სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია ეხმაურება საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორად ბატონ გიორგი ჭანტურიას არჩევის საკითხს

2009-08-10 20:00
Featured image


საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმაურება 2009 წლის 10 აგვისტოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიერ გენერალურ დირექტორად ბატონ გიორგი ჭანტურიას არჩევის საკითხს.

მიუხედავად იმისა, რომ სამეურვეო საბჭომ კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურები დაიცვა, მან არ დააკმაყოფილა საზოგადოების ნაწილის, მათ შორის, 11 კანდიდატის მოთხოვნა და გასაუბრებები საბჭოს წევრებსა და კანდიდატებს შორის პირდაპირ ეთერში არ გადასცა. გარდა ამისა, საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ არის დასაბუთებული  და ეწინააღმდეგება თავად საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთიკის კოდექსით გათვალისიწინებულ პრინციპებს.

სამეურვეო საბჭოს წევრმა - დავით აფრასიძემ პირველი არხის ეთერში განაცხადა, რომ:  „მაშინ,  როდესაც დაცულია ყველა პროცედურა, როდესაც დაცულია ყველა ნაბიჯი, ჩვენ უნდა ვისწავლოთ  მიღებული გადაწყვეტილების პატივისცემა და ვიცხოვროთ იმ ახალ რეალობაში, რომელსაც ეს გადაწყვეტილებები ქმნის.“  ჩვენ პატივს ვცემთ  კანონის დაცვით მიღებულ ყველა გადაწყვეტილებას, თუმცა, ასევე ხაზს ვუსვამთ ეთიკური პრინციპების მნიშვნელობას საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობაში.

2009 წლის 13 იანვარს საიამ გიორგი ჭანტურიას მიერ ჟურნალ „ცხელი შოკოლადის“ დეკემბრის ნომერში გამოთქმული შეუწყნარებლობის გამომხატველი მოსაზრებები გააპროტესტა (http://gyla.ge/?display=news&view=719). ჩვენ კიდევ ერთხელ შევახსენებთ სამეურვეო საბჭოს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ფუნქციის განხორციელება სულ მცირე, გაუჭირდება იმ ადამიანს, რომელიც  რომელიც თავად არღვევს ამ დაწესებულების სახელმძღვანელო პრინციპებს.

სამწუხაროა ასევე ის, რომ  ბატონი გიორგი ჭანტურია 2009 წლის 4 აგვისტოს (http://gyla.ge/?display=news&view=793)  არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრაზე, არაერთგზისი თხოვნის მიუხედავად არ მობრძანდა.  შესაბამისად, მოკლებული ვიყავით შესაძლებლობას, უშუალოდ მისთვის დაგვესვა საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი კითხვები.