საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია არჩევნების დღის შემდგომი პროცედურების დაკვირვებას 38 საოლქო საარჩევნო კომისიაში ახორციელებდა. დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, საია შესაბამისი საჩივრებით საოლქო საარჩევნო კომისიებსა და სასამართლოს მიმართავდა.
საჩივრების წარდგენის დროს მთელი რიგ უბნებზე საიამ კენჭისყრის შედეგების გადათვლა, ასევე ცალკეულ უბნებზე კენყისყრის შედეგების ბათილად ცნობა მოითხოვა, ვინაიდან აღნიშნულ უბნებზე, სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა საარჩევნო კანონმდებლობის უხეშ დარღვევას, რასაც შესაძლოა გავლენა მოეხდინა კენჭისყრის შედეგებზე. საჩივრების წარდგენის დროს საიამ ასევე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სამართალდამრღვევის ჩამდენი საარჩევნო კომისიის წევრებისთვის პასუხისმგებლობის შეფარდების საკითხებზე, როგორც დარღვევათა შემდგომი პრევენციის ერთ-ერთ აუცილებელ საშუალებაზე.
აღსანიშნავია, რომ არჩევნების დღის შემდგომი პერიოდის საჩივრები ძირითადად საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებში მთელ რიგ უზუსტობებს ეხებოდა, კერძოდ:
• მთელ რიგ უბნებზე კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებში ბალანსი არ დგებოდა. შემაჯამებელ ოქმებში საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების რაოდენობისა და ბათილი საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა მეტი აღმოჩნდა არჩევნებში მონაწილე პირთა რაოდენობაზე;
• მთელ რიგ ოლქებში ბათილად ცნობილი საარჩევნო ბიულეტენების საერთო რაოდენობის მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა;
• ასევე ცალკეულ შემთხვევებში შემაჯამებელ ოქმებში დაფიქსირდა გაცილებით მეტი ბათილი საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა, ვიდრე ამავე უბნებზე არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობა იყო;
• აღმოჩნდა, რომ ზოგიერთ უბანზე მიღებული ბიულეტენების რაოდენობა მნიშვნელოვნად აღემატებოდა ამავე უბნებზე ერთიან სიაში ამომრჩეველთა რაოდენობას;
• მთელ რიგ შემთხვევებში, გადასწორებული აღმოჩნდა კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებში შეტანილი მონაცემები და უბნებზე გაცემულ ოქმებს თან არ ახლდა შესაბამისი საარჩევნო კომისიის მიერ შედგენილი შესწორების ოქმები;
• ცალკეულ შემთხვევებში, დამკვირვებლების მიერ უბნიდან და ოლქიდან მოპოვებული კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების ასლები განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. განსხვავებით უბნიდან მოპოვებული ოქმებისგან, ოლქიდან მოპოვებულ შემაჯამებელ ოქმებს თან ახლავს შესწორების ოქმები. შესაბამისად, ჩნდება კითხვები ოქმების სისწორესთან დაკავშირებით, გაუგებარია დარღვევის სათანადო შესწავლის გარეშე როგორ ახდენდნენ საოლქო საარჩევნო კომისიები შემაჯამებელ ოქმებში არსებული მონაცემების შესწორებას;
• ზოგიერთ შემთხვევებში, კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებში არ იყო შევსებული სავალდებულო მონაცემები, ღიად იყო დარჩენილი შემაჯამებელ ოქმებში არსებული გრაფები. თუმცა, ეს მონაცემები მერე შევსებული აღმოჩნდა საოლქო საარჩევნო კომისიებიდან მოპოვებულ უბნის შემაჯამებელ ოქმებში, რაც ცხადია ბადებს კითხვებს თუ რა მონაცემებზე დაყრდნობით, რამდენად ზუსტად და ობიექტურად იქნა აღნიშნული მონაცემები შევსებული.
საიას დამკვირვებლებმა საოლქო საარჩევნო კომისიებში 214 საჩივარი წარადგინეს. მათ შორის:
- შემაჯამებელ ოქმებთან და ბალანსის არარსებობასთან დაკავშირებული დარღვევა - 93;
- ხმის დათვლის პროცედურის დარღვევა- 12;
- საოლქო საარჩევნო კომისიაში დოკუმენტაციის გადაცემასთან/საარჩევნო დოკუმენტაციის დალუქვასთან დაკავშირებული დარღვევები – 8;
- დამკვირვებლის უფლებების შეზღუდვა - 6;
- საუბნო საარჩევნო კომისიის გასაჩივრებული გადაწყვეტილებები - 94;
- არაუფლებამოსილი პირების შეჭრა უბანზე - 1.
