სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია ბათუმსა და თელავში მომხდარ ინციდენტებს ეხმაურება

2016-08-06 17:54
Featured image

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აგრძელებს საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის მონიტორინგს. ამჯერად გვსურს საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ საქართველოს ორ ქალაქში, ბათუმსა და თელავში 4 აგვისტოს მომხდარ ინციდენტებზე და მოვუწოდოთ საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს, რომ გამოიჩინონ სათანადო პასუხისმგებლობა, ჯეროვნად შეასრულონ მათზე საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებები და ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ, სტაბილურ და ძალადობისაგან თავისუფალ გარემოში ჩატარებას.

 

პოლიტიკურ პარტიებს, მათ წარმომადგენლებსა და მხარდამჭერებს:

- პატივი სცენ და დაიცვან საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, თავისუფლების ქარტიით დადგენილი მოთხოვნები.

 

- არ წარმოადგინონ ისეთი საარჩევნო  პროგრამა, რომელიც შეიცავს ძალადობის პროპაგანდას, ეროვნული შუღლისა და მტრობისკენ მოწოდებას;

 

- უარი თქვან სიძულვილის ენის გამოყენებაზე, ქსენოფობიურ და ჰომოფობიურ განცხადებებზე;

 

- თავი შეიკავონ ნებისმიერი ტიპის აგრესიული ქმედებისაგან, პროვოკაციისაგან და მსგავს ქმედებებში პარტიის აქტივისტების ჩართვისაგან;

 

- მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ სახელმწიფოში არჩევნების მშვიდ ვითარებაში ჩატარების მნიშვნელობას, რათა განვითარებულმა მოვლენებმა ზიანი არ მიაყენოს არჩევნებსა და წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობას.

 

 

სამართალდამცავ ორგანოებს:

- ეფექტურად უზრუნველყონ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა;

 

- მოახდინონ შესაძლო სამართალდარღვევათა პრევენციული ღონისძიებების გატარება;

 

- სამართალდარღვევის ან/და დანაშაულის ნიშნების არსებობის შემთხვევაში მოახდინონ დროული და ეფექტური რეაგირება;

 

- შესაბამისი პირების მიმართ გამოიყენონ კანონით გათვალისწინებული ზომები.

 

დამატებით წარმოგიდგენთ ინფორმაციას 2016 წლის 4 აგვისტოს ქალაქ ბათუმში და თელავში მომხდარი ინციდენტების შესახებ. აღნიშნული ინციდენტების დროს ადგილზე იმყოფებოდნენ და მოვლენებს აკვირდებოდნენ საიას მონიტორები.

 

ინფორმაცია ქალაქ ბათუმში მომხდარი ინციდენტის შესახებ:

 

2016 წლის 3 აგვისტოს, დაახლოებით 22:00 საათიდან ქალაქ ბათუმში გადაადგილება დაიწყო მოქალაქეთა ჯგუფმა, რომელიც საზოგადოებას მოუწოდებდა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან დაგეგმილ საპროტესტო აქციაში მონაწილეობისაკენ. მოწოდების ძირითად შინაარსს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში განხორციელებული მოქმედებების გაპროტესტება წარმოადგენდა.

მომდევნო დღეს, 4 აგვისტოს, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქალაქ ბათუმში, მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ჩვენი სამშობლო“ საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეები ევროპის მოედანზე შეიკრიბნენ, მოგვიანებით კი, დაახლოებით 13:00 საათზე, პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ოფისთან გადაინაცვლეს. აქციის მონაწილეთა მოთხოვნას წარმოადგენდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობის აკრძალვა და მისი წარმომადგენლების დასჯა. მათი მხრიდან არაერთხელ გაჟღერდა აღნიშნული პოლიტიკური პარტიისა და მისი მხარდამჭერების შეურაცხმყოფელი ფრაზები. პარტიის ოფისთან ასევე იმყოფებოდნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები, რომლებიც, თავის მხრივ, აქციის მონაწილეების შეურაცხმყოფელ ფრაზებს აჟღერებდნენ. აქციის მონაწილეებმა დაწვეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის და თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ფეთხულა გიულენის ფიტულები. აქციის მონაწილეებსა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს შორის დაწყებული სიტყვიერი დაპირისპირება მოგვიანებით აქციის მონაწილეების მხრიდან ფიზიკური დაპირისპირების მცდელობაში გადაიზარდა, თუმცა, სამართალდამცავებმა დემონსტრანტებსა და პარტიის მხარდამჭერებს ფიზიკური დაპირისპირების შესაძლებლობა არ მისცეს, ვინაიდან პოლიცია განლაგდა მათ შორის.

აღსანიშნავია, რომ მიუხედავად წინასწარ დაანონსებული აქციისა, დასაწყისისთვის პოლიცია შემთხვევის ადგილზე არასაკმარისი რაოდენობით, მხოლოდ ერთი ეკიპაჟით იყო მობილიზებული. სამართალდამცავთა რაოდენობა მხოლოდ მას შემდეგ გაიზარდა, რაც მოქალაქეთა რაოდენობამ საგრძნობლად მოიმატა. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინციდენტის დროს დააკავეს პოლიტიკური გაერთიანება „ჩვენი სამშობლოს“ ერთი წევრი ადმინისტრაციულ სამართლდარღვევათა კოდექსის 166-173 მუხლების საფუძველზე, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა საიას მონიტორი, რომელმაც აქციის ამსახველი ვიდეომასალა მოგვაწოდა

https://drive.google.com/file/d/0BzKJbf0WSkP8OXBvUThRNHlyZm8/view

 

ინფორმაცია ქალაქ თელავში მომხდარი ინციდენტის შესახებ:

მიმდინარე წლის 4 აგვისტოს 12:00 საათზე ქალაქ თელავში დაგეგმილი იყო „სახალხო მოძრაობა სოციალისტური საქართველოს“ კახეთის რეგიონული ორგანიზაციის დამფუძნებელი ყრილობის ჩატარება. ყრილობის მონაწილეებს ღონისძიებაზე მიტანილი ჰქონდათ დროშები, რომლებზეც გამოსახული იყო კომუნისტური ტოტალიტარული სიმბოლიკა. აღნიშნული სიმბოლიკის გამოყენებას კრძალავს საქართველოს კანონმდებლობა, კერძოდ, „თავისუფლების ქარტია“. ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები, რომლებმაც მათ არ მისცეს შესაძლებლობა, გამოეყენებინათ კომუნისტური სიმბოლიკის გამომხატველი დროშები.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შენობასთან, სადაც ყრილობა უნდა ჩატარებულიყო, საპროტესტო აქცია გამართეს  მოქალაქეებმა, პოლიტიკური გაერთიანებების - „ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველო“ მხარდამჭერებმა. ტელეკომპანია „პირველის“ ცნობით, „სოციალისტური საქართველოს“ წევრები ქსენოფობიურ განცხადებებს აკეთებდნენ და ამბობდნენ, რომ „ქვეყანა უნდა მართოს ქართველმა, და არა - სომეხმა და ებრაელმა.“

აქციის ერთ-ერთ მონაწილეს, რომან ქევხიშვილს, ყრილობის ერთ-ერთმა მონაწილემ - თემურ ფიფიამ სახეში ხელი დაარტყა, რის შემდეგაც, ქევხიშვილმა მას კვერცხები ესროლა. თემურ ფიფია პოლიციამ დააკავა და ბრალი ცემის ფაქტზე წარუდგინა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტოს მიერ გარცელებული ინფორმაციის თანახმად, ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

6 აგვისტოს გამართულ სასამართლო სხდომაზე, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების სახით 5000 ლარის ოდენობის გირაოს გამოყენების შესახებ და თემურ ფიფიას აღკვეთის ღონისძიების სახედ და ზომად გირაოს მინიმალური ოდენობა - 1000 ლარი დაუდგინა.

საია გააგრძელებს აღნიშნულ საქმეებზე სასამართლო პროცესების მონიტორინგს და საზოგადოებას მიაწვდის ინფორმაციას მათი მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ.