც გამოუცდია სექსუალური შევიწროება.[14] განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო გასულ წელს საქართველოს პარლამენტის ზოგიერთი წევრის მხრიდან განხორციელებული სექსუალური შევიწროება ქალი დეპუტატების მიმართ.[15] აღსანიშნავია, რომ მათ ამ დრომდე ამისთვის არანაირი პასუხისმგებლობა არ დაჰკისრებიათ.
(3) ქალთა და გოგონათა გამოწვევები მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის კუთხით,კვლავაც სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს. სისხლის სამართლის პროცესში ხშირად გამოიყენება შაბლონური და მსხვერპლზე ნაკლებად ორიენტირებული მიდგომები, ასეთის მაგალითს წარმაოდგენს: (1) საჭიროების მიუხედავად, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ქალებისადმი სასამართლო-ფსიქიატრიული და კომპლექსური ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დანიშვნა; (2) საქალწულე აპკთან დაკავშირებით ექსპერტიზისათვის კითხვების დასმა; (3) საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარება, სადაც მსხვერპლს ჩვენების მიცემის შემდეგ უწევს იმის ხელახალი განცდა, რაც თავს გადახდა; (4) საგამოძიებო ორგანოების მიერ კონტექსტუალური მტკიცებულებების იგნორირება და პირდაპირი მტკიცებულებების მოლოდინი; (5) მსხვერპლის ჩვენების სათანადო ტექნიკური საშუალების გამოყენების გარეშე დამაგრება, რაც შეამცირებდა მისთვის სტრესული გამოცდილების შეხსენებას და რევიქტიმიზაციის რისკებს. განსაკუთრებით მძიმეა მდგომარეობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გოგონათა შემთხვევაში, რადგან მსგავსი ტიპის ჩვენებათა მიმართ პროკურატურასა და სხვა საგამოძიებო უწყებებში სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 50-ე მუხლის მე-2 ნაწილის ზეგავლენით ავტომატურად ვრცელდება ერთგავრი უნდობლობა და ჩვენების ავთენტურობისა და სანდოობის დამატებითი შეფასების გარეშე არასწორად ფასდება მისი მტკიცებულებითი ღირებულება. ამასთან, მნიშვნელოვანია, სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მუშაკთა კვალიფიკაცია და ექსპერტიზის ჩატარების დროს გამოყენებული მიდგომები. ნიშანდობლივია, რომ ხსენებულ უწყებას სახალხო დამცველმა არაერთხელ მიმართა დისკრიმინაციული მიდგომების აღმოფხვრის მოწოდებით.
(4) ნიშნადობლივია, რომ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გამოწვევას წარმოადგენს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა და გაეროს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის რეკომენდაციების აღუსრულებლობა. სახელმწიფო თავს არიდებს იმ სისტემური რეფორმების განხორციელებას, რაც ხელს შეუწყობდა ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრას, გამოწვევათაგან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენელთა დაუსჯელობა, რომლთა მოქმედებების/უმოქმედობის შედეგადაც განხორციელდა ქალთა მიმართ ძალადობა.
(5) მნიშვნელოვან გამოწვევას წარმადგენს სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების (SRHR) საკითხები. შემაშფოთებელია, რომ „ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის განხორციელების წესების დამტკიცების თაობაზე“ მინისტრის ბრძანებაში 2023 წელს შეტანილი ცვლილებებით[16] სახელმწიფომ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გაიდლაინების[17]საწინააღმდეგოდ, დამატებითი ბარიერები შექმნა აბორტზე ხელმისაწვდომობის კუთხით.
(6) თვალშისაცემია გენდერული უთანასწორობის სოციალურ-ეკონომიკური განზომილება. ქალები, განსაკუთრებით სოფლად, უფრო მოწყვლადები არიან სიღარიბის მიმართ და მეტ ბარერს აწყდებიან რესურსებზე წვდომის თვალსაზრისით.[18] დაბალია ქალების დასაქმების და ეკონომიკური აქტივობის მაჩვენებლები კაცებთან შედარებით.[19] ამასთან, არაპროპორციულად არის განაწილებული აუნაზღაურებელი შინ შრომის ტვირთი ქალებსა და კაცებს შორის, რაც ზრუნვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის პრობლემასთან და დამკვიდრებულ სოციალურ ნორმებთან ერთად, კიდევ უფრო ართულებს ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას.[20]
მოვუწოდებთ:
საქართველოს პარლამენტს:
● საკანონმდებლო ცვლილებების გზით, სტამბოლის კონვენციასთან შესაბამისობაში მოიყვანოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXII თავით (დანაშაული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ) გათვალისწინებული მუხლები
სასამართლოს:
● ოჯახში ძალადობის საქმეებზე იხელმძღვანელოს მსხვერპლთა უსაფრთხოების პრინციპით და ამგვარად მიიღოს გადაწყვეტილებები აღკვეთის ღონისძიებისა თუ სასჯელის გამოყენების შესახებ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს:
● უზრუნველყოს „ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის განხორციელების წესების დამტკიცების თაობაზე“ მინისტრის ბრძანების შესაბამისობაში მოყვანა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გაიდლაინებთან.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს:
● უზრუნველყოს იძულებითი ან/და ნაადრევი ქორწინების შემთხვევებზე პრევენციული ღონისძიებების გატარება, ასევე ასეთ შემთხვევებზე მყისიერი და ეფექტური რეაგირება.
საქართველოს მთავრობას:
● უზრუნველყოს ძალადობაგადატანილი ქალებისთვის მხარდაჭერის სერვისებზე მისაწვდომობა, მათ შორის კრიზისული ცენტრებისა და სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა რეფერირების ცენტრების რაოდენობის გაზრდის გზით;
● გაატაროს ღონისძიებები როგორც საზოგადოების, ისე სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლების ცნობიერების ასამაღლებლად გენდერული თანასწორობის და ქალთა მიმართ ძალადობასთან და ოჯახში ძალადობასთან ბრძოლის შესახებ.
[1] საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტი.
[2] Committee on the Elimination of Discrimination against Women, Concluding observationson the sixth periodic report of Georgia, CEDAW/C/GEO/CO/6, 02.03.2023, para. 15 (c), <https://documents.un.org/doc/undoc/gen/n23/064/79/pdf/n2306479.pdf?token=bgYiHsAUGXbRW84yR1&fe=true>
[3] Საქსტატი და გაეროს ქალთა ორგანიზაცია, ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნულ კვლევა 2022, 2023, 65, <https://georgia.unwomen.org/sites/default/files/2023-12/updated_vaw_geo_web4-3.pdf>
[4] იქვე.
[5] Შსს, რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკა, 2023, <https://info.police.ge/page?id=773&parent_id=115>
[6] Საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, სისხლის სამართლის პროცესების მონიტორინგის №17 ანგარიში, 2024, 14-15, <https://www.gyla.ge/files/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1%20%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%92%E1%83%98%2017.pdf>
[7] იქვე.
[8] იქვე.
[9] Საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, აქართველო 2023 წელს სამართლის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობის შეფასება, 41, <https://gyla.ge/files/news/%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%98/%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%98/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%202023%20%E1%83%AC%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%A1.pdf>
[10] GREVIO Baseline Evaluation Report Georgia, 2022, para 252, <https://rm.coe.int/grevio-report-on-georgia-2022/1680a917aa>
[11] Იქვე, para 198.
[12] Იქვე
[13] Საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, აქართველო 2023 წელს სამართლის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობის შეფასება, 41, <https://gyla.ge/files/news/%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%98/%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%98/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%202023%20%E1%83%AC%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%A1.pdf>
[14] Საქსტატი და გაეროს ქალთა ორგანიზაცია, ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნულ კვლევა 2022, 2023, 65, <https://georgia.unwomen.org/sites/default/files/2023-12/updated_vaw_geo_web4-3.pdf>
[15]Საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, აქართველო 2023 წელს სამართლის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობის შეფასება, 40, <https://gyla.ge/files/news/%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%98/%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%98/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%202023%20%E1%83%AC%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%A1.pdf>
[16] საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2023 წლის 26 ოქტომბრის №75/ნ ბრძანება ,,ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის განხორციელების წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 7 ოქტომბრის N01-74/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, <https://matsne.gov.ge/ka/document/view/5946555?publication=0>
[17] World Health Organization, Abortion care guideline, 2022, <https://iris.who.int/bitstream/handle/10665/349316/9789240039483-eng.pdf?sequence=1>
[18] UN Women, Country Gender Equality Profile Georgia 2023, 10, <https://georgia.unwomen.org/sites/default/files/2024-02/cgep_eng_web2b.pdf>
[19] Იქვე, 11.
[20] Იქვე.