სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია აღმოსავლეთ პარტნიორობის ეროვნული პლატფორმის შესაქმნელად დაინტერესებულ ორგანიზაციებს იწვევს

2010-09-27 12:57
Featured image

ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის ინიციატივის ფარგლებში 2009 წელს ჩამოყალიბდა სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი. ფორუმის შემადგენლობაში შედიან სამოქალაქო-საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, ბელორუსიდან, მოლდავეთიდან, სომხეთიდან და უკრაინიდან; ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან; ასევე, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ფორუმმა ხელი უნდა შეუწყოს პარტნიორი ექვსი ქვეყნის სამოქალაქო-საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარებას, მათ შორის თანამშრომლობას, საჯარო დაწესებულებებთან დიალოგს, აღმოსავლეთის პარტნიორობის მიზნების მიღწევას პარტნიორ ქვეყნებში.

2009 წლის ბრიუსელის ფორუმზე საქართველოს ეროვნულ კოორდინატორად არჩეულ იქნა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) თავმჯდომარე.
სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ეფექტიანი საქმიანობისთვის აუცილებელია თითოეულ პარტნიორ ქვეყანაში შეიქმნას ეროვნული პლატფორმა.
ეროვნული პლატფორმის ფუნქციებია :

1) აღმოსავლეთის პარტნიორობის თემატური პლატფორმებისა და სპეციალური ინიციატივების მიმდინარეობის ხელშეწყობა საქართველოში;
2) სამოქალაქო საზოგადოების ფორუმზე საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ინტერესების წარდგენისა და ფორუმის საქმიანობისთვის ხელის შეწყობა.
ეროვნული პლატფორმის ჩამოსაყალიბებლად საია იწვევს საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციებს, პროფესიულ გაერთიანებებს, საქართველოში დაფუძნებულ საერთაშორისო სამოქალაქო-საზოგადოებრივ ორგანიზაციებს.

გთხოვთ იხილოთ თანდართული ,,განაცხადი აღმოსავლეთ პარტნიორობის განხორციელების პროცესში ჩართვის მსურველი სამოქალაქო საზოგადოების წევრებისათვის’’ და ,,აღმოსავლეთის პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის კონცეფცია”.
 

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა : 10 ოქტომბერი 2010