არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის ანგარიშებისა თუ კვლევების მიხედვით, საქართველოში საკუთრების უფლება წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე უფრო მასობრივად დარღვეულ უფლებას წარმოადგენდა. ამ ფაქტს დღევანდელი ხელისუფლება სადაოდ არ ხდის. თუმცა, სამწუხაროდ, სახელმწიფოს რეაგირება ამ დარღვევაზე არაეფექტურია. უფრო მეტიც, რამდენიმე საგამონაკლისო საქმის გარდა, საკუთრების უფლების დარღვევებზე რეაგირება ფაქტობრივად არ მომხდარა. ჩვენთვის ცნობილ საქმეთა აბსოლუტურ უმრავლესობაში გამოძიება ან არ დაწყებულა ან არაეფექტურად მიმდინარეობს. როგორც ჩანს, დღის წესრიგში აღარ დგას აღნიშნული ტიპის დარღვევებზე ეფექტური რეაგირების მექანიზმის შექმნა. სახელმწიფო არც იმ პირთა უფლებების აღდგენას უზრუნველყოფს, რომლებსაც აიძულეს საკუთრება სახელმწიფოსთვის ეჩუქებინათ. სამართალდამცავი და ადმინისტრაციული ორგანოები არ ცდილობენ საკუთარი უკანონო გადაწყვეტილებების გადასინჯვას, რისი უფლებამოსილებაც მათ კანონმდებლობით მინიჭებული აქვთ და ა.შ.
საქმეთა გარკვეულ ნაწილში არსებობს დარღვეული უფლებების სასამართლოს მეშვეობით აღდგენის შანსი. სამწუხაროა ის გარემოება, რომ ჩვენთვის ცნობილ საქმეებში სახელმწიფო ორგანოები, რომლებიც მსგავს დავებში მოპასუხეებად არიან მითითებულნი, სათანადო რეაგირების ნაცვლად, წლების წინ სავარაუდოდ დანაშაულებრივად უკანონოდ მიღებული გადაწყვეტილებების გამართლებას ცდილობენ. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევაა ფონდი ,,კონსტანტას" საქმე.
ფონდის წარმომადგენელთა მიერ მოწოდებული ინფორმაციით საქმის მოკლე არსი შემდეგში მდგომარეობს: 2011 წლის 18 მარტს ფონდი „კონსტანტას“ აღმასრულებელი დირექტორი ლევან ლებანიძე დააკავეს და მთავარი პროკურატურის შენობაში მიიყვანეს. შეხვედრა შედგა პროკურატურის თანამშრომლებთან გელა გელაშვილთან და გიორგი კონდახაშვილთან. პროკურორებმა მას ბრალი დასდეს დანაშაულის ჩადენაში, რომ თითქოს ლ.ლებანიძემ ხელმძღვანელობითი უფლებამოსილება გამოიყენა ფონდი ,,კონსტანტას" კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. გათავისუფლების სანაცვლოდ პროკურატურამ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე 12000000 ლარი მოითხოვა, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში ფონდის გამგეობის ყველა წევრის დაპატიმრებითა და ბანკი „კონსტანტას“ წინააღმდეგ რამდენიმე არხზე შავი პიარ კამპანიის წარმოებით დაემუქრა.
მას შემდეგ, რაც ლ.ლებანიძემ და ფონდის გამგეობის სხვა წევრებმა განაცხადეს, რომ მათ ამ თანხის გადახდა ფიზიკურად არ შეეძლოთ, პროკურორებმა თავად შესთავაზეს თანხის გადახდის შემდეგი სქემა: იმავე დღეს ბანკში დაეგირავებინათ ბანკი ,,კონსტანტას" 80% წილი (რომლის მესაკუთრეც ფონდი ,,კონსტანტა" და ფიზიკური პირები იყვნენ), ლ.ლებანიძეს გაუფორმდებოდა საპროცესო შეთანხმება და სესხად აღებულ თანხას ჯარიმის სახით ბიუჯეტში გადაიხდიდნენ. ზეწოლისა და მუქარის შედეგად, იმავე ღამეს, ლ.ლებანიძე და მისი პარტნიორები იძულებულნი გახდნენ პროკურატურის პირობას დასთანხმებოდნენ. მეორე დღეს, 19 მარტს სასამართლო სხდომაზე პროკურატურის მიერ მოთხოვნილი ჯარიმა 12,000,200 ლარი სასამართლომ 200 ლარით შეამცირა და ლევან ლებანიძე 12,000,000 (თორმეტი მილიონი) ლარით დააჯარიმა. საპროცესო შეთანხების დამტკიცებამდე აღნიშნული თანხა სახელმწიფო ბიუჯეტში უკვე გადარიცხული იყო, რაც სასამართლო სხდომის ფორმალურობაზე მიუთითებს.
საქმეში არსებული მთელი რიგი გარემოებები ქმნის დასაბუთებულ ვარაუდს, რომ ლ.ლებანიძისა და ფონდი ,,კონსტანტას" მიმართ 2011 წელს პროკურორების მხრიდან ადგილი ჰქონდა დანაშაულებრივად უკანონო ქმედებებს. ეს გარემოებები დეტალურად არის აღწერილი 2013-2014 წლებში ,,კონსტანტას" მიერ პროკურატურაში შეტანილ საჩივრებში, თუმცა ფაქტია, რომ გამოძიება ამ საქმეზე ეფექტურად არ მიმდინარეობს.
გარდა ამისა, ფონდმა ,,კონსტანტამ" მას შემდეგ, რაც გამოძიების არაეფექტურობაში დარწმუნდა, სასამართლოში პროკურატურის წინააღმდეგ სამოქალაქო სარჩელი შეიტანა. სარჩელზე პროკურატურის პასუხით (მაგ.: პასუხში მითითებულია, რომ თითქოს იძულების ფაქტი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ გასულია დავაზე ხანდაზმულობის ვადა, რის გამოც სასამართლომ სარჩელი საერთოდ არ უნდა განიხილოს და ა.შ.) აშკარა ხდება, რომ საქმეზე ობიექტური და ეფექტური გამოძიება ჩატარების ნაცვლად, ფაქტობრივად, პროკურატურა 3 წლის წინ პროკურორების სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედებების დაცვას ცდილობს.
ცხადია, სახელმწიფოს ზემოაღნიშნული მიდგომა არა თუ ვერ აღადგენს შელახულ უფლებებს, არამედ განამტკიცებს დაუსჯელობის განცდას და ხელს შეუშლის ქვეყანაში კანონის უზენაესობის პრინციპის დამკვიდრებას.
მოვუწოდებთ ყველა სამართალდამცავ და ადმინისტრაციულ ორგანოს, კომპეტენციის ფარგლებში ეფექტურად მოახდინონ ზემოაღნიშნულ და სხვა მსგავს დარღვევებზე რეაგირება. ამასთანავე აუცილებელია, საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება უკანონოდ ჩამორთმეული ქონების მესაკუთრეთა უფლებების აღსადგენად.