იანვრისა და თებერვლის თვეში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის მხარდაჭერით ჩოხატაურის, ოზურგეთისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტისთვის პოლიტიკის დაგეგმვის, მონიტორინგისა და შეფასების ტრენინგები ჩაატარა.
ტრენინგების მიზანი იყო საკრებულოებისა და მათი კომისიების მიერ შედეგზე ორიენტირებული ინსტიტუციური პოლიტიკის დაგეგმვის ხელშეწყობა და საკრებულოს წევრებისა და აპარატის თანამშრომლებისთვის შესაბამისი უნარების განვითარებით პოლიტიკის განხორციელების პროცესის მონიტორინგის გაუმჯობესება. ტრენინგში მონაწილეობას იღებდნენ ჩოხატაურის, ოზურგეთისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და კომისიების თავმჯდომარეები, ფრაქციის წევრები და აპარატის თანამშრომლები.
„ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტებმა დამოუკიდებლად შეძლონ შედეგზე ორიენტირებული და მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის წარმოება, ადგილობრივი პოლიტიკის დაგეგმვის, მონიტორინგის და შეფასების დოკუმენტების შექმნა. მოხარული ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა მონაწილეობა მიმეღო USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში ჩატარებულ ტრენინგში, სადაც სტრატეგიების, სამოქმედო გეგმების და სხვა პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების არსებულ სტანდარტებს, თეორიასა და პრაქტიკულ მაგალითებს გავეცანით, რასაც კიდევ უფრო საინტერესოს ხდიდა სიმულაციური სავარჯიშოები. ჩემთვის, როგორც საკრებულოს წევრისთვის და კომისიის თავმჯდომარისთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო, რადგან აღნიშნული პროგრამის ფარგლებში გვეძლევა საშუალება გავაუმჯობესოთ არსებული პოლიტიკის დოკუმენტების ხარისხი და ადგილობრივ დონეზე მდგრადი განვითარების მიზნები უფრო მიღწევადი გავხადოთ.“- მარინე ბერაძე, ჩოხატაურის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე.
საია USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის მხარდაჭერით პარტნიორ მუნიციპალიტეტებში ახორციელებს პროექტს საკრებულოების საზედამხედველო ფუნქციების გაუმჯობესების შესახებ. პროექტის მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ანგარიშვალდებულების განმტკიცება, მათ შორის ურთიერთთანამშრომლობის გაზრდა და აღმასრულებელ ორგანოზე საკრებულოს ზედამხედველობის გაძლიერება, რაც ხელს შეუწყობს მოქალაქეების ინტერესების უკეთ გათვალისწინებას, ადგილობრივი თვითმმართველობის პროცესში.
საია, USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში, აგრძელებს მუშაობას საკრებულოს საზედამხედვლო როლის გასაძლიერებლად. ამ მიზნით საია სამიზნე მუნიციპალიტეტებს დაეხმარება, რომ გააუმჯობესონ საკრებულოს კომისიების სამოქმედო გეგმები (სამუშაო გეგმა), რომელიც საიას მხრიდან ფოკუსირებული იქნება საზედამხედველო მექანიზმის გამოყენებაზე. საია გაუწევს ტექნიკურ და სამართლებრივ კონსულტაციას თითოეულ კომისიას, წლიურ/კვარტალურ გეგმაში, არსებული სტანდარტების შესაბამისი ჩარჩო პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავებაში.