საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება („სამართლიანი არჩევნები“) ეხმიანებიან ანტიკორუფციული ბიუროს მიერ 24 სექტემბერის გადაწყვეტილებას, ცნოს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ და მისი დირექტორი - ეკა გიგაური, ასევე, ორგანიზაცია „აირჩიე ევროპა“, მისი დირექტორი ხათუნა ლაგაზიძე და თანადამფუძნებლები „განცხადებული საარჩევნო მიზნის” მქონე პირებად. საია და „სამართლიანი არჩევნები“ მიიჩნევენ, რომ ანტიკორუფციული ბიუროს ეს გადაწყვეტილება უკანონოა, ვინაიდან იგი არ შეესაბამება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირის ცნების განმარტებას. გარდა ამისა, კანონის ამგვარი ინტერპრეტაცია ქმნის სახიფათო პრეცედენტს იმისთვის, რომ იგი გამოყენებულ იქნეს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების არაპროპორციულად შეზღუდვისთვის.
ანტიკორუფციული ბიუროს მანდატს განეკუთვნება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების (პოლიტიკური პარტიის), საარჩევნო სუბიექტისა და განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგი და ამ სფეროსთან დაკავშირებული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.1 „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, პარტიისთვის დადგენილი გარკვეული შეზღუდვები ვრცელდება პირზე, რომელსაც თავად აქვს განცხადებული საარჩევნო მიზნები და რომელიც ამ მიზნების მისაღწევად შესაბამის ფინანსურ და სხვა მატერიალურ რესურსებს იყენებს. განცხადებული საარჩევნო მიზანი კი ის ფაქტობრივი გარემოებაა, როდესაც იკვეთება კონკრეტული პირის არჩევნებში მონაწილეობის გზით ხელისუფლებაში მოსვლის სურვილი. განცხადება გაკეთებული უნდა იყოს საჯაროდ და მიმართული უნდა იყოს საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებისკენ.2
ანტიკორუციული ბიურო მხოლოდ მსგავსი წინაპირობის არსებობის შემთხვევაში არის უფლებამოსილი, მონიტორინგის ფარგლებში „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დაწესებული შეზღუდვები გაავრცელოს სხვა პირებზე.
24 სექტემბრის გადაწყვეტილებით, ანტიკორუფციულმა ბიურომ გაუმართლებლად ფართოდ და კანონთან შეუსაბამოდ განმარტა კანონმდებლობით დაწესებული სტანდარტი, გამოიყენა რა თბილისის სააპელაციო სასამართლო მიერ რამდენიმე დღის წინ მიღებული დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, რომლითაც დაადგინა, რომ „აირჩიე ევროპის“ საქმიანობა „განცხადებული საარჩევნო მიზნის“ დეფინიციაში ექცეოდა. საყურადღებოა, რომ სასამართლოს თავის გადაწყვეტილებაში საერთოდ არ უმსჯელია სუბიექტის „ხელისუფლებაში მოსვლის მიზანზე“, რომელიც არსებითი ელემენტია მისი “განცხადებული პოლიტიკური მიზნების” მქონე პირად მიჩნევისათვის.
საიას და „სამართლიანი არჩევნების“ აზრით, ანტიკორუფციული ბიუროსა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ საქართველოს კანონმდებლობით მკაფიოდ დადგენილი „განცხადებული საარჩევნო მიზნის“ ცნების თვითნებური და არასწორი განმარტება, შესაძლოა წარმოადგენდეს სამოქალაქო მოძრაობების საქმიანობისა (სამოქალაქო აქტივიზმისა) და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ინსტრუმენტს.
ამასთანავე, იმის გათვალისწინებით, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” საპარლამენტო არჩევნებისთვის რეგისტრირებულ ერთ-ერთ დიდ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციას წარმოადგენს, ანტიკორუფციული ბიუროს მიერ მიღებული დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება შესაძლოა, აღქმულ იქნას არჩევნებზე დაკვირვების პროცესის შეფერხებად. სახელმწიფო უწყების მსგავსი ქმედებები წარმოადგენს მისი მანდატის თვითნებურ გამოყენებას და აჩენს ინსტიტუტის მიმართ ნდობის მნიშვნელოვნად შემცირების დიდ რისკს.
საია და „სამართლიანი არჩევნები” მოუწოდებენ ანტიკორუფციულ ბიუროს, გააუქმოს ზემოთ აღნიშნული გადაწყვეტილებები, შეწყვიტოს კანონის თვითნებური გამოყენება და იმოქმედოს საკუთარი მანდატის ფარგლებში.
1 „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2015 მუხლი, პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი.
2 „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 71 და 261 მუხლები.