სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება ცესკოს განცხადებას ეხმაურებიან

2012-10-07 14:39
Featured image

 

ბოლო დღეების განმავლობაში მედიის ყურადღების ქვეშ საარჩევნო სუბიექტების მიერ საკუთარი წარმომადგენლების არჩევნების დღის შემდგომ შეცვლის საკითხი მოექცა. კერძოდ, ცესკოს მდივნის, გიზო მჭედლიძის 3 ოქტომბრით დათარიღებული 11 განკარგულების მიხედვით, ცალკეულ საოლქო საარჩევნო კომისიებში შეიცვალნენ საარჩევნო სუბიექტის - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - მეტი სარგებელი ხალხს“ წარმომადგენლები. საარჩევნო კოდექსის 42-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, ნათლადაა განსაზღვრული, რომ: „საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს, არჩევნების დღემდე ნებისმიერ დროს გამოიწვიოს ან/და შეცვალოს თავისი წარმომადგენელი, რის თაობაზედაც უნდა აცნობოს შესაბამის საარჩევნო კომისიას.“ აღნიშნული ჩანაწერი გულისხმობს, რომ არჩევნების დღის შემდგომ წარმომადგენლის გამოწვევა ან ჩანაცვლება საარჩევნო სუბიექტის მიერ შესაძლებელი არ არის. მოქმედი კანონმდებლობის მხედველობაში მიღებით, საიამ და „სამართლიანმა არჩევნებმა“საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების არჩევნების დღის შემდგომი შეცვლა აოლქო საარჩევნო კომისიებშიკანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილებად შეაფასეს.

 

გუშინ, 6 ოქტომბერს ცესკომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია მისი მოსაზრება საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების შეცვლასთან დაკავშირებით. კერძოდ, აღნიშნული უწყების მიერ საარჩევნო კოდექსის 42-ე მუხლის მე-6 ნაწილისათვის მიცემული ინტერპრეტაციის მიხედვით, „საარჩევნო სუბიექტს ეკრძალება წარმომადგენლის გამოწვევა ან შეცვლა მხოლოდ კენჭისყრის დღეს.  ეს შეზღუდვა აღარ ვრცელდება კენჭისყრის დასრულების შემდეგ.“ ამავე განცხადებაში ვკითხულობთ: „სამწუხაროა, რომ აღნიშნულ საკითხზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან გაკეთდა ცალმხრივი და არაკვალიფიციური კომენტარი. მათ მიერ ინტერპრეტირებული შეზღუდვა შეუძლებელს ხდის საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლის შეცვლას ან დანიშვნას მომავალ არჩევნებამდე პერიოდში.“

 

პირველ რიგში, სრულიად მიუღებლად და არაეთიკურად მიგვაჩნია ცესკოს მიერ საიასა და „სამართლიანი არჩევნების“ კომენტარების მოხსენიება როგორც „ცალმხრივი და არაკვალიფიციური“. საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა ეთიკის კოდექსი, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ საზეიმო ვითარებაში იქნა ხელმოწერილი, როგორც ცესკოს, ასევე ცესკოს აპარატს ავალდებულებს „საკუთარი მოსაზრებების გამოთქმისას ტაქტიანად გამოხატოს დასაბუთებული კრიტიკა.“ იმედს ვიქონიებთ, რომ ეთიკის კოდექსის თითოეული მოთხოვნა მომავალში ზედმიწევნით იქნება შესრულებული.

ასევე, ვერ დავეთანხმებით ცესკოს მიერ შემოთავაზებულ განმარტებას, რომ თითქოს საარჩევნო სუბიექტის უფლება, არჩევნების დღემდე ნებისმიერ დროს გამიწვიოს ან/და შეცვალოს თავისი წარმომადგენელი, გულისხმობდეს წარმომადგენლის გამოწვევის ან შეცვლის აკრძალვას მხოლოდ კენჭისყრის დღეს, შემდეგი მიზეზების გამო:

ნორმაში გარკვევითაა მითითებული, რომ საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს გამოიწვიოს ან/და შეცვალოს თავისი წარმომადგენელი არჩევნების დღემდე ნებისმიერ დროს, რაც იმას ნიშნავს, რომე აღნისნული უფლება არჩევნების დღესა და მის შემდგომ აღარ არსებობს. ნორმაში არ არის მითითებული, რომ წარმომადგენლის გამოწვევა ან/და შეცვლა მხოლოდ არჩევნების დღესაა აკრძალული;

ჩვენს ინტერპრეტაციას მხარს უჭერს ნორმაში გამოყენებული ტერმინიც - საარჩევნო სუბიექტი. საარჩევნო კოდექსის 42-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ასეთად, ამავე მუხლის მიზნებისათვის, მოიაზრება არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტია, საარჩევნო ბლოკი, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წევრი. ამავე  მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ყოველ საარჩევნო კომისიაში არაუმეტეს 2 წარმომადგენლის დანიშვნის უფლება აქვთ სწორედ არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს. აღნიშნული ჩანაწერები, ცესკოს მოსაზრების საპირისპიროდ, მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ საარჩევნო სუბიექტებს წარმომადგენლების დანიშვნა მხოლოდ საარჩევნო პერიოდში შეუძლიათ, რამეთუ არასაარჩევნო პერიოდში არ არსებობს საარჩევნო სუბიექტი, და შესაბამისად, საარჩევნო კომისიებთან ურთიერთობაში უკვე არჩეული პირის წარმოდგენას ყოველგვარი აზრი ეკარგება;

რაც შეეხება მითითებას რეგისტრირებული პარტიის/საარჩევნო ბლოკის უფლებაზე მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე მონაწილეობა მიიღოს ყველა სხვა სახის არჩევნებში, კანონი არ აბრკოლებს საარჩევნო სუბიექტებს, საარჩევნო პერიოდში შეუზღუდავად განახორციელონ საკუთარი უფლება წარმომადგენლის დანიშვნის, გამოწვევასა თუ შეცვლასთან დაკავშირებით. საარჩევნო სუბიექტის სტატუსს ეს პირები მოიპოვებენ საკუთარი განცხადების საფუძველზე, რამეთუ საპარლამენტო არჩევნებამდე ყველა სხვა სახის არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება ავტომატური არ არის და გარკვეული ფორმალობის დაცვას საჭიროებს.

დასკვნის სახით, აღვნიშნავთ, ცესკოს მდივნის 2012 წლის 3 ოქტომბრით დათარიღებული 11-ივე განკარგულება მიგვაჩნია კანონსაწინააღმდეგოდ, რაც მისი ბათილობის საფუძველია. რაც შეეხება საარჩევნო სუბიექტის - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - მეტი სარგებელი ხალხს“ - მიერ საოლქო საარჩევნო კომისიებში წარმომადგენლებად მოქმედი პარლამენტის წევრებისა თუ ყოფილი მინისტრების, მინისტრის მოადგილისა და გენერალური პროკურორის პირველი მოადგილის დანიშვნას, მიგვაჩნია, რომ აღნიშნული შესაძლოა უკავშირდებოდეს საარჩევნო სუბიექტის სურვილს, გავლენა მოახდინოს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებზე მათ მიერ გადაწყვეტილებების მიღებისას, რაც დაუშვებელია.