სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია და კონსტიტუციის 42-ე მუხლი ვასილ ლომსაძის საქმეზე პროკურატურას მიმართავს

2013-11-08 02:25
Featured image

 

საია და კონსტიტუციის 42-ე მუხლი დაინტერესდა მედიით გავრცელებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს უფროსის მოადგილემ, ზაალ ადამიამ მოქალაქე ვასილ ლომსაძე ცემა. პარალელურად საიას გაცხადებით მომართა ვასილ ლომსაძემ, სადაც მიუთითა, ანალოგიური ინფორმაცია და მოითხოვა დახმარება.

ჩვენ შევისწავლეთ საქმის მასალები, საიდანაც ირკვევა შემდეგი:
 
მოქალაქე ვასილ ლომსაძე, 2013 წლის 27 ოქტომბერს, რუსთავში დაკავებულ იქნა რუსთავის საქალაქო სამმართველოს მე-2 განყოფილების თანამშრომლების მიერ. მას ბრალად ედება,  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა (პოლიციელზე თავდასხმა).
 
ბრალდებულად ცნობის დადგენილების თანახმად, 2013 წლის 27 ოქტომბერს, დაახლოებით 21:50 საათზე ქ.რუსთავში, ბალანჩივაძის ქუჩა N7-ის მიმდებარე ტერიტორიაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს რუსთავის საქალაქო სამმართველოს მოადგილეს, ზაალ ადამიას მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით თავს დაესხა ვასილ ლომსაძე, რა დროსაც ვ.ლომსაძემ ზ.ადამიას მიაყენა სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად. 
 
2013 წლის 29 ოქტომბერს რუსთავის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა რუსთავის რაიონულმა პროკურატურამ და მოითხოვა ვასილ ლომსაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება. სასამართლოს მიერ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა პროკურატურის შუამდგომლობა და ვ.ლომსაძეს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის ნაცვლად გირაო შეეფარდა, რაც გასაჩივრდა პროკურატურის მიერ. თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა რუსთავის საქალაქო სასამართლოს განჩინება.
 
საქმის მასალების შესწავლის შედეგად გამოვლენილ იქნა მთელი რიგი ხარვეზები, რაც მიუთითებს გამოძიების ტენდენციურობაზე, არაკვალიფიციურობასა და არაობიექტურობაზე, კერძოდ:
 
1. გამოძიება დაწყებულია ვასილ ლომსაძის წინააღმდეგ და დაზარალებულად ცნობილია შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს უფროსის მოადგილე, ზ.ადამია, მაშინ როდესაც, ვასილ ლომსაძე და ფაქტის უშუალო თვითმხილველი რამოდენიმე მოწმე მიუთითებს, რომ რეალობა პირიქით იყო, ვასილ ლომსაძე იყო მსხვერპლი და ის პოლიციელებმა ცემეს. 
 
დაცვის მხარემ მოწმის სტატუსით გამოკითხა ა. ა., რომელმაც განმარტა:
,,...აღნიშნულ პიროვნებას სახეზე ეტყობოდა, რომ იყო ძალიან ნაცემი, ცხვირიდან სისხლი სდიოდა და მთელი სახე ჰქონდა დასიებული. ჩვენ ვიკითხეთ თუ რაში იყო საქმე. ამ დროს იმ პიროვნებამ დაიწყო ტირილი და სთქვა, რომ ზაალიმ მცემაო... სადარბაზოში შემოცვივდა დაახლოებით 10 პიროვნება, რომელთაგანაც ზოგს ეცვა პოლიციელის ფორმა, ხოლო ზოგი კი იყო სამოქალაქო ფორმაში. რამოდენიმე პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა პირმა უხეშად მოკიდეს ხელი იმ ნაცემ პიროვნებას და დაუწყეს ცემა, რომელიც ასევე ცემა-ცემით გაიყვანეს სადარბაზოდან, როდესაც გაიყვანეს სადარბაზოდან სხვებიც მიცვივდნენ და დაუწყეს ცემა, ამ დროს ერთ-ერთი სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პიროვნება მოგვიბრუნდა და უხეშად მოგვმართა, რომ შევსულიყავით სახლში, ჩვენ შევედით სახლში". 
 
დაცვის მხარემ მოწმის სტატუსით, ასევე გამოიკითხა ე.ო., ზ. კ, გ.კ, რომლებმაც ასევე დაადასტურეს პოლიციის თანამშრომლების მხრიდან, ვასილ ლომსაძის ცემის   ფაქტი. 
 
2. დაცვის მხარის ინიციატივით, დამოუკიდებელ სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ „ვექტორში“ ვასილ ლომსაძეს ჩაუტარდა სამედიცინო ექსპერტიზა.  გაცემული დასკვნის თანახმად, სახეზეა: ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, თავის ტვინის შერყევა. თავის ტვინის დაჟეჟილობის და სახის ძვლების მოტეხილობის გამოსარიცხად ესაჭიროება თავის ტვინის მაგნიტურ რეზონანსული კომპიუტერული ტომოგრაფია და ნევროლოგიის აქტიური მეთვალყურეობის ქვეშ მედიკამენტოზური მკურნალობა.
 
პირადი გასინჯვით ვ.ლომსაძეს აღენიშნება დაზიანებები სისხლნაჟღენთების, სახის მარცხენა ნახევრის რბილი ქსოვილების შესიების, სუბკონიუქტივალური სისხლჩაქცევის, ნიკაპის დაჟეჟილი ჭრილობის და ნაჭდევების სახით.
 
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოქ. ვასილ ლომსაძეს ამჟამად არსებული მონაცემებით დაზიანება მიყენებული აქვს რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის (საგნების) არაერთჯერადი მოქმედებით.
 
3. დამაჯერებლობას მოკლებულია და კითხვის ნიშნებს აჩენს ბრალდების 2 მოწმე პოლიციელის - ივანე ჩოქურისა და მიხეილ ბახუტაშვილის ჩვენება. აღსანიშნავია, რომ ეს გარემოება მითითებულია რუსთავის საქალაქო სასამართლოს განჩინებაშიც, რომლის თანახმადაც: ,,აღნიშნული მოწმეების ჩვენებები ფაქტობრივ გარემოებებში იმდენად თანხვედრი და მსგავსია, რომ ორთოგრაფიული შეცდომებიც კი ერთნაირი აქვთ".
 
4. დამაჯერებლობას არის მოკლებული დაზარალებულად ცნობილი პოლიციის თანამშრომლის, ზაალ ადამიას ჩვენებაც. მის ჩვენებაში აღნიშნულია, რომ ვასილ ლომსაძემ ცინიკურად მიმართა, რის გამოც ,,სიტუაციის განმუხტვის მიზნით" გამოეცალა და წამოვიდა. იმავე ჩვენებაში აღნიშნულია: ,,როდესაც მანქანასთან მივდიოდი ვასილ ლომსაძე დამეწია ეზოში და დამიძახა კვლავ, როდესაც მივხედე დაიწყო ჩემი და პოლიციელების მისამართით გინება. თქვა, რომ ვიყავით მოსაკლავები და მისთვის ნება რომ მიეცათ დახოცავდა სიამოვნებით. ამაზე მე ვუთხრი, რომ ნუ ყვიროდა ეზოში და თუ უნდოდა ჩამჯდარიყო ჩემთან ერთად მანქანაში და სახლში მივიყვანდი. ჩაჯდომისთანავე ისე, რომ საერთოდ არ მოველოდი მუშტები მიყოლებით რამდენჯერმე ჩამარტყა სახის არეში, ეს მოხდა წამიერად ისე, რომ გააზრებაც ვერ მოვასწარი..." გამორიცხული არაფერია, თუმცა, რბილად რომ ვთქვათ, ძნელი დასაჯერებელია, პირს, რომელიც, ასეთ აგრესიას გამოხატავდა პირადად ზ.ადამიას და ზოგადად პოლიციელთა მიმართ (უყვიროდა, აგინებდა, პოლიციელთა მოკვლის სურვილს გამოთქვამდა), სამმართველოს უფროსის მოადგილემ საკუთარი ავტომობილით სახლში მიყვანა შესთავაზოს. 
 
5. დაკავებულ ვასილ ლომსაძეს არ განემარტა მისი უფლებები, რითაც უხეშად დარღვეულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი. რუსთავის საქალაქო სასამართლომ ვასილ ლომსაძისათვის პატიმრობის შეფარდების შესახებ შუამდგომლობა სწორედ ამ გარემოების გამო არ დააკმაყოფილა. სასამართლოს განჩინებაში აღნიშნულია: ,,არცერთი პირის დაკითხვის ოქმით არ დასტურდება, რომ დაკავებულ ვასილ ლომსაძეს განემარტა მისი უფლება-მოვალეობანი. ... იმ მომენტიდან როდესაც ვასილ ლომსაძეს პოლიციის მუშაკების მიერ შეეზღუდა თავისუფალი მიმოსვლის უფლება, იგი ითვლებოდა დაკავებულად და ბრალდებულად, შესაბამისად, არსებობდა ვალდებულება დაკავებულისთვის გასაგები ფორმით შეეტყობინებინათ დაკავების საფუძვლები, განემარტათ, რა დანაშაულის ჩადენაში იყო ბრალდებული და ეცნობებინათ, რომ მას აქვს უფლება ადვოკატზე, დუმილისა და კითხვებზე პასუხის გაცემისგან თავის შეკავების უფლება. ...სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებითად არის დარღვეული საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 174-ე და 175-ე მუხლების მოთხოვნები".
 
6. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ვასილ ლომსაძის ადვოკატის ინფორმაციის თანახმად, დაცვის მოწმეებზე ადგილი აქვს გავლენის მოხდენის მცდელობას. 
 
7. აქვე გვსურს გამოვეხმაუროთ შსს-ს პრესსამსახურის მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ვასილ ლომსაძე არის წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი. პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ეს ინფორმაცია უბრალოდ ტყუილია, რადგან ვ.ლომსაძე არის ერთხელ და არა მრავალჯერ ნასამართლევი. ამასთან, გვსურს კვლავ ხაზი გავუსვათ იმ მოსაზრებას, რაც საიამ ლევან კორკოტშვილის საქმეში 11 ოქტომბერს დააფიქსირა : წარსულში ნასამართლობის ფაქტი „ვერც პოლიციელთა მხრიდან სავარაუდო ძალადობას გაამართლებს და ვერც რაიმე სახის დანაშაულის განმეორებით ჩადენის მტკიცებულებად გამოდგება... რამდენჯერაც არ უნდა იყოს პირი ნასამართლევი, მას უნდა მიეცეს ჩვეულებრივი, მშვიდი ცხოვრების გაგრძელების შესაძლებლობა, ხოლო თუ ის ამ შანსს არ იყენებს, მის მიმართ გამოძიება კანონით დადგენილი წესით უნდა წარიმართოს და ამ წესისგან გადახვევის გამართლებად წარსული ნასამართლობები, მათი რაოდენობების მიუხედავად, ვერ გამოდგება.“ 
 
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვასილ ლომსაძის და დაცვის მხარის მიერ გამოკითხული რამოდენიმე მოქალაქის მიერ მოწოდებული ინფორმაცია დაუშვებელია  რეაგირების გარეშე დარჩეს. ეს ინფორმაცია ცალსახად შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის არაერთი დანაშაულის ნიშნებს. მოვუწოდებთ საქართველოს პროკურატურას, დაიცვას საქართველოს კანონმდებლობის პირდაპირი მოთხოვნა და თავად გამოიძიოს მომხდარი ფაქტი.