საოლქო საარჩევნო კომისიებში წარდგენილი საჩივრებიდან 29 შემთხვევაში - მოთხოვნილ იქნა კენჭისყრის შედეგების ბათილობა, 50 შემთხვევაში - საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმების ბათილობა, 71 შემთხვევაში - კენჭისყრის შედეგების გადასინჯვა, 189 შემთხვევაში - საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების დისციპლინარული პასუხისმგებლობა, 16 შემთხვევაში - საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.
საოლქო საარჩევნო კომისიებში წარდგენილი საჩივრებიდან დაკმაყოფილდა 70, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა - 61 და არ დაკმაყოფილდა - 37.
საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ მიღებული უარყოფითი გადაწყვეტილებები საიამ სასამართლოში გაასაჩივრა. ამჟამად კენჭისყრის დღის შემდეგ პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილ იქნა სულ 29 სარჩელი, ხოლო სააპელაციო სასამართლოებში - 9 სააპელაციო საჩივარი.
საარჩევნო სუბიექტების სახელით და მათი ინტერესების დასაცავად საიამ სასამართლოს 3 შემთხვევაში მიმართა.
დადებით შეფასებას იმსახურებს საბურთალოს #3 საოლქო საარჩევნო კომისიის საქმიანობა, რომელმაც პროაქტიულად შეისწავლა დარღვევები. ასევე პოზიტიურად უნდა შეფასდეს ხონის რაიონული სასამართლოს მოსამართლის მოქმედება, რომელმაც ბიულეტენები თავად გადათვალა და შემაჯამებელ ოქმში არსებული უზუსტობები დაადგინა.
კონკრეტული დარღვევების დაფიქსირებასთან ერთად, გვსურს რამდენიმე ზოგად ტენდენციას გავუსვათ ხაზი:
საუბნო საარჩევნო კომისიები:
• მთელ რიგ შემთხვევებში, საუბნო კომისიის წევრების კვალიფიკაციის დაბალი დონე და საქმისადმი არაპროფესიული მიდგომა გამოვლინდა;
• საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს ყველაზე მეტად კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების შევსება და ბალანსის გამოყვანა გაუჭირდათ;
• კომისიები არ იყო აღჭურვილი სათანადო ტექნიკური საშუალებებით, რის გამოც ვერ ხდებოდა შემაჯამებელი ოქმების ცესკოში დროულად გადაგზავნა;
საოლქო საარჩევნო კომისიები:
• საოლქო კომისიები იშვიათ შემთხვევაში იჩენდნენ ინიციატივას დაინტერესებულ პირთა საჩივრის არსებობის გარეშე, პროაქტიულად შეესწავლათ შესაძლო დარღვევები და მოეხდინათ მათზე შესაბამისი რეაგირება.
• საოლქო საარჩევნო კომისიები, ცალკეული შემთხვევების გარდა, არ იყვნენ მოწოდებულნი დეტალურად შეესწავლათ საიას მიერ წარდგენილი საჩივრები, მოეხდინათ საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების გამოკვლევა და მტკიცებულებათა ჯეროვანი შესწავლა/შეფასება;
• მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტულ შემთხვევებში არსებული დარღვევები შესაბამისი მტკიცებულებებით იყო გამყარებული, საოლქო საარჩევნო კომისიები არ აკმაყოფილებდნენ საჩივარში დაყენებულ მოთხოვნებს.
• ცალკეულ შემთხვევებში საოლქო საარჩევნო კომისიები უარს აცხადებნენ მტკიცებულებების მიღებაზე.
• საოლქო საარჩევნო კომისიები საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელ ოქმებზე დაშვებულ არსებითი ხასიათის უზუსტობებს ასწორებდნენ და უბნის შემაჯამებელ ოქმებს შესწორების ოქმებს მოგვიანებით ოლქში ურთავდნენ. აღნიშნულის გამო მთელ რიგ შემთხვევებში, საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ გაცემული შემაჯამებელი ოქმები განსხვავდებოდა უბანში გაცემული ოქმებისგან;
• საოლქო საარჩევნო კომისიები უდავო და ზოგჯერ ერთადერთ მტკიცებულებად საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების ახსნა - განმარტებებს მიიჩნევდნენ;
• მიუხედავად დარღვევის სიმძიმისა, საოლქო საარჩევნო კომისიები უპირატესობას დისციპლინური პასუხისმგებლობის მსუბუქი ზომების გამოყენებას ანიჭებდნენ და კანონით გათვალისწინებულ უფრო ადეკვატურ ღონისძიებებს არ მიმართავდნენ (მაგალითად, ადმიანისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების შედგენა);
• საოლქო კომისიებში საუბნო კომისიებიდან დალუქული საარჩევნო დოკუმენტაციის მიღება ქაოტურ ხასიათს ატარებდა და პროცესი ნაკლებად ორგანიზებული იყო;
• დაფიქსირდა საარჩევნო დოკუმენტაციის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების გარეშე ან ამ აქტის მოგვიანებით გაფორმების შემთხვევები.
ცენტრალური საარჩევნო კომისია:
• ცესკომ ვერ უზრუნველყო უბნებიდან შემოსული კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების ასლების ცესკოს ვებ გვერდზე დაუყოვნებლივი განთავსება, რითაც დაირღვა საარჩევნო კოდექსის 76-ე მუხლის მე-4 და მე-8 პუნქტების მოთხოვნები;
• ცალკეულ შემთხვევებში დაფიქსირდა განსხვავებები ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ შემაჯამებელი ოქმის მონაცემებსა და ცესკოს ვებ გვერდზე განთავსებულ შედეგების ცხრილის მონაცემებს შორის, რაც, სავარაუდოდ, ტექნიკური ხასიათის შეცდომები იყო;
გამოკვეთილი პრობლემებიდან და დაფიქსირებული დარღვევებიდან გამომდინარე, წარმოგიდგენთ რეკომენდაციებს, რომელიც ჩვენი მოსაზრებით, დაეხმარება საარჩევნო ადმინისტრაციას განამტკიცოს მიღწევები და აღმოფხვრას ის დარღვევები, რომელიც 2014 წლის ადგილობრივი
თვითმმართველობის არჩევნებს ახასიათებდა:
• შემცირდეს საუბნო კომისიის წევრთა რაოდენობა;
• დაწესდეს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სერტიფიცირების ვალდებულება;
• სერტიფიცირების შედეგების მიხედვით მოხდეს კომისიის წევრთა შერჩევა;
• გადაიხედოს (გაიზარდოს) საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ანაზღაურების საკითხი;
• გაგრძელდეს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა კვალიფიკაციის ამაღლება და ტრენინგების მოდულებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს არჩევნების დღისა და საარჩევნო დოკუმენტაციის წარმოების სათანადოდ შესწავლას;
• მიღებულ იქნეს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების შევსების ერთგვაროვანი წესი;
• მოხდეს საუბნო საარჩევნო კომისიების ტექნიკური საშუალებებით სათანადო აღჭურვა, რათა მოხდეს შემაჯამებელი ოქმების დაუყოვნებლივი გადაგზავნა ცესკოში;
• საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ მოხდეს საჩივარში ასახული დარღვევების დეტალური შესწავლა, მტკიცებულებათა ჯეროვანი გამოკვლევა და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება;
• შემაჯამებელი ოქმების გადასწორების შემთხვევაში გამოყენებულ იქნეს საარჩევნო კოდექსით დადგენილი ადმინისტრაციული პასუხიმგებლობის ზომები;
• საარჩევნო დოკუმენტაციის საოლქო საარჩევნო კომისიაში მიღების დროს აუცილებლად მოხდეს მიღება-ჩაბარების აქტების შედგენა;
• ცესკომ მოახდინოს შემაჯამებელი ოქმების ვებ-გვერდზე დაუყოვნებლივი ატვირთვა და შედეგების ცხრილებში შემაჯამებელ ოქმებში დაფიქსირებული მონაცემების ზუსტი ასახვა;
საია აგრძელებს საარჩევნო ადმინისტრაციასა და სასამართლოებში საჩივრების განხილვის მონიტორინგს, რის შესახებაც საზოგადოებას დამატებით ინფორმაციას მივაწვდით. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ მთლიანობაში არჩევნების შეფასება მხოლოდ კენჭისყრის დღის მიხედვით არასწორი და არასრული იქნება. შედეგების შეჯამების შემდეგ საია წარმოადგენს მთლიან ანგარიშს, სადაც გაანალიზებული იქნება არჩევნების მთლიანი სურათი წინასაარჩევნო პერიოდის, კენჭისყრის დღის, დავების განხილვისა და არჩევნების შედეგების შეჯამების პროცესის ჩათვლით. აღნიშნული ანგარიშის საფუძველზე საია საარჩევნო ადმინისტრაციასა და ხელისუფლებას მიაწვდის შესაბამის რეკომენდაციებს.
საიას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების კენჭისყრისა და შემდგომი პერიოდის მონიტორინგის მისიის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით „ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს“ (USAID)-ის დაფინანსებით. განცხადებაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას” და შესაძლოა, არ გამოხატავდეს USAID-ის ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.