საია დაზარალებულებს უფასო იურიდიულ დახმარებას სთავაზობს და შსს-ს მოუწოდებს გაასაჯაროოს ვიდეომასალები
2011-05-27 13:34
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ 2011 წლის 26 მაისს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მიტინგის დაშლისას სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მოხდა ძალის გადამეტება, რის შედეგადაც არაერთმა ადამიანმა მიიღო სხვადასხვა სახისა და სიმძიმის ჯანმრთელობის დაზიანება.
საია მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს გაასაჯაროვოს ყველა ვიდეო ჩანაწერი, რომელსაც სამინისტროს წარმომადგენლები აწარმოებდნენ აქციის დაშლის პროცესში. აღნიშნული შესაძლებლობას მოგვცემს ადექვატურად შეფასდეს როგორც აქციის მონაწილეთა, ასევე სამართალდამცავთა მხირდან განხორციელებული ქმედებები.
ასევე, ასოციაცია საქართველოს ყველა ინსტანციის სასამართლოში უფასო სამართლებრივი დახმარების გაწევას სთავზობს ყველა პირს, რომელმაც სამართალდამცავთა მხრიდან ძალის გადამეტების გამო მიიღო სხვადასხვა სახისა და სიმძიმის ჯანმრთელობის დაზიანება.
აქვე კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტებს არ ეძლევათ შესაძლებლობა შევიდნენ დროებითი მოთავსების იზოლატორებში და მოინახულონ მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირები, ამ დრომდე უცნობია დაკავებულთა ზუსტი ადგილსამყოფელი, რაც ზღუდავს დაცვის უფლების განხორციელებას.