12 მაისს, თბილისის რამდენიმე კლუბში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების და შემდგომში, მშვიდობიანი შეკრების მონაწილეთა მიმართ საპოლიციო ძალის გამოყენების კანონიერებასა და მიზანშეწონილობას, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) შეისწავლიან.
ამ დრომდე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან გაკეთებული განმარტებების მიუხედავად, საზოგადოებაში რჩება კითხვები სპეცრაზმისა და საპოლიციო ძალის გამოყენების დასაბუთებულობასა და თანაზომიერებაზე, კლუბ “ბასიანის” მიმდებარე ტერიტორიაზე სპონტანური აქციის მონაწილეთა მიმართ პოლიციის მიერ გამოყენებული ძალისა და ათეულობით პირის ადმინისტრაციული წესით დაკავების კანონიერებაზე.
12 მაისის ღამის მოვლენები, საპოლიციო ღონისძიების მასშტაბების, მასობრივი დაკავებებისა და პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების ფაქტების გათვალისწინებით, სათანადო დოკუმენტირებას და შეფასებას მოითხოვს. ამ მიზნით, საია და „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინტის ცენტრი (EMC)” დეტალურად შეისწავლიან 12 მაისის ღამეს და მასთან კავშირში განვითარებულ მოვლენებს, მათ შორის:
- კლუბებში ჩატარებული ჩხრეკა და სპეცრაზმის გამოყენება - მნიშვნელოვანია შეფასდეს როგოროც სპეცრაზმის გამოყენების სამართლებრივი საფუძვლები და მიზანშეწონილობა, ასევე, უშუალოდ ჩხრეკის კანონიერების საკითხი;
- მშვიდობიანი შეკრების უფლებით სარგებლობა - კლუბ “ბასიანის” მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულმა პოლიციამ სპონტანური აქციის მონაწილეებს აქციის გაგრძელების საშუალება არ მისცა. სწორედ ამ ადგილზე მოხდა პირთა დიდი ნაწილის დაკავება. საჭიროა შეფასდეს როგორც ამ ადგილზე, ასევე პარლამენტის შენობის წინ პოლიციის მოქმედება და მშვიდობიანი შეკრების მონაწილეთა მიმართ საპოლიციო ძალის გამოყენების კანონიერება;
- ათეულობით პირის ადმინისტრაციული წესით დაკავება - როგორც კლუბებთან, აგრეთვე, პარლამენტის წინ, 12 მაისს სამართალდამცავებმა რამდენიმე ათეული ადამიანი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. გავრცელებული ვიდეო მასალა ცალკეულ შემთხვევებში შესაძლო უკანონო დაკავების ფაქტებზე მიუთითებს. მნიშვნელოვანია დადგინდეს პოლიციის ქცევის სტრატეგია და ტაქტიკა აქციის მართვის პროცესში, ასევე, პირთა დაკავების ინდივიდუალური შემთხვევების კანონიერება;
- მედიის წარმომადგენლების მიერ პროფესიული საქმიანობის განხორციელება - 12 მაისის მოვლენებიდან რამდენიმე დღეში, სხვადასხვა წყაროებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ კონკრეტული მედიასაშუალებების წარმომადგენლებს, მომხდარის გაშუქებისას, შეექმნათ პრობლემები და არ მიეცათ პროფესიული საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა. ამ მხირვ, მნიშვნელოვანია შეფასდეს ჰქონდა თუ არა ადგილი ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელშეშლას.
შესწავლილი საკითხები გაერთიანდება ერთობლივ ანგარიშში, რომელიც იქნება საჯარო და გაეგზავნება ყველა დაინტერესებულ მხარეს. ანგარიშის ავტორები შესწავლის შედეგებს, მათ შორის, გაუზიარებენ საქართველოს მთავარ პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შემდგომი რეაგირებისთვის.
მივმართავთ აქციის მონაწილეებს, დაკავებულ პირებსა და მედიის წარმომადგენლებს, მოგვაწოდონ ინფორმაცია, 12 მაისის მოვლენების დროს, სამართალდამცავთა ქმედებების შესახებ და გაგვიზიარონ ფოტო-ვიდეო მასალა, რაც ანგარიშის ავტორებს სრულყოფილი შეფასების მომზადებაში დაეხმარება.