საქართველოს სახალხო დამცველის 2023 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ცნობილი გახდა, რომ სახალხო დამცველმა არ დააკმაყოფილა გოგა რაზმაძის მოთხოვნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მის მიმართ განხორციელებული დისკრიმინაციის ფაქტის დადგენასთან დაკავშირებით და შეწყვიტა საქმის წარმოება. საიას მიაჩნია, რომ სახალხო დამცველის აღნიშნული გადაწყვეტილება არ ეფუძნება საქმის გარემოებების სრულყოფილ გამოკვლევას და შესაბამისად, არის დაუსაბუთებელი.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2023 წლის 12 ივლისს, გოგა რაზმაძემ, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში - შსს) მოქმედი თანამშრომელია და იკავებს შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის რეგიონული სამმართველოს უფროსის პოზიციას, სოციალურ ქსელ Facebook-ში გამოაქვეყნა საჯარო პოსტი, სადაც იგი საუბრობდა მის მიმართ სამინისტროში დისკრიმინაციისა და შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილის მიერ განხორციელებულ დამამცირებელ, შეურაცხმყოფელ მოპყრობასა და ახსნა-განმარტების მიცემის იძულების ფაქტებზე.
საჯარო პოსტის გამოქვეყნებამდე, 2023 წლის 16 ივნისს, გოგა რაზმაძემ, ელექტრონული ფოსტის საშუალებით მიმართა შსს მინისტრის მოადგილესა და დეპარტამენტის მენეჯმენტს. წერილში იგი აღწერდა მის მიმართ განხორციელებული შევიწროების შემთხვევებს და ითხოვდა შეხვედრას.
მას შემდეგ, რაც, უწყებამ სრულიად უგულებელყო მისი განცხადებები და აშკარა გახდა, რომ პრობლემის მოგვარება შეუძლებელია იყო, 2023 წლის 26 ივნისს, გოგა რაზმაძემ განცხადებით მიმართა საქართველოს სახალხო დამცველს და მოითხოვა დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის დადგენა და მისი აღმოფხვრის თაობაზე რეკომენდაციის მიღება.
სახალხო დამცველის აპარატში საქმის განხილვის დროს გამოიკვეთა არაერთი პრობლემა. კერძოდ, აპარატი არ დაინტერესდა განმცხადებლის მიერ განცხადებაში მოწმედ მითითებული პირების გამოკითხვით. ამასთან, სახალხო დამცველმა, დამაზუსტებელი შეკითხვების დასმის გარეშე იხელმძღვანელა შსს-ს მიერ წარმოდგენილი საპასუხო პოზიციით, მაშინ, როდესაც გოგა რაზმაძის მიერ წარმოდგენილი დამატებითი პოზიცია ეჭვქვეშ აყენებდა შსს-ს განმარტებებს. მიუხედავად იმისა, რომ დამატებით პოზიციაში განმცხადებელს მითითებული ჰქონდა მთელი რიგი ახალი ფაქტები და მოსაზრებები და სახალხო დამცველს მოუწოდებდა, საქმის სრულყოფილი გამოკვლევის მიზნით, დაესვა კონკრეტული შეკითხვები მოწინააღმდეგე მხარისთვის, სახალხო დამცველმა ამ შეკითხვების დასმის საჭიროება ვერ დაინახა. ამავე დროს, განმცხადებლის მიერ დამატებით წარდგენილ მოსაზრებაზე შსს-ს პასუხი სახალხო დამცველისთვის არ წარმოუდგენია და ამ ფონზე მაინც შსს-ს პოზიცია იქნა სრულად გაზიარებული. ამასთან, სახალხო დამცველის გადაწყვეტილებაში უცვლელი სახითაა მოცემული
შსს-ს არგუმენტაცია მაშინ, როდესაც გოგა რაზმაძის პოზიციის დიდი ნაწილი გადაწყვეტილებაში ასახულიც არ არის.
აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველმა, შეფასების პროცესში არ გაითვალისწინა გოგა რაზმაძის მიერ წარდგენილი მთელი რიგი მტკიცებულებები, მათ შორის, იმ მიმოწერის დამადასტურებელი დოკუმენტები, რომლებშიც აშკარად იკვეთებოდა, რომ გოგა რაზმაძეს ჰქონდა შსს მინისტრის მოადგილესთან შეხვედრის მცდელობები, თუმცა, შემხვედრი ნების არარსებობის გამო, წერილები სრულიად უპასუხოდ დარჩა. სახალხო დამცველი არც შსს-ს გენერალურ ინსპექციაში იძულების ფაქტებთან დაკავშირებულ წარმოებას ითვალისწინებს. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ სახალხო დამცველის მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე, გოგა რაზმაძემ აპარატში წარადგინა კიდევ ერთი პოზიცია. პოზიციაში გოგა რაზმაძემ მიუთითა ახალ ფაქტობრივ გარემოებებზე და კიდევ ერთხელ მოითხოვა მისი უკვე გაჟღერებული შუამდგომლობების დაკმაყოფილება. პოზიციის მიღებიდან ერთ კვირაზე ნაკლებ ვადაში გადაწყვეტილების მიღება აჩენს ვარაუდს, რომ იგი არ საერთოდ არ ყოფილა გაზიარებული შსს-სთვის, შესაბამისად, მათგან პასუხიც არ მიუღია აპარატს.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, იკვეთება, რომ საქართველოს სახალხო დამცველმა გადაწყვეტილება საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ მიიღო საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის გარეშე, რაც, ცხადად მიუთითებს გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობაზე. განმცხადებლის მიერ მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით რელევანტური და საჭირო ყველა შეკითხვის დასმის, საქმეში არსებული ყველა მტკიცებულების ერთობლიობაში განხილვისა და კონტექსტის გათვალისწინების გარეშე. დასკვნა იმასთან დაკავშირებით, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები განსხვავებული მოსაზრების ნიშნით შევიწროებას გამორიცხავს, ეწინააღმდეგება დისკრიმინაციის საქმეებზე კანონმდებლობითა და პრაქტიკით დადგენილ მტკიცების სტადარტს.
ამასთან, გოგა რაზმაძემ შსს-ს გენერალურ ინსპექციაში მის მიმართ განხორციელებულ შეურაცხმყოფელ მოპყრობასა და ახსნა-განმარტების მიცემის იძულების ფაქტზე, მიმართა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გამოძიების დაწყების მოთხოვნით, თუმცა ამ დრომდე გამოძიება არ დაწყებულა. ამ უკანასკნელმა, საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაუგზავნა შსს-ს გენერალურ ინსპექციას, რაც ასევე, იმსახურებს სამართლებრივ კრიტიკას.