სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია ეხმაინება “TV პირველი”-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს

2024-07-30 10:15
Featured image

გრძელდება მაღალი პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირების, “ქართული ოცნების” წევრებისა, და მათთან დაკავშირებული სხვა პირების მიერ, ცილისწამების მოტივით დაწყებული სამართლებრივი დავებით (SLAPP) კრიტიკული მედიის შეზღუდვა.

2022 წლის 20 ივნისს ქალაქ თბილისის მერმა, კახა კალაძემ, მიმართა საქალაქო სასამართლოს სარჩელით ცილისმწამებლური ინფორმაციის უარყოფისა და მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე. კალაძის ადვოკატის, დიმიტრი გაბუნიას, ინფორმაციით, 2022 წლის 5 ივნისს ,,ტვ პირველის” ეთერში გავიდა მაია მამულაშვილის საავტორო გადაცემა, სადაც ჟურნალისტმა გააკეთა განცხადება, რომ ,,კახა კალაძემ მხოლოდ ერთი ტენდერიდან 60 მილიონი მიიღო, რაც არის ოფიციალური ინფორმაცია”. Გასაჩივრებიდან 5 თვის შემდეგ საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა დედაქალაქის მერის კახა კალაძის სარჩელი და „ტელეკომპანია პირველს“ და მის ჟურნალისტს, მაია მამულაშვილს მისთვის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 15 000 ლარის გადახდა დააკისრა. 2024 წლის 26 ივლისს გადაწყვეტილების აღსრულებისთვის კი კახა კალაძემ   მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს. 

ეს არ არის პირველი შემთხვევა კრიტიკული მედიის წინააღმდეგ ცილისწამების საფუძველზე დაწყებული სამართალწარმოების. Გასული რადემინე წლის განმავლობაში სამი წამყვანი კრიტიკული ტელეარხის - "მთავარი არხის", "ფორმულა" და "ტვ პირველის" წინააღმდეგ ასეთი 28 სარჩელი შევიდა. მომჩივანთა უმეტესობა არიან მმართველი პარტიის წარმომადგენლები და მათთან დაახლოებული პირები. მოკლე დროში კრიტიკული მედიის წინააღმდეგ სასამართლო პროცესების გაზრდილი რაოდენობა, კრიტიკული მედიის შეზღუდვების სხვა მცდელობებთან ერთად, აშკარად მიუთითებს კოორდინირებულ ტენდენციაზე, რომელიც მიმართულია მედიის საქმიანობის შეზღუდვისა და დაშინებისკენ. 

ამ ტიპის საქმეების ანალიზმა, ასევე, აჩვენა, სასამართლოს შემდგომი პრობლემური მიდგომები: სარჩელები არაორდინალურად სწრაფად, შემჭიდროვებულ ვადებში განიხილება სასამართლოს მიერ; სასამართლო კანონმდებლობის საწინააღმდეგოდ აბრუნებს მტკიცების ტვირთს, და, მას მოპასუხეს აკისრებს; სასამართლო ე.წ. ცილისწამების სარჩელის საფუძვლიანობას ფორმალურად უდგება, და არ ამოწმებს, ხომ არ შეიძლება სარჩელს ჰქონდეს ფიქციური მიზანი; პრობლემურია, ასევე, სასამართლო გადაწყვეტილებების დასაბუთებულობა პირადი ცხოვრებისა და გამოხატვის თავისუფლების კოლიზიისას სამართლიანი ბალანსის დადგენის კუთხით; სასამართლო ჯეროვნად არ მსჯელობს დავის შეწყვეტის საფუძვლების არსებობაზე; ზოგიერთ შემთხვევაში, გამოვლინდა, რომ ირღვევა მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპი, და, SLAPP დავების მიმდინარეობისას მონაწილე მხარეებს არ ეძლევათ თანაბარი შესაძლებლობები მტკიცებულებების წარმოსადგენად; ასევე, სასამართლოები მხედველობაში არ იღებენ განსახილველი საკითხის გაშუქებამდე / გამოქვეყნებამდე ჟურნალისტების მიერ მიღებულ ზომებს და, ხშირ შემთხვევაში, ირიბად ავალდებულებენ მათ გაამჟღავნონ კონფიდენციალური წყარო; სასამართლოები არ მსჯელობენ სადავო მასალის მიერ დემოკრატიულ დისკუსიაში შეტანილ წვლილზე, როგორც ამას მოითხოვს ევროპული სასამართლოს სტანდარტი; ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით ე.წ.  ცილისწამების დავებზე სათანადო მოპასუხე არის მედიის მესაკუთრე, მოსამართლეები ჟურნალისტებსაც აკისრებენ პასუხისმგებლობას და არ მსჯელობენ არასათანადო მოპასუხის საკითხზე;  მოპასუხეებს დიდი ოდენობით  მორალური ზიანის ანაზღაურება ეკისრებათ. 

ასეთი საქმეები, თავისი შინაარსით, კვალიფიცირდება, როგორც SLAPP საქმეები, ანუ სტრატეგიული სამართალწარმოება საჯარო ჩართულობის წინააღმდეგ, როდესაც საქმეები ფიქციური მიზნით იწარმოება, და, მოსარჩელის მიზანი, არა საკუთარი უფლებების დაცვა, არამედ, კრიტიკული მედიის ხმის ჩახშობაა. 

 

SLAPP-ები განსაკუთრებით დამაზიანებელ გავლენას მოახდენს მედიაზე არჩევნების დროს, სადაც კანდიდატების, პოლიტიკური პარტიების და საარჩევნო პროცესების მონიტორინგი უმთავრესია. იმის გათვალისწინებით, რომ SLAPP-ები მიზნად ისახავს გააჩუმოს კრიტიკული და საგამოძიებო ჟურნალისტიკა, ეს პირდაპირ გავლენას მოახდენს ისეთი საკითხების გაშუქებაზე, როგორიცაა, კორუფცია, ამომრჩევლის მოსყიდვა, ადმინისტრაციული რესურსის უკანონო გამოყენება და სხვა. ეს სამართლებრივი იარაღი, არამხოლოდ, ახშობს გამოხატვის და პრესის თავისუფლებას, არამედ ძირს უთხრის ამომრჩევლის უნარს მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილებები ზუსტი და მრავალფეროვანი ინფორმაციის საფუძველზე. დემოკრატიულ საზოგადოებებში მედიის ეფექტიანი მოქმედება გადამწყვეტ როლს ასრულებს არჩევნების დროს გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად, რაც შედეგად ნიშნავს, იმას, რომ SLAPP-ების პრაქტიკა არის უშუალო თავდასხმა თავად საარჩევნო პროცესის მთლიანობაზე